გოგირდის საცობი წარმოიქმნება გარეთა სასმენ მილში განლაგებული გოგირდის ჯირკვლების გაძლიერებული სეკრეციის შედეგად. გოგირდის საცობი შედგება გოგირდისაგან, ჩამოფცქვნილი ეპითელისაგან.
ჩვეულებრივ, ყურიდან გოგირდი თავისთავად გამოიდევნება გარეთა სასმენი მილის წინა კედლის მოძრაობის შედეგად საუბრისა და ღეჭვის დროს. გოგირდის გამოყოფა ხელს უწყობს გარეთა სასმენი მილის დაცვას გარემოს მტვრისაგან, გამოშრობისაგან და სხვა. გოგირდის საცობის ფერი შეიძლება იყოს ღია ყვითელი, მუქი-ყავისფერი. გოგირდის სიმკვრივე დასაწყისში რბილია, პლასტილინის მაგვარი, შემდგომ მკვრივდება და შეიძლება კენჭისმაგვარი სიმკვრივეც მიიღოს.
სიმპტომებიდან ყველაზე ხშირია სმენის დაქვეითება, დაგუბების შეგრძნება და ყურებში ხმაური. საცობმა შეიძლება მიაღწიოს დიდ ზომას, მაგრამ სანამ საცობსა და სასმენი მილის კედელს შორის უმცირესი ნაპრალი მაინც არსებობს, სმენა ნორმალურია. ამ დროს ყურში უმნიშვნელო წყლის მოხვედრის დროს გოგირდის საცობი ფუვდება და სმენა მკვეთრად ქვეითდება. საცობი შეიძლება დააწვეს დაფის აპკს და გარეთა სასმენი მილის კედლებს, რაც იწვევს რეფლექტორულ თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ხველას, გულისრევას.
თუ გოგირდის საცობი ხანგრძლივად არის მოთავსებული სასმენ მილში, შეიძლება განვითარდეს გარეთა ყურის ანთება, რაც გამოიწვევს ყურის ძლიერ ტკივილს.
საბოლოო დიაგნოზს ადგენს ოტორინოლარინგოლოგი ყურის დათვალიერების (ოტოსკოპიის) შემდეგ. მკურნალობა: არ არის რეკომენდებული გოგირდის საცობის თვითნებური ამოღება, განსაკუთრებით პინცეტით, ზონდით, პირსახოცით და სხვა, რადგან ეს იწვევს საცობის გადასვლას მილის ღრმა შევიწროებულ ნაწილში, რაც შემდგომ უფრო მეტად ართულებს მის ამოღებას. გარდა ამისა, ბასრი და წვეტიანი საგნების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დაფის აპკის და სასმენი მილის დაზიანება. გოგირდის საცობი ირეცხება სპეციალისტის მიერ თბილი წყლით ან მიკროოსკოპული ხედვის ქვეშ მშრალი წესით.
მასლამა მოგვაწოდა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი ლია ლომიძე