ეს არის ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება. ხშირად რინიტს სურდოსაც უწოდებენ. იგი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე რინიტი ხშირად აღინიშნება მწვავე ვირუსული ინფექციის ან ალერგიული შეტევის დროს.
გაციების დროს რინიტი შეიძლება მიმდინარეობდეს ტემპერატურის მომატებით, თავის ტკივილით და ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნებით. გადაციება არის მაპროვოცირებელი ფაქტორი ვირუსული ინფექციის გამწვავებისა და რინიტისა. ხშირად მწვავე სურდო არ საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას და რამდენიმე დღეში თავისით ალაგდება.
მწვავე ალერგიული რინიტის დროს საჭიროა დავადგინოთ გამომწვევი მიზეზი ან ალერგენი, რამდენადაც შესაძლებელია ალერგიული შეტევის განმეორება და პროცესის ქრონიზაცია. ქრონიკული რინიტი აწუხებს პაციენტთა დიდ რიცხვს, ლორ-დაავადებებს შორის მხოლოდ ტონზილიტისა და ოტიტის პათოლოგიები გვხვდება რინიტზე უფრო ხშირად.
ქრონიკული რინიტი
ქრონიკული რინიტი ჩვეულებრივ წარმოადგენს მწვავე რინიტის გართულებას, ასეევე ეკოლოგიური ფაქტორების (გაზები, მტვერი, მცენარეების დამტვერვა და სხვა) ზემოქმედების შედეგს. გარდა ამისა, რინიტი შეიძლება განვითარდეს ცხვირის ლორწოვანი გარსის ხანგრძლივი შეშუპების დროს (ეს ხშირად ხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ასევე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს), რინიტის ზოგიერთი ფორმა დაკავშირებულია ორგანიზმის ნეიროვეგეტაციურ ცვლილებებთან.
ქრონიკული რინიტის სტრუქტურაში განასხვავებენ კატარალურ, ჰიპერტროფიულ, ატროფიულ და ვაზომოტორულ რინიტს. რინიტის ყველა ფორმას თავისებური კლინიკა აქვს: კატარალურ და ვაზომოტორულ რინიტს ახასიათებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, მასში ანთებადი ექსუდატის გამოყოფა და სისხლძარღვთა ქსელის გაძლიერება. ჰიპერტროფიული რინიტის დროს ეს პროცესები ღრმავდება, რაც გამოიხატება უფრო ღრმა შრეების დაზიანებით. ხოლო ატროფიული რინიტის დროს აღინიშნება აბსოლუტურად განსხვავებული სურათი: ლორწოს მაპროდუცირებელი სპეციალური უჯრედები, ქრებიან ან მკვეთრად იცვლიან თავის სტრუქტურას. კაპილარული ქსელი მცირდება. აგრესიული რინიტის დროს ეს შემცირებული კაპილარები იბლოკება და ცხვირის ძვლოვანი ქსოვილი ჩანაცვლდება რბილი ქსოვილებით.
რინიტი ბავშვებში:
ალერგიული რინიტი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება სასკოლო ასაკში. ცხვირის გამუდმებული გაჭედვა იწვევს სუნთქვის მოშლას. ამ ასაკში რინიტი საშიშ დაავადებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ანთებითი პროცესი მდებარეობს თავის ტვინთან ახლოს. გარდა ამისა, ლორწოვანის შეშუპება იწვევს ყნოსვის მოშლას, რასაც პაციენტი ემოციურ მოშლილობამდე მიყავს. ძნელია ქრონიკული რინიტის მქონე ბავშვს მოვთხოვოთ სკოლაში წარმატებები. ადრეული ასაკის ბავშვებში ალერგიული რინიტის დროს უნდა მოვერიდოთ ჰორმონალური პრეპარატების გამოყენებას. ორსულებში ხშირად ხდება ქრონიკული რინიტის გამწვავება. ამ დროს მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ მედიკამენტების გამოყენებას, რადგან რინიტის პრეპარატების უმეტესობა აღწევს პლაცენტარულ ბარიერს.
ხანდაზმულებში რინიტის გამწვავება დამოკიდებულია ანატომიურ ცვლილებებთან კერძოდ სისხლძარღვთა ქსელის მომატებით ცხვირის ღრუში. ხშირად რინიტი დაკავშირებულია მედიკამენტების გვერდით ეფექტებთან, რომლებსაც ხანგრძლივად ღებულობენ ასაკოვანი პაციენტები (საძილე, ჰიპოტენზიური საშუალებები). ამ ასაკში იშვიათია ალერგიული რინიტი. ყველაზე ხშირად ხანდაზმულებში გვხვდება ატროფიული რინიტი, რომელიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას.
მასლამა მოგვაწოდა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი ლია ლომიძე