ლიპომა (lipoma; ბერძ. lipos -ცხიმი+oma; სინონიმი: ცხიმულა, ლიპობლასტომა) - კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება ცხიმოვანი ქსოვილებისგან.
ლიპომა ხშირად აღენიშნებათ ქალებს 30-დან 50-წლამდე; ლოკალიზდება კანში, კანქვეშ, კუნთთაშორის, რეტროპერიტონულ, თირკმელის ირგვლის ქსოვილებში, სარძევე ჯირკვალში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებში, ფილტვებში, შუასაყარში, მიოქარდში, ტვინის გარსებში, ნერვული ღეროების ღრუში, ღვიძლში, საშვილოსნიში; ვითარდება ცხიმოვანი ქსოვილების დისემბრიოგენეზური ყლორტებიდან (ფურცლებიდან).
ლიპომა ხშირად მრავლობითია, ზოგჯერ ვითარდება სიმეტრიულად, რასაც ზოგიერთი ავტორი ხსნის ნეიროტროპული ცვლილებებით. ლიპომის ზრდა არაა დაკავშირებული ორგანიზმის ზოგად მდგომარეობასთან; ასე მაგალითად, გამოფიტვის დროს მათში გრძელდება ცხიმის დაგროვება. ლიპომა ზოგჯერ აღწევს დიდ ზომებს. ამ შემთხვევაში სიმსივნე ჩამოეკიდება, მისი ფუძე გამოიწელება წვრილი ფეხის სახით კანიდან (lipoma pendulum), რაც ქმნის სისხლის შეგუბების, შეშუპების, ნეკროზის და დაწყლულების პირობებს. რეტროპერიტონული ლიპომები ხშირად გვხვდება 40-დან 50-წლამდე ასაკის ქალებში; დიდი ზომები ზოგჯერ იძლევა მუცლის კლდიდან მისი პალპაციის საშვალებას.