სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თირკმლების მწვავე უკმარისობა – ეს არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება აზოტემიის მკვეთრი განვითარებით, წყალ-მარილოვანი ბალანსისა და მჟავე-ტუტოვანი თანასწორობის დარღვევით. აღნიშნული ცვლილებები შედეგია თირკმლებში სისხლის ნაკადის, გორგლოვანი ფილტრაციისა და მილაკოვანი რეაბსორბციის მძიმე დარღვევით.

გამოყოფენ პრერენალურ, რენალურ და პოსტრენალურ თირკმლის უკმარისობას. პირველ ტიპს მიეკუთვნება თირკმლების მწვავე უკმარისობა, რომელიც ვითარდება არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნისას (შოკი, კარდიოგენური შოკი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ძლიერი გაუწყლოება). რენალურ მწვავე უკმარისობას იწვევს თირკმელზე ზოგიერთი ნივთიერების ტოქსიური ზემოქმედება (სულემა, ტყვია, ბენზინი, ანილინი, 4-ქლორიანი ნახშირბადის ნაერთი, ანტიფრიზი), ტოქსიკო-ალერგიული რეაქციები (ანტიბიოტიკები, რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების შეყვანა, სულფანილამიდები, ნიტროფურანი, სალიცილატები), თირკმლების მწვავე დაავადებები (გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი). პოსტრენალური თირკმლების უკმარისობა ვითარდება კენჭებით ან სიმსივნით შარდსაწვეთის დახშობისას, შარდის მწვავე შეკავების (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, შარდის ბუშტის სიმსივნე და სხვ.). თირკმლების მწვავე უკმარისობის ხშირი მიზეზებია გინეკოლოგიური პათოლოგიები (სეპტიური აბორტი, პათოლოგიური მშობიარობა), ხანგძლივი ზეწოლის სინდრომი, გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების დაავადებები (მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტის განშრევებადი ანევრიზმა).

 

თირკმლის მწვავე უკმარისობის სიმპტომები და მიმდინარეობა.

 

გამოყოფენ 4 პერიოდს – გამომწვევი მიზეზის საწყისი მოქმედების ეტაპი, ოლიგოანურიული (შარდის რაოდენობის მკვეთრი შემცირება და მისი შეწყვეტა), შარდის გამოყოფის აღდგენის სტადია და გამოჯანმრთელება. პირველ პერიოდში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტემპერატურის მომატებას, შემცივნებას, არტერიული წნევის ვარდნას, ჰემოგლობინის დაცემას, ჰემოლიზურ სიყვითლეს, რომელიც ვითარდება აბორტით გამოწვეული სეფსისის დროს. მეორე პერიოდი – შარდის მკვეთრი შემცირება ან მისი სრული შეწყვეტა დგება გამომწვევი მიზეზის ზემოქმედებისაგან. იზრდება აზოტოვანი წიდები სისხლში, ვითარდება ღებინება, გულისრევა. შეიძლება განვითარდეს კომა (უგონო მდგომარეობა). ორგანიზმში Nა-ის იონების და წყლის შეკავების გამო შეიძლება განვითარდეს ფილტვების ან ტვინის შეშუპება და ასციტი (სითხის დაგროვება მუცლის ღრუში). 2-3 კვირის შემდეგ თანდათანობით აღდგება დიურეზი. ამ დროს შარდის რაოდენობა აღემატება 2ლ დღე-ღამეში. 3-4 კვირის შემდეგ აზოტოვანი წიდების კონცენტრაცია სისხლში მცირდება და იწყება გამოჯანმრთელობის პერიოდი, რომელიც გრძელდება 6-12 თვე.

 

თირკმლის მწვავე უკმარისობის ამოცნობა:

კლინიკური სურათის შესწავლა, დიურეზის, სისხლში აზოტოვანი წიდების მომატებით, ელექტროლიტური ბალანსისა და ტუტე-მჟავიანობის წონასწორობის დადგენა.

 

მკურნალობა:

აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. შეიძლება გამოყენებულ იქნეს დეტოქსიკაციის მეთოდები (ჰემოდიალიზი, პერიტონიალური დიალიზი ჰემოსორბცია), დიეტა ცილების მკვეთრი შეზღუდვით (15-20გ დღე-ღამეში), ნახშირწყლები დიდი რაოდენობით, ბოსტნეული და ხილი. კონსერვატიული თერაპია: პოლიგლუკინის, რეოპოლიგლუკინის, ალბუმინის, კალციუმის გლუკონატების, შარდმდენების, ნატრიუმ-ბიკარბონატის შეყვანა.

 

მასალა მოამზადა შალვა მშვილდაძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player