თქვენი ორგანიზმი მშობიარობისათვის ემზადება. ხანდახან საშვილოსნოს შეკუმშვები განსხვავდებიან იმათგან, რომელსაც თქვენ დაეჩვიეთ. მოდით გავარჩიოთ მშობიარობის ეტაპები ასეთი სულ სამია
1. ყელის გახსნის სტადია
იწყება საშვილოსნოს რეგულარული შეკუმშვებით, რომელსაც შეტევებსაც უწოდებენ. შეტევების ძალა და სიხშირე ნელ–ნელა მატულობს. ამ დროს ხდება საშვილოსნოს ყელის გახსნა. ყელის კედლები ხდება უფრო თხელი, მისი პირი კი იხსნება. საშვილოსნოს კუნთები ნელ–ნელა ემზადებიან ნაყოფის გარეთ "გამოსაძევებლად"
ბევრი ქალი ზუსტად ვერ ხვდება დაიწყო თუ არა მშობიარობა. ზოგი ცრუ განგაშს ტეხს პატარა შეკუმშვაზეც, ზოგს კი სამშობირო მოქმედების დაწყების ტკივილები გაცივების ბრალი ჰგონია, ზოგსაც კი ძილის დაუძლეველი სურვილი უჩნდება. ამიტომ შეტევების დაწყებისას გაზომეთ მათი ხანგრძლივობა და ინტერვალები შეტევებს შორის. თუ ინტერვალი მცირდება და ხანგრძლივობა მატულობს, ე.ი. სამშობიარო მოქმედება დაიწყო. სხვა ნიშნებზე ცოტა ქვემოთ გვექნება საუბარი.
მაშ ასე, შეტევები გაძლიერდება და გახშირდება. ეს არის პირველი ფაზის აქტიური სტადია. ამის შემდეგ მოდის ხანმოკლე გარდამავალი პერიოდი. აი ეს არის ყველაზე მძიმე. შეტევები ხდება ზედიზედ, მაგრამ მათი ძალა აღარ მატულობს. ამ დროს ყელი ბოლომდე იხსნება.
თქვენ სამშობიაროში უნდა მოხვიდეთ აქტიურ ფაზაში.
2. გამოძევების ფაზა.
ქალთა უმეტესობას ეს ფაზა ყველაზე უფრო მოსწონს. ამ დროს ყელი ბოლომდე გახსნილია და საშვილოსნოს ფუძის კუნთოვანი "პლატფორმა" ნაყოფის გამოძევებას ცდილობს. ამ დროს თქვენც იწყებთ ჭინთვებს. ეს არის მუცლის პრესის და მენჯის კუნთების შეკუმშვა, რომელიც ეხმარება საშვილოსნოს ნაყოფის გამოძევებაში. ამ დროს ქალი გრძნობს რომ სწორედ ის არის მთავარი მოქმედი გმირი მშობიარობის პროცესში.
თუ გაუტკივრება არ არის გაკეთებული, მაშინ კარგად მოხვდებით, რა დაუძლეველი ძალაც არის სამშობიარო ჭინთვები. თუ გაუტკივრება გაკეთდა, მაშინ ასეთი შეგრძნება შეიძლება არც გქონდეთ. ასეთ დროს მეანი შეგახსენებთ როდის უნდა გაიჭინთოთ.
ამ სტადიის ბოლოს ხდება ბავშვის დაბადება.
3. მომყოლის სტადია.
ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე ხანში ისევ გაქვთ ჭინთვის სურვილი – ეს არის მომყოლის დაბადება(პლაცენტა და ნაყოფის გარსები).
კომუნისტების დროს, როდესაც ჯანდაცვა უფასო იყო, არსებობდა სამშობიარო მოქმედების მეოთხე სტადიაც – ფულის აღების. ახლა ეს სტადია როგორც წესი, დასაწყისშია გადატანილი.
ამ ვადისათვის პატარას წონა 2 კგ–ზე მეტია, სიგრძე 42,5 სმ.
მასალა მოგვაწოდა medea.ge