სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სმენაჩლუნგობა ეს არის სმენის დაქვეითება, რომელიც ავადმყოფს ხელს უშლის ხალხთან ჩვეულებრივ მეტყველებით ურთიერთობაში. პრაქტიკული სიყრუე ეს ის მდგომარეობაა, როცა ადამიანს არ ესმის ხმამაღალი მეტყველება ყურთან ახლოსაც კი. ყველაზე ხშირი მიზეზი სმენაჩლუნგობისა და სიყრუისა ეს არის:

 

 

· ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები;

· მწვავე ინფექციური დაავადებები, განსაკუთრებით წითურა;

· ადგილობრივი ჩირქოვანი ანთება;

· შიგნითა ყურში დისტროფიული ცვლილებები.

 

დისტროფიული ცვლილებების ჯგუფში გაერთიანებულია პროგრესირებადი ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა (კოხლეარული ნევრიტი) და ოტოსკლეროზი. სმენის დაქვეითების მიზეზი Aშეიძლება ასევე იყოს ტრავმა: მექანიკური, აკუსტიკური, ვიბრაციული, ქიმიურ-ტოქსიკური, სხივური, ბაროტრავმა, მედიკამენტოზური, მშობიარობის, ინფექციური, ფსიქიური. სიყრუის დროს ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ფაქტია მუნჯობა, რადგან სმენა და მეტყველება არის წარმოადგენს ერთიან პროცესს ადამიანთა ურთიერთობაში. ცვენს დროში დიდი ყურადღება ექცევა სიყრუის პროფილაქტიკასა და მკურნალობას ბავშვთა ასაკში, რამდენადაც სრული სიყრუის მქონე ბავშვებს თანდათან უყალიბდებათ მუნჯობა და გვიან ასაკში სმენის აღდგენის შემდეგ ისინი იწყებენ მხოლოდ ემოციუირი ბგერების წარმოთქმას. მოზრდილი ადმიანები, რომელთაც მეტყველების სწავლის შემდეგ განუვითარდათ სრული სიყრუე, რამდენიმე წელში იწყებენ დეფექტურ მონოტონურ მეტყველებას.

სმენის დიაგნოსტიკა:

სმენის ანალიზატორის ფუნქციის დასაზუსტებლად ადგილობრივი დიაგნოსტიკური მეთოდები გამოიყენება. დიაგნოსტიკის მთავარი მიზანია დაადგინოს სმენის დაქვეითების ტიპი, რასთან გვაქვს საქმე: ბგერის გამტარი თუ ბგერის მიმღები აპარატის დაზიანებასთან. სმენის გამოკვლევის თანამედროვე ზუსტ მეთოდებს მიეკუთვნება აუდიომეტრია, ტიმპანომეტრია იმპედანსომეტრიით. აუდიომეტრია კი თავის მხრივ შეიძლება იყოს სუბიექტური, რომელიც დაფუძნებულია ავადმყოფის პასუხზე და ობიექტური, რომელიც პაციენტის პასუხისაგან დამოუკიდებლად ტარდება. აღნიშნული კვლევა წარმოადგენს უზუსტეს დიაგნოსტიკურ მეთოდს, რომელიც სპეციალური აპარატურით ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკებში შეიძლება ჩატარდეს. მკურნალობაში წამყვანი როლი ეკუთვნის სმენის პროტეზირებას. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება იმ პირებზე, რომლებისთვისაც არაეფექტურია როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მკურნალობა და ითვალისწინებს სმენის აპარატის შერჩევას, რომელიც აძლიერებს ბგერას. აპარატი ითვლება უფრო მეტად თანამედროვედ, რაც უფრო ნაკლებად ცვლის გადასაცემ ბგერას. მეტად დადებითი ეფექტი სურდოპროტეზირებაში აქვთ იმ პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ სმენის გამტარი ტიპის დაქვეითება, ნაკლებად _ პერცეპტიული ფორმის დროს. ცნობილია, რომ სმენის აპარატის გამოყენება არასოდეს არ იწვევს შიგნითა ყურში პათოლოგიური ცვლილებების პროგრესირებას, აპარატი აუმჯობესებს სმენას და ხელს უწყობს პაციენტს დახვეწოს მეტყველება. ბავშვებში სმენის აპარატი ეხმარება ბავშვებს მეტყველებისა და ფსიქიკის განვითარებაში. სრული სიყრუის დროს შესაძლებელია გაკეთდეს ქირურგიული ოპერაცია: კოხლეარული იმპლანტაცია, რომლის შედეგადაც ხდება ელექტროდის ჩანერგვა შიგნითა ყურში, კერძოდ ლოკოკინაში. ოპერაციის შემდეგ პაციენტს სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია და ლოგოპედია. აღნიშნული მეთოდი ეფექტურია მხოლოდ სრული სიყრუის და ყრუ-მუნჯობის დროს პრელინგვალურ პაციენტებში 5 წლამდე ხოლო პოსტლინგვალურ (მეტყველების მქონე მოგვიანებით დაყრუებულ) პაციენტებში ნებისმიერ ასაკში. კოხლეარული იმპლანტაცია უკვე 10 წელია დანერგილია და დიდი წარმატებით კეთდება საქართველოშიც.

სმენაჩლუნგობის პროფილაქტიკა:

სმენაჩლუნგობისა და სიყრუის პროფილაქტიკა ითვალისწინებს ღონისძიებათა ფართო ჩამონათვალს. თანამედროვე ცხოვრებაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხმაურს. ჩვეულებრივი სამეტყველო სიხშირის საშუალო დონე შეადგენს 60 დბ-ს, მატარებელი გამოსცემს 100დბ სიხშირის ბგერებს, რეაქტიული თვითმფრინავი გამოსცემს 120 დბ ხმას. ვიდეოთამაშების ხმაურიან სალონებში, დისკოთეკებზე და საკონცერტო როკ-ჯგუფებში ხმაური აჭარბებს 110 დბ-ს. ტელევიზორის, მუსიკალური აპარატურის ჩართვა მაღალ ხმაზე, მუსიკის გამუდმებული მოსმენა ყურთსასმენებით, იწვევს სმენის თანდათანობით დაქვეითებას. ეს ფაქტი უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის დაბადების პირველივე დღეებიდან და ასევე მუცლადყოფნის პერიოდში, რადგან ბავშვის და ნაყოფის სმენის ანალიზატორი ძალიან მგრძნობიარეა ხმაურის მიმართ. გარდა ამისა, სმენაჩლუნგობის პროფილაქტიკისათვის აუცილებელია ხმაურის და ვიბრაციის შემცირება ან ჩახშობა წარმოებებში, ინდივიდუალური ყურის დამცავი აპარატების გამოყენება, ინფექციური დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რისკის ფაქტორების შემცირება: სტრესული სიტუაციები, მოწევა, ალკოჰოლი, ოტოტოქსიური მედიკამენტები, სხვა ტოქსიური საშუალებების გამოყენება და სხვა. მიუხედავად დიდი მიღწევებისა ოტორინოლარინგოლოგიაში, სურდოლოგიის პრობლემები ისევ აქტუალურია თანამედროვე მედიცინაში.

 

მასლამა მოგვაწოდა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი ლია ლომიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player