ანგინა ინფექციური დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სასის ტონზილებში მკვეთრად გამოხატული ანთებითი პროცესი. სასის ტონზილებს ხშირად ,,გლანდებსაც” უწოდებენ და მდებარეობენ ხახაში ნაქსა და რბილის სასის ორივე მხარეს, ისინი კარგად ჩანს პირის გაღების დროს.
დაავადებას მრავალი სხვადასხვა სახის მიკრობი იწვევს. ყველაზე ხშირი გამომწვევია სტრეპტოკოკი, რომელიც ყელში ხვდება ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთებიდან, რითიც სარგებლობდა ანგინით დაავადებული ადამიანი. ზოგჯერ ხახაში არსებული არაპათოგენური მიკრობები აქტიურდებიან რაიმე ფაქტორების ზემოქმედებისას, მაგ.: გადაციება, გარემო ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ფეხებზე შეციება, ნაყინის ჭამა, ცივ წყალში ბანაობა. ანგინით დაავადებას ხშირად ხელს უწყობს ზოგიერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომელიც სისტემატურად ხვდება ხახაში (კვამლი, მტვერი, ალკოჰოლო და სხვა), ასევე ადენოიდები და ცხვირხახის სხვა დაავადებები, რომლის დროსაც ირღვევა ცხვირით სუნთქვა.
ანგინით ხშირად ავადობა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების, ასევე პირის ღრუს ჩირქოვან პროცესებთან. ანგინა, როგორც წესი, მოულოდნელად იწყება. ავადმყოფი გრძნობს სისუსტეს, სიმძიმეს თავის არეში, ყლაპვის დროს ყელის ტკივილს, ყელის სიმშრალესა და ჩახეხვის შეგრძნებას. სწორედ აქედან წარმოიშვა სახელწოდება ,,ანგინა”, რაც ლათინურად დაჭიმვას ნიშნავს. ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ადგილობრივი ცვლილებები დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე, დაწყებული სიწითლიდან, დამთავრებული სასის ტონზილებზე ჩირქოვანი ნადებების წარმოქმნით (კატარალური და ფოლიკულური ანგინა). ჩვეულებრივ დაავადება გრძელდება 7-8 დღე და მთავრდება გამოჯანმრთელებით. თუმცა შესაძლებელია სხვა სახის გამოსავალიც, მითუმეტეს თუ პაციენტმა ექიმს მიმართა დაგვიანებით, არ შეასრულა მისი დანიშნულება ან დაიწყო თვითმკურნალობა. ანგინის ყველაზე მძიმე და ხშირ გართულებას წარმოადგენს ტონზილის ირგვლივი ჩირქგროვა, რომელიც პარატონზილარული აბსცესის სახელწოდებითაა ცნობილი. ასეთი ჩირქგროვა წარმოიქმნება, ჩვეულებრივ, 2-3 დღეში მას შემდეგ, რაც დაავადების სიმპტომები თითქმის ალაგდება. პაციენტს უეცრად აუწევს ტემპერატურა 39-400-მდე, ეწყება ძლიერი ყელის ტკივილი, რომელიც არ უკავშირდება ყლაპვას. ავადმყოფი უარს ამბობს საკვებისა და სითხის მიღებაზე, უჭირს პირის გაღება, კისერი შეშუპებულია რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდების ხარჯზე. პარატონზილარულ აბსცესს შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში გართულება მოჰყვეს: ხახის სანათურის შევიწროებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და სრული დახშობა.
ექიმის დანიშნულების მკაცრი შესრულება წარმოადგენს აუცილებელ პირობას სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის და გართულების თავიდან აცილებისათვის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის კვებას: საკვები აუცილებლად უნდა იყოს მრავალფეროვანი, გამდიდრებული ვიტამინებით. რეკომენდებულია: ბულიონები, ფაფები, ორთქლზე მომზადებული კატლეტი, კისელი, თბილი სითხეები (ბორჯომიანი ან თაფლიანი რძე, ლიმონიანი ჩაი, თბილი კომპოტები და სხვა). არ შეიძლება: მწარე, უხეში და ცხელი საკვები. აუცილებელია ექიმის დანიშნულების მკაცრად შესრულება: განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი გამოყენების მედიკამენტებს, რომელთა შერჩევა ხდება დაავადების სტადიის და სახის განსაზღვრის საფუძველზე. ამიტომ, არ შეიძლება გამოსავლები ხსნარების თვითშერჩევა, რადგან მან შეიძლება მკურნალობის ნაცვლად მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს. იმისათვის, რომ სამკურნალო საშუალებამ შეაღწიოს ხახის ღრმა უბნებში, გამოვლების დროს თავი უნდა გადასწიოს პაციენტმა უკან, შეაჩეროს სუნთქვა, რათა ხსნარი არ მოხვდეს სასუნთქ სისტემაში.
ავადმყოფთა უმრავლესობას ანგინა ეპიზოდურად ემართება, რამდენიმე წელიწადში ერთხელ. ხშირ შემთხვევაში ტონზილებში მიმდინარე ცვლილებები უკვალოდ არ ქრება და მწვავე პროცესი ქრონიკულში გადადის. ანგინა მიეკუთვნება ისეთ დაავადებათა ჯგუფს, რომლის დროსაც ორგანიზმის ორგანოებსა და სისტემებზე სერიოზული პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება. ანგინა შეიძლება გახდეს თირკმელებში ანთებითი პროცესის განვითარების და სახსრებში მრავლობითი დაზიანების მიზეზი. მასლამა მოგვაწოდა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი ლია ლომიძე