ხმაური ყურებში ეს არის სმენითი შეგრძნება, რომელიც წარმოიშვება მაშინ, როდესაც ირგვლივ სიჩუმეა. არჩევენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ხმაურს. ფიზიოლოგიური ხმაური ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება სრული სიჩუმის პირობებში გაუჩნდეს.
პათოლოგიური ხმაური ყურებში წარმოიშვება ამა თუ იმ გადახრისას. ის შეიძლება იყოს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური. ობიექტური პათოლოგიური ხმაური სუბიექტურისაგან იმით განსხვავდება, რომ ის ესმის არა მარტო ავადმყოფს, არამედ ექიმს ფონეიდოსკოპის გამოყენებისას. ობიექტური ხმაური იშვიათად შეიმჩნევა და ჩვეულებრივ განპირობებულია ყელის კუნთების შეკუმშვით ევსტახის მილში, სისხლის დინების ცვლილებით ძარღვებში, მაგ.: მათი შეკუმშვის, ან პათოლოგიური გაფართოებისას საფეთქელ-ქვედაყბის სისხლძარღვის პათოლოგიისას, დაფის მიდამოში წნევის ცვლილებით.
სუბიექტური პათოლოგიური ხმაური ესმის მხოლოდ პაციენტს. ხმაური ამ შემთხვევაში წარმოადგენს შუა ან შიგნითა ყურის პათოლოგიის ნიშანს, მაგრამ შეიძლება წარმოიშვას სხვა ორგანოებისა და სისტემების დაავადების დროსაც (ჰიპერტონია, ჰიპოტონია, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოხონდროზი, ანთებითი დაავადებები, თავის ტვინის სიმსივნეები და სხვა.)
უფრო ხშირად ხმაური ყურებში შეიმჩნევა მენიერის, ათეროსკლეროზის, სმენის ნერვის ნევრიტის, ზოგიერთი ოტიტის ფორმის დაავადებებისას. ყურებში პათოლოგიური ხმაურის წარმოქმნის მექანიზმს უკავშირებენ ხმის გამტარობის დარღვევას, ასევე, სმენის ანალიზატორების ნერვული უჯრედების გაღიზიანებას.
დიაგნოსტიკის ჩასატარებლად და ხმაურის წარმოშობის ზუსტი მიზეზების დასადგენად ატარებენ აუდიომეტრიას (ხმაურის სპექტრის სიხშირისა და ინტენსივობის გამოკვლევა ელექტრული აპარატის დახმარებით). ბგერის გამტარი სისტემის დარღვევისთვის დამახასიათებელია დაბალი ტონალობის ხმაური. მაღალსიხშირიანი სპექტრის ხმაური (რეკვისა და სტვენის მსგავსი) შეიმჩნევა ავადმყოფებში, რომელთაც დაზიანებული აქვთ ბგერის მიმღები აპარატი.
ყურებში ხმაურის პირველადი გამოვლენის, ან მისი ხასიათის შეცვლის შემთხვევაში, აუცილებელია, ექიმთან ვიზიტი. ყურებში ხმაურის წარმოშობა შეიძლება განპირობებული იქნეს ოტოტოქსიური მოქმედების მქონე პრეპარატებით მკურნალობისას. ასევე, ყურებში ხმაური შეიძლება განუვითარდეთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც მუშაობენ ხმაურისა და ვიბრაციის პირობებში. შეიძლება, სმენის ნერვის ნევრიტის დასაწყისიც იყოს.
ცალმხრივი ხმაური ყურში ხშირად წარმოადგენს პირველ ნიშანს კარიბჭელოკოკინა ნერვის ნევრომისა. ხმაურის გაძლიერება და მისი ტონალობის მომატება მენიერის დაავადებისას, შეიძლება იყოს წინაპირობა მწვავე ვესტიბულური დისფუნქციის შეტევისა.
ყურში ხმაურის მკურნალობა მიმდინარეობს კომპლექსურად: მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად გამოიყენება რეფლექსოთერაპია, მაგნიტოთერაპია, ელექტრუსტიმულაცია.