სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ეს დაავადება ხასიათდება გორგლოვანი სისხლძარღვების დაზიანებით, მიმდინარეობს მწვავედ ან ქრონიკულად გამწვავებითა და რემისიებით.

 

 

გლომერულონეფრიტი ერთ-ერთი ხშირი დაავადებაა. მწვავე გლომერულონეფრიტი შეიძლება განვითარდეს ყველა ასაკში, თუმცა უმეტესად იგი 40 წლამდე ასაკის პირებს ემართებათ. აღნიშნული დაავადება უხშირესად ანგინის, ტონზილიტის, ზემო სასუნთქი გზების ინფექციების, ქუნთრუშისა და სხვ. შემდეგ ვითარდება. ამ დაავადების განვითარებაში დიდი როლი მიუძღვის სტრეპტოკოკებს. ცხელი კლიმატის ქვეყნებში გლომერულონეფრიტს ხშირად წინ უძღვის კანის სტრეპტოკოკული დაავადებები. ის შეიძლება განვითარდეს პნევმონიების შემდეგ (მათ შორის სტაფილოკოკური), დიფტერიის, მუცლის და პარტახტიანი ტიფის, ბრუცელოზის, მალარიის და ზოგიერთი სხვა ინფექციის შემდეგ.

 

შესაძლებელია გლომერულონეფრიტის განვითარება ვირუსული ინფექციის ფონზე, ვაქცინისა და შრატის შეყვანის შემდეგ (შრატისმიერი და ვაქცინისმიერი ნეფრიტები). აგრეთვე ორგანიზმის გაცივების შედეგად ნესტიან გარემოში (სანგრის ნეფრიტი). ზოგ შემთხვევაში რამდენიმე დღის განმავლობაში შარდი არ გამოიყოფა. შემთხვევათა 80-90%-ში შეშუპებები დაავადების ადრეული ნიშანია. იგი ვლინდება უმეტესად სახეზე და კანის სიფერმკრთალესთან ერთად ქმნის დამახასიათებელ “ნეფრიტიკის სახეს”. ხშირად სითხე გროვდება ღრუებშიც (პლევრალურ, მუცლის, პერიკარდში).

 

1/3 შემთხვევაში მწვავე გლომერულონეფრიტები გადადის ქრონიკულ დაავადებაში. ქრონიკული გლომერულონეფრიტი – ხანგრძლივი მიმდინარეობის (არანაკლებ 1 წელი) ორმხრივი დაავადებაა, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ ზოგჯერ მთავრდება თირკმლის შეჭმუხვნითა და თირკმლების ქრონიკული უკმარისობით. იგი შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც მწვავე ნეფრიტის შემდეგ, ასევე თავიდანვე.

 

გლომერულონეფრიტის ყველა ფორმა პერიოდულად შეიძლება გამწვავდეს. განსაკუთრებით შემოდგომასა და გაზაფხულზე გამღიზიანებლის მოქმედებიდან 1-2 დღე-ღამის შემდეგ. ნებისმიერი მიმდინარეობის დროს დიფუზური გლომერულონეფრიტი გადადის საბოლოო სტადიაში - ვითარდება შეჭმუხნული თირკმელი.

 

შარდის შეკავება: შეიძლება გამოწვეული იყოს შარდსასქესო სისტემის სხვადასხვა დაავადებით, რომლებიც იწვევენ შარდსადენი ხვრელის დახშობას (წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, სიმსივნეები, შარდკენჭოვანი დაავადებისა და სხვ.). შარდის შეკავება შეიძლება განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების დროს, შორისისა და სწორი ნაწლავის ანთებითი დაავადებებისა, აგრეთვე მენჯის ძვლების ტრავმის დროს საშარდე გზების დაზიანების შემთხვევაში.

 

სიმპტომები. მოშარდვის ხშირი სურვილი, შარდის ბუშტის გადავსების შეგრძნება, ტკივილი შორისისა და ბოქვენზედა მიდამოში. ავადმყოფის პოზა თავისებურია: ავადმყოფი იხრება, ცდილობს ისუნთქოს ზედაპირულად.

 

მკურნალობა. შედგება 2 ეტაპისაგან. აუცილებელია შარდის ბუშტიდან შარდის ევაკუაცია კათეტერის ჩადგმით ან პუნქციით, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ოპერაციული ჩარევაც. მე-2 ეტაპია – გამომწვევი მიზეზის დადგენა და შეძლებისდაგვარად მისი აღმოფხვრა. მასალა მოამზადა შალვა მშვილდაძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player