მუშაობა გრძელდება. ათასობით კვერცხუჯრედს შორის უკვე ექოსკოპიურადაც გამოირჩევა "ლიდერი". როგორც წესი ეს ერთი კვერცხუჯრედია, რომელიც მოთავსებულია განსაკუთრებულ სითხით სავსე ბუშტუკში. მას გრააფის ბუშტუკსაც უწოდებენ(ფოლიკულსაც). კვირის ბოლოს ეს ბუშტუკი ისე გაიზრდება, რომ მისი ზედაპირი საკვერცხიდან გამოვა. ყოველივე ეს არის ოვულაციისათვის მზადება.
ოვულაცია არის გრააფის ბუშტუკის გასკდომის პროცესი და კვერცხუჯრედის გადმოსვლა მუცლის ღრუში. გადმოსვლის შემდეგ კვერცხუჯრედი როგორც წესი ხვდება ფალოპის მილში, სადაც შესაძლებელია მისი სპერმატოზოიდთან შეხვედრა და განაყოფიერება. ყოფილი გრააფის ბუშტუკის ადგილას კი ყალიბდება სპეციალური წარმონაქმნი – ყვითელი სხეული. დაიმახსოვრეთ ეს ტერმინი. ყვითელი სხეული აუცილებელია ორსულობის ჰორმონალური უზრუნველყოფისათვის. ამიტომ მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ყვითელი სხეულია "დამნაშავე" ორსულთა ტოკსიკოზში პირველ ტრიმესტრში.
როგორც წესი ოვულაცია მოხდება შემდეგი კვირის დასაწყისში. შესაძლებელია, თუმცა ნაკლებადალბათური, რომ მოხდეს ამ კვირის ბოლოსაც. ზოგიერთი ქალი ოვულაციას გრძნობს – აქვს ცალმხრივი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. უფრო ზუსტად ოვულაციის დღის დაგენა შეიძლება ბაზალური ტემპერატურის (სწორ ნაწლავში ტემპერატურის) გაზომვით, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში ამის აუცილებლობა არ არსებობს. დაიმახსოვრეთ, რომ მეორე კვირის ბოლო–მესამის დასაწყისი საუკეთესო დრო განაყოფიერებისათვის.
ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი:
·ამ მომენტის წინ სასურველია 2–3 დღიანი "შესვენება" სქესობრივი კავშირებისაგან. ეს საშუალებას მისცემს მამაკაცს, "დააგროვოს" სპერმატოზოიდების შედარებით დიდი რაოდენობა, თუმცა წყვილთა უმეტესობისათვის ასეთი რამ სავალდებულო სულაც არ არის.
·სქეობრივი კავშირის წინ არ არის სასურველი ზედმეტად აქტიური ტუალეტი ქალის სასქესო ორგანობისათვის. განსაკუთრებით ეს ეხება საშოს შიგნიდან გამობანას, რაც არასწორი, მავნე ჩვევაა.
·საუკეთესო პოზა განაყოფიერებისათვის არის მისიონერის (მამაკაცი ზემოდან) ან "მამაკაცი უკნიდან". განაყოფიერების ალბათობა იზრდება, თუ ქალი დარჩება დაწოლილი 20–30 წთ წამოწეული მენჯით. ამისათვის შეიძლება ბალიშის ამოდება მენჯის ქვეშ.
·ქალის მიერ ორგაზმის მიღწევა მნიშვნელოვნად ზრდის განაყოფიერების ალბათობას,
·და ბოლოს იმის შესახებ, ბიჭი გვინდა თუ გოგო. ჩვენი რჩევაა სიხარულით მიიღეთ ორივე, თუკი ჯანმრთელი იქნება. რამდენი ხნის წინ დაწერა შოთამ:
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია
ყველანაირი კალენდრები, ასტროლოგიური გამოთვლები, დიეტები და ა.შ. არის არასწორი. ერთადერთი, შედარებით მაღალალბათური არის სპერმატოზოიდთა დაყოფა ულტრაცენტრიფუგით. ბიჭის Y ქრომოსომიანი სპერმატოზოიდები უფრო მსუბუქია და ამიტომ შესაძლებელია მისი X ქრომოსომიანი სპერმატოზოიდებისაგან დაცილება, მაგრამ ამ დროს ჯერ ერთი ბუნებრივი გზით ჩასახვა აღარ ხდება (მხოლოდ საშვილოსნოსშიდა ინსემინაციით) და 100%–იანი არც ეს საშუალება არ არის. იგი მხოლოდ 70%:–მდე (ბუნებრივად 50%–ია) ზრდის სასურველი სქესის ბავშვის დაბადების ალბათობას.
100%–ით სქესის დაგეგმვა მხოლოდ IVF პროცედურით მიიღწევა. ხელოვნური განაყოფიერებით სინჯარაში მიიღება რამდენიმე 8 უჯრიანი ემბრიონი, ამ ემბრიონებს აცლიან 2 უჯრედს და ატარებენ მოლეკულურ–ბიოლოგიურ გამოკვლევას პჯრ მეთოდით, შემდეგ კი სასურველი სქესის ემბრიონებს გადაიტანენ დედის საშვილოსნოს ღრუში.
სქესის დაგეგმვის არცერთი ამ მეთოდთაგანი არ არის თბილისში დანერგილი
პირველი კვირის რეკომენდაციები ახლაც ძალაშია.
თუ უკვე არ ყოფილხართ, ამ კვირაში მაინც მიმართეთ ექიმ გინეკოლოგს.
მასალა მოგვაწოდა medea.ge