ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირება იწყება ასიმპტომური სტადიით, რასაც შემდგომში მოყვება იმუნური ფუნქციების ეტაპობრივი დაზიანება და შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის ჩამოყალიბება (შიდსი). აივ-ინფიცირებასა და შიდსის განვითარებას შორის პერიოდი მკურნალობის გარეშე მერყეობს რამოდენიმე თვიდან 17 წლამდე.
2006 წელს საქართველოში გამოვლინდა 217 აივ-ინფიცირებული ქალი. 1,4%- დაინფიცირდა ვირუსის ვერტიკალურად (დედიდან ბავშვზე) გადაცემის გზით.
თუ არ ჩატარდა შესაბამისი ინტერვენციები, ტრანსმისია დედიდან ბავშვზე აღინიშნება შემთხვევათა 25,5%-ში. ზიდოვუდინით ანტირეტროვირუსული მკურნალობის შემდეგ ეს მაჩვენებელი შემცირდა 8%-მდე. ინტერვენციების კომბინაციას (ანტირეტროვირუსული მკურნალობა, საკეისრო კვეთა და ძუძუთი კვებისაგან თავის შეკავება) შეუძლია ტრანსმისიის რისკის დაქვეითება 1%-მდე. დღევანდელ დღეს ხელმისაწვდომი აივ-ტესტების მგრძნობელობა და სპეციფიურობა შეადგენს 99%.
ანტენატალურ პერიოდში დედიდან ბავშვზე ვერტიკალური ტრანსმისიის შესამცირებლად შემოთავაზებულია ანტირეტროვირუსული მკურნალობა, გეგმიური საკეისრო კვეთა და მშობიარობის შემდეგ ძუძუთი კვებისაგან თავის შეკავება. 2006 წლიდან საქართველოში ყველა ორსულისათვის ანტენატალურ პერიოდში რეკომენდებულია აივ-ტესტის ჩატარება.
მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა