სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თირკმლის ქრონიკული უკმარისობა – ეს თირკმლის ფუნქციის თანდათანობითი და მუდმივი გაუარესებაა, როდესაც მას არ ძალუძს ორგანიზმის შიდა გარემოს ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნება.

ეს არის საბოლოო სტადია ნებისმიერი პროგრესირებადი დაავადებებისა, რომელიც ხასიათდება თირკმლების დაზიანებით (ქრონიკული გლომერულონეფრიტი, ქრონიკული პიელონეფრიტი, ინტერსტიციალური ნეფრიტი, შარდკენჭოვანი დაავადება, ჰიდრონეფროზი, საშარდე გზების სიმსივნეები, ავი ჰიპერტონია, თირკმლის არტერიების სტენოზი, სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია, ჰემორაგიული ვასკულიტი, შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, თირკმლის პოლიკისტოზი და სხვ.).

სიმპტომები და მიმდინარეობა.

თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს ხდება აზოტოვანი ცვლის საბოლოო პროდუქტების გამოყოფის, წყლისა და მარილოვანი ცვლის, მოშლა და ტუტე-მჟავიანობის წონასწორობის დარღვევა. აქედან გამომდინარე ავადმყოფები უჩივიან საერთო სისუსტეს, გულისრევას, თავბრუსხვევას, პირის სიმშრალეს, კანის ქავილს, ხშირ შარდვას უხშირესად ღამით, მადის დაქვეითებას, გემოს შეცვლას, სიგამხდრეს, გულის ფრიალს, ქოშინს, ზოგჯერ შეშუპებებს. შესაძლოა განვითარდეს ჰიპერტონია. სისხლში იმატებს შარდოვანას, კრეატინინის დონე, შარდის ხვედრითი წონა კი ქვეითდება.

ამოცნობა.

ანამნეზის საფუძველზე (წლების მანძილზე არსებული დაავადებები, რომლებიც იწვევენ თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას). სისხლში აზოტოვანი წიდების რაოდენობის მომატება, გორგლოვანი ფილტრაციის მკვეთრი დაქვეითება - ბიოქიმიური და რადიოიზოტოპური კვლევის მონაცემების საფუძველზე. მკურნალობა. ძირითადი მიზანია – ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩუნება და თირკმლების დაზიანების პროგრესირების შეჩერება. აუცილებელია სითხის იმ ადექვატური რაოდენობის მიღება, რომ გამოიყოფოდეს 2-3ლ შარდი დღე-ღამეში. მიზანშეწონილია შეიზღუდოს ჰიპერტონიის ფონზე მარილის ჭარბი რაოდენობა, ხოლო ჰიპერკალემიის დროს პაციენტმა არ უნდა მიიღოს გარგარის ჩირი, გამხმარი სოკო, შოკოლადი, კარტოფილი, პომიდორი, ქიშმიში. აზოტემიის დროს კი ცილის მიღების შემცირებაა აუცილებელი. მედიკამენტური მკურნალობა: ჰიპოტენზიური და შარდმდენი პრეპარატების მიღება, ჰემოგლობინის დაქვეითებისას – რკინის პრეპარატებისა და ფოლიუმის მჟავის, მკვეთრი ანემიისას – ერითროციტული მასის გადასხმა. გარდა ამისა ძირითადი დაავადების მკურნალობა.

 

მასალა მოამზადა შალვა მშვილდაძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player