ალერგიული რინიტი წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ დაავადებას. ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველა ეკონომიურად განვითარებულ ქვეყნებში აღინიშნა ამ დაავადების გავრცელების მატება და სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევებით მისი გავრცელება მერყეობს 1-დან 40%-მდე.
სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებს დაავადება უვლინდებათ მცენარეული მტვერის მიმართ. ალერგიის რესპირაციული გამოვლინებები: რინორეა, გაჭედილი ცხვირი, ცხვირში ქავილის შეგრძნება და სხვა ვლინდება მცენარეთა ყვავილობის დროს და ახასიათებს სეზონურ ალერგიულ რინიტს.
ალერგიული რინიტის მიმდინარეობა განისაზღვრება როგორც სუსტი, როცა მისი სიმპტომები არ მოქმედებს ძილის დარღვევაზე, ავადმყოფის ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმზე და ასევე, პროფესიულ საქმიანობასა და სწავლაზე. საშუალო ფორმისას დაავადება არღვევს ძილიანობას და დაავადებულის ყოველდღიურ ცხოვრების რეჟიმს, იწვევს ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას. მძიმე ფორმა კი დაავადებულში მტანჯველ სიმპტომებს წარმოშობს ძილის დარღვევის, მუშაობის, სპორტით დატვირთვის და დასვენების შეუძლებლობითაც კი.
ალერგენთან კონტაქტის შემცირება ან აღმოფხვრა
ალერგიული რინიტის სიმძიმე პირდაპირ კავშირშია გარემოში ალერგენთა კონცენტრაციასთან. მაგალითად, არყის ხეზე ალერგიის მქონე პირებს ზამთრის თვეებში ავიწყდებათ თავიანთი დაავადება, მაგრამ ყოველწლიურად არყის ხის ყვავილობასთან ერთად მათ ხელახლა აღენიშნებათ რინიტის ნიშნები. დაავადების გამომწვევ ალერგენთან კონტაქტის შემცირება წარმოადგენს პირველ აუცილებელ ნაბიჯს ასეთი ავადმყოფის მკურნაობაში. აშკარაა, რომ უმეტეს შემთხვევაში ალერგენთან კონტაქტის სრული გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა რეკომენდაციის სკუპულოზური შესრულებით მსუბუქდება დაავადების მიმდინარეობა და მცირდება მისაღები მედიკამენტების რაოდენობაც.
როგორ შევამციროთ მტვრის ალერგენების კონცენტრაცია
საჭიროა მჭიდროდ დაიხუროს სახლის, სამსახურის თუ მანქანის ფანჯრები. ალერგენის ყვავილობის პერიოდში უმჯობესია თავი შეიკავოთ ტყეში და ქალაქგარეთ გასეირნებისგან, ასევე სასურველია სხვა კლიმატურ ზონაში მოგზაურობა, სხვადასხვა კლიმატური ზონის ყვავილობის კალენდრის გამოყენება. უნდა შეიზღუდოს ცხელ, მშრალ მზიან ამინდში, პიკის საათის დროს ქუჩაში გასვლა, რადგან ასეთ დროს მტვრის ალერგენთა კონცენტრაცია ძალიან მაღალია.
ქუჩაში გამოსვლისთანავე, უნდა გამოვიყენოთ მზისგანდამცავი სათვალე და სახლში დაბრუნებისას მოიბანოთ ცხვირის ღრუ და თვალები წყლით, სასარგებლოა აბაზანის მიღებაც.
კვებითი ალერგიის თანხვედრისას აუცილებელია დაიცვათ ჰიპოალერგიული დიეტა. არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ფიტოპრეპარატები, კვებითი დანამატები, კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც შეიცავენ მტვერსა და მცენარეულ ექსტრაქტებს.
ალერგიული რინიტის მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენებას. მათი მიღებისას პაციენტს მნიშვნელოვნად უსუსტდება ისეთი ალერგიული მოვლენები, როგორიცაა ქავილი ცხვირში, ცემინება, რინორეა. ეს პრეპარატები ეფექტურია ალერგიული კონიუქტივიტის თანხვედრის დროსაც.
კარგადაა ცნობილი პირველი და მეორე თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატების დადებითი და უარყოფითი მხარეები. პირველი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიური ეფექტის გამო მნიშვნელოვნად იზღუდება მათი გამოყენება. აუცილებელია ეს გვახსოვდეს ავადმყოფებისათვის მოცემული პრეპარატების დანიშვნისას, ვისი პროფესიონალური საქმანობაც მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციას, გადაწყვეტილების სწრაფ მიღებას, ასევე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც შესაძლოა დაუქვეითდეთ შესწავლის შესაძლებლობები, ახალი საკითხების აღქმის უნარი. პირველი გენერაციის პრეპარატები სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული გლაუკომით, პროსტატის ჰიპერტროფიით, ღვიძლის ძლიერი დაზიანების მქონე ავადმყოფებში.
ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები ხასიათდებიან მნიშვნელოვანი უპირატესობით პირველი თაობის ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან. მათ არ აქვთ ის ნაკლი რაც პირველი თაობის ანტიჰისტამინურებს გააჩნიათ. მათ ახასიათებთ სწრაფი დაწყება და ხანგრძლივი მოქმედება (24 სთ), მცირე სედატიური ეფექტი, არ ახასიათბთ მიჩვევა, ამიტომ შესაძლოა ერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება კლინიკური ეფექტის დაქვეითების გარეშე.
მასალა მოამზადა რუსუდან ქარსელაძემ