(რეგიონალური, ტერმინალური ილეიტი, გრანულომატოზური კოლიტი) - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული რეციდიული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხ/სხ. ნაწილის ანთებითი და გრანულომატოზურ-წყლულოვანი დაზიანება , უფრო ხშირად თეძოს ნაწლავის ტერმინალურ ნაწილში(ტერმინალური ილეიტი), იშვიათად - მსხვილ ნაწლავში (გრანულომატოზური კოლიტი).
კრონის დაავადების განვითარებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭებათ ინფექციურ და გენეტიკურ ფაქტორებს, ორგანიზმის იმუნოლოგიურ სენსიბილიზაციას და აუტოალერგიას.
კრონის დაავადებისათვის ძირითადად დამახასიათებელია რეგიონული ლიმფადენიტი, რომელსაც მივყავართ ნაწლავის კედლისა და ჯორჯლის ლიმფოსტაზამდე. დაზიანებული ნაწლავის კედელი გასქელებულია და შეშუპებული ჰიპერემული კედლებით. ანთებითი ინფილტრაცია იწყება ლორწქვეშა შრიდან და ვრცელდება ლორწოვანზე, კუნთოვან და სუბსეროზულ შრეებზე. ეს იწვევს ნაწიბურებისა და ფისტულების გაჩენას, ნაწლავის სანათური ვიწროვდება.
კრონის დაავადება ვითარდება ნელა, მიმდინარეობს ქრონიკულად და ხშირი რეციდივებით.
კრონის დაავადებისთვის დამახასიათებელია:
სისუსტე;
წონაში დაკლება;
ციებ-ცხელება;
ჰიპოქრომული ანემია;
ფიზიკური განვითარების ჩამორჩენა;
ხშირად აღინიშნება ტკივილი და დისპეპსია. განავალი თხელია , ხშირად ლორწოსა და სისხლის მინარევებით.
ტკივილი მუცლის არეში შესაძლებელია იყოს გაურკვეველი ლოკალიზაციის, თუმცა უფრო ხშირად იგი გვხვდება მარჯვენა მხარეს თეძოს ფოსოში(ტერმინალური ილეიტის დროს). მუცლის ღრუს პალპაციის დროს, დაზიანებული ნაწლავის სეგმენტის ადგილას , ისინჯება სიმსივნური წარმონაქმნი, რომლის მოძრაობა შეზღუდულია პროცეში ჯორჯლის ჩათრევის გამო. შესაძლებელია აღინიშნოს ანალური ქავილი, ნაპრალი, ფისტულები, აბსცესი. მძიმე ფორმების დროს აღინიშნება შეწოვის დაღვევის სინდრომი და დისბაქტერიოზი.
გართულებები. პერფორაცია, მასიური სისხლდენები, გარეთა და შიგნითა ფისტულები, ნაწლავის სტრიქტურა, ანთებითი ინფილტრატები. პროგნოზი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და გავრცელების ხარისხზე. ნაწლავის მძიმე ფორმის დაზიანებისას გამოსავალი არაკეთილსაიმედოა. გაურთულებელ კრონის დაავადებას მკურნალობენ კონსერვატიულად, ხოლო ოპერაციულად მკურნალობენ კრონის დაავადების ისეთ გართულებებს როგორიცაა - პერფორაცია, ნაწლავთა გაუვალობა და სისხლდენა.
მასალა მოგვაწოდა ბექა კევლიშვილმა