ყველაზე ჭკვიანი გოგონებიც კი ხანდახან შეცდომებს უშვებენ! გადახედე ოთხ ყველაზე გავრცელებულ “გინო”-ლაფსუსს, რომელსაც თითქმის ყველა უშვებს. ამ თემაზე თითქმის ყველა ნომერში გესაუბრებით, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, კარგად იცი, რომ “ქვედა სართულს” განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციო. ალბათ არ გჭირდება იმის შეხსენება, რომ მაშინაც კი, თუ არაფერი გაწუხებს, გინეკოოგს წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მიმართო და ზოგადი დათვალიერების შემდეგ, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე გამოკვლევა ჩაიტარო.
თუმცა, ამ ყველაფრის გარდა, არსებობს პატარ-პატარა შეცდომები, რომლებსაც შესაძლოა ყურადღებას არც კი აქცევ (ეს თითოეულ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს), არადა, მათ შენი ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ. ნუ აღელდები! ჩვენ ხომ მუდმივად იმაზე ვფიქრობთ, რა თემაზე გჭირდება ყველაზე მეტად ჩვენი რჩევა და დახმარება.
ზღვის სეზონის დადგომისთანავე გინეკოლოგიური პრობლემები ძალიან აქტუალური ხდება. გარდა იმისა, რომ ზღვაზე დაინფიცირების საკმაოდ მაღალი შანსია, შენ მუდმივად გაცვია სველი საცურაო კოსტიუმი, რომელიც ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, ამ ნომერში, ჩვეული ერთი გვერდის ნაცვლად, “გინოს” სამი გვერდი დავუთმეთ. გადავწყვიტეთ, ამ თვეში უფრო ვრცლად გელაპარაკოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელსაც შენი გინეკოლოგი შესაძლოა გვერდს უვლიდეს.
“გინო”-შეცდომა 1
შენ უფლებას აძლევ მამაკაცს შეეხოს შენს ანუსს, შემდეგ კი V-ზონას
რა თქმა უნდა, შენი მამაკაცის ყოველ მოძრაობას ქორეოგრაფივით ვერ დადგამ და გააკონტროლებ. თუმცა ის აუცილებლად უნდა გააფრთხილო ისეთი ქმედებების შესახებ, რომლებიც შენს ჯანმრთელობას ემუქრება. როდესაც ის ხელით, ან პენისით ჯერ შენს ანუსს ეხება, შემდეგ კი ყველაზე მგრძნობიარე ზონას, დიდია შანსი, რომ შენს ვაგინაში და ურეთრაში ანალური ბაქტერიები მოხვდეს. ალბათ გესმის, რომ ფლორა, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივია ნაწლავებისთვის, საშოსთვის და შარდსაწვეთისთვის სერიოზული ინფიცირების წყაროა. სწორედ ნაწლავური ჩხირები იწვევს ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა ურეთრიტი (შარდსაწვეთის ანთება), ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება), ეს დაავადება ხშირად აღმავალი გზით მიდის და შესაძლოა თირკმელების დაავადებაც კი გამოიწვიოს.
ამის გამო ანუსს აკრძალულ ზონად ვერ გამოვაცხადებთ. უბრალოდ, გააფრთხილე შენი მამაკაცი შესაძლო საფრთხის შესახებ და თუ ის ამ ზონას შეეხო, ამის შემდეგ აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები და პრეზერვატივი იხმაროს, თუ ვაგინისკენ გადანაცვლებას აპირებს.
“გინო”-შეცდომა 2
V-ზონაზე პარფიუმის შემცველ საშუალებებს ხმარობ
მესმის, რომ ბიკინის ზონაზე გიწევს ზოგიერთი დამატენიანებელი საშუალების გამოყენება. ეპილაციის შემდეგ ამას გვერდს ვერ აუვლი. მაგრამ ისეთი ლოსიონების ან თხევადი საპნების მოხმარება, რომლებიც პარფიუმს შეიცავენ, კატეგორიულად აკრძალულია. როგორც ექიმები ამბობენ, კანი შენი ვაგინის გარშემო განსაკუთრებულად მგრძნობიარეა, პარფიუმირებული საშუალებები კი ისეთ ქიმიურ ელემენტებს შეიცავენ, რომლებიც ადვილად აზიანებენ კანის უჯრედებს. გარდა ამისა, სურნელოვანი ლოსიონი შეიცავს სპეციფიკურ ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს ბაქტერიების გავრცელებას და, შესაბამისად, შეიძლება ინფექციის წყარო გახდეს.
შენ უპრობლემოდ შეძლებ ისეთი ლოსიონის შეძენას, რომელიც არ შეიცავს პარფიუმს. ასეთი საშუალებები ძირითადად სააფთიაქო ქსელებში იყიდება. იქვე შეიძინე ინტიმური საპონი. არავითან შემთხვევაში არ იხმარო V-ზონაზე ტანის ჩვეულებრივი, თხევადი საპონი. ინტიმური გელის შეძენისასაც, ყოველი შემთხვევისთვის დარწმუნდი, რომ ის მცენარეულია და ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს.
“გინო”-შეცდომა 3
თავს ეაკულაციის წინ შეჩერებით იცავ მესმის, რომ რთულია სექსის დროს ყველაზე ცხელ მომენტში შეჩერდე და მამაკაცს პრეზერვატივის მორგება სთხოვო, მაგრამ “გარეთ ეაკულაცია” გამოსავალი ნამდვილად არ არის. ეს ზუსტად იმდენადვე გიცავს დაორსულებისგან, რამდენადაც გადაჯვა-რედინებული თითები. მოკლედ, ეს ლატარიაა!
როგორც სპეციალისტები ამბობენ, სითხე, რომელსაც შენი მამაკაცი ორგაზმის წინ გამოყოფს, უკვე შეიცავს სპერმას და, შესაბამისად, შენ ეაკულაციამდე რამდენიმე წუთით ადრე უკვე შეიძლება დაორსულდე. ასევე არსებობს საფრთხე, რომ შენმა მამაკაცმა ვერ გააკონტროლოს ორგაზმის დადგომის დრო. მე მის ოსტატობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ გაითვალისწინე, რომ ეს თავდავიწყების მომენტია და ამიტომ დაზღვეული არაფრისგან ხარ.
ვფიქრობ, გაცილებით ჭკვიანური გამოსავალია კონტრაცეპცია. კარგად შერჩეული ტაბლეტი ან სანთელი (იმის მიხედვით, თუ რა გირჩევნია) თითქმის 100 პროცენტით დაგიცავს არასასურველი ორსულობისგან. თუ სქესობრივი კონტაქტი დაუგეგმავად გაქვს და ტაბლეტით თავის დაცვა ვერ მოასწარი, აუცილებლად სთხოვე პარტნიორს პრეზერვატივი იხმაროს. L
“გინო”-შეცდომა 4
არასწორად იბან არ გეგონოს, რომ თუ ჰიგიენის უმარტივეს წესს იცავ და გენიტალიებს ხშირად იბან, ეს საკმარისია. ინტიმური ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო. ის, რაც პირველ რიგში უნდა გაითვალისწინო, ისევ შენი ანუსისა და ვაგინის მიკროფლორას ეხება. ეს ორი ზონა აუცილებლად სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა ხელით უნდა დაიბანო. ჯერ V-ზონა დაისუფთავე და წყლის ჭავლი აუცილებლად წინიდან უკან მიმართე. ისე, რომ წყალი შენი ბოქვენიდან დაბლა ჩაედინებოდეს. როდესაც ანუსის დასუფთავებაზე გადახვალ, შეეცადე ისე იჯდე ან იდგე, რომ წყალი წინ არ ჩამოგეღვაროს და V ზონას არ შეეხოს. აქაც სწორედ იმდენადვე ახლოს ხარ დაინფიცირებასთან, როგორც იმ შემთხვევაში, რომელზეც პირველ ქვეთავში ვისაუბრეთ.
მეორე: ეცადე თავიდან აიცილო ყოველ ჯერზე საპნის ან ინტიმური საშუალების ხმარება. საპონი სასურველია დღე-ღამეში მხოლოდ ერთხელ იხმარო, დანარჩენ შემთხვევაში კი უბრალოდ წყლით ან გვირილის ნაყენით დაიბანე. ყველაზე რბილი საპონიც კი შეიცავს სოდას და ისეთ მარილებს, რომლებიც ვაგინის სიმშრალეს იწვევენ. ამის შედეგად შესაძლოა ნახეთქები გაჩნდეს, შემდეგ კი დაზიანებული კანი ადვილად დაინფიცირდეს.
დაბოლოს, არავითარ შემთხვევაში არ გადაწყვიტო, რომ თუ აბაზანა მიიღე, შენი ინტიმური ადგილები თავისით დასუფთავდა და წყლის გადავლება საჭირო აღარ არის. აბაზანის შემდეგ აუცილებლად დაიბანე სასქესო ორგანოები და სასურველია, ინტიმური საპონიც გამოიყენო.
მასალა მოგვაწოდა COSMOPOLITAN