სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გრიპი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ინფექციურ დაავადებათა შორის. ეპიდემიის სიხშირე ყოველწლიურად იმატებს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ყოველ 30-40 წელიწადში ერთხელ რეგისტრირდება გრიპის პანდემია.

გამომწვევი რნმ-ის შემცველი ვირუსია, რომელიც თავისი ანტიგენური თვისებით იყოფა შემდეგ ტიპებად: A ტიპი (A1 და A2 ქვეტიპებით), B და C ტიპი. ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია, გადაცემის გზა ჰაერ-წვეთოვანია, დაავადება შეიძლება გავრცელდეს 2,5 მ დისტანციაზე დაავადებული ადამიანიდან.

 

კლინიკური სურათი: ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12 სთ-დან 3 დღემდე. გრიპის სიმპტომები: დასაწყისი მწვავეა, ავადმყოფს უვითარდება სისუსტე, მტეხავი ტკივილები კუნთებსა და სახსრებში, თავის ტკივილი. ტემპერატურა 38-400 –მდეა. ცხელების ხანგრძლივობა 3-6 დღეა. აღინიშნება მტკივნეულობა თვალბუდის მიდამოში, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, ყელის სიმშრალე, მშრალი ხველა, ცხვირის გაჭედვა, 2-3 დღეში იწყება ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან.

 

დათვალიერებისას აღინიშნება სახის და სკლერების ჰიპერემია, რბილი და მაგარი სასის ჰიპერემია და მარცვლოვანება, გამოხატული ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ენაზე ნადები, შეკრულობა, მადის დაქვეითება. მუცლის ტკივილი და დიარეა გრიპს არ ახასიათებს. გართულებებიდან ყველაზე ხშირია პნევმონია, სინუსიტი და ოტიტი. შესაძლებელია ასევე ფილტვების ჰემორაგიული შეშუპება, ჰემორაგიული ენცეფალიტი, კოლაფსი, ტვინის შეშუპება, კრუნჩხვითი სინდრომი, ხშირად აღინიშნება ფილტვების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების და შარდ-სასქესო სისტემის ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

 

პროგნოზი კეთილსაიმედოა, იშვიათად გართულებული ფორმების შემთხვევაში შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი.

გრიპის მკურნალობა:

ავადმყოფთა უმრავლესობა მკურნალობს სახლის პირობებში, ჰოსპიტალიზაციის ჩვენებას წარმოადგენს დაავადების მძიმე მიმდინარეობა (ჰიპოთერმია, კრუნჩხვა, გონების დაკარგვა, მენინგეალური სინდრომი, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, გულის რიტმის დარღვევა), გართულება და მძიმე თანმხლები დაავადებები.

 

ბინაზე უტარებენ სიმპტომურ თერაპიას: დიდი რაოდენობით სითხეები, ოფლმდენი საშუალებები, ინგალაციები. დაავადების ადრეულ სტადიაზე ეფექტურია იმუნოსტიმულატორები და იმუნომოდულატრორები: ოქსოლინის მალამო ცხვირის შესასვლელში, ინტერფერონის წვეთები, რიბომუნილის ტაბლეტები, ბრონხომუნალის ტაბლეტები და სხვა. საჭიროების შემთხვევაში იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას, პარაცეტამოლის შემცველ საშუალებებს, ანტიჰისტამინურ პრეპარატებს. ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები ნაჩვენებია მხოლოდ ბაქტერიული გართულების შემთხვევაში, ამასთანავე ქრონიკული ჩირქოვანი ანთების გამწვავების პროფილაქტიკის მიზნით. სტაციონარში უტარდებათ ინტენსიური დეზინტოქსიკაციური თერაპია, ოქსიგენოთერაპია, გართულებების მკურნალობა.

გრიპის პროფილაქტიკა:

პროფილაქტიკა მიმართულია ავადმყოფის იზოლაციისაკენ, ნიღბის ხმარება მასთან ურთიერთობის დროს, შენობის განიავება და კვარცით დასხივება. თუ აუცილებელია ავადმყოფთან ახლო ურთიერთობა, პროფილაქტიკის მიზნით მეორე პირს უნდა მივცეთ რემანტადინი, რიბომუნილი, ოქსოლინის მალამო ცხვირში წასასმელად. ასევე საპროფილაქტიკოდ ტარდება ვაქცინაცია.

მასლამა მოგვაწოდა:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი ლია ლომიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player