სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ატოპია არის ორგანიზმის გენეტიკური წინასწარგანწყობის უნარი გარემოს ალერგენთან კონტაქტის დროს გამოიმუშავოს დიდი რაოდენობით IgE ანტისხეულები. ტერმინი “ატოპია” წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან და ნიშნავს “სხვას”.

 

პირველად გამყენებულ იქნა ა.ფ. კოკას მიერ 1922 წელს ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობაზე გარემოს ფაქტორთა მიმართ განვითარებული მემკვიდრული ფორმების განსაზღვრისთვის. ატოპიის გამოვლინებაა სხვადასხვა ალერგიული დაავადება. ტერმინი “ალერგია” ხშირად გამოიყენება როგორც ალერგიული დაავადების სინონიმი, რომლის მედიატორსაც წარმოადგენს იმუნოგლობულინი (IgE), მაგრამ ასეთი პაციენტების ნაწილს იმუნოგლობულინის დონე ხშირად ნორმის ფარგლებში აქვთ და შესაბამისად დაავადების მიმდინარეობის ამ ვარიანტს არაიმუნოგლობულინური ეწოდება.

ატოპიური დერმატიტი

ატოპიური დერმატიტი - ფართოდ გავრცელებული კანის ერთ-ერთი დაავადებაა განვითარებული ახალშობილებსა და ბავშვებში, რომელიც ძირითადად იწყება დაბადების პირველი 6 თვის განმავლობაში და არც თუ იშვიათად მოზრდილობის ასაკშიც გასტანს. ხშირად სხვადასხვა ტერმინი გამოიყენება ამ დაავადების აღსანიშნავად. ყველაზე გავრცელებულია – ეკზემა, ასევე შემოთავაზებულია ახალი ტერმინი “ატოპიური ეკზემა/ დერმატიტის სინდრომი”. ადრე ფართოდ იყო გავრცელებული ისეთი ტერმინები როგორიცაა ბროკის დიფუზური ნეიროდერმიტი, ბენიეს ქავანა, ეკზემატოიდი, კონსტიტუციური ეკზემა და სხვა. ძველად კანის თითქმის ყველა დაზიანებას ეწოდებოდა დიათეზი. ატოპიური დერმატიტის ფართო კავშირის გამო ბრონქულ ასთმასა და ალერგიულ რინიტთან იგი შევიდა ალერგიული დაავადებების ნუსხაში 1933 წელს. სხვა ატოპიური დაავადებების მსგავსად ატოპიური დერმატიტის გავრცელებაც მთელ მსოფლიოში იზრდება. დაავადება უარყოფითად მოქმედებს დაავადებულებსა და მათ ოჯახებზე, იწვევს ძილის დარღვევას, ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ფინანასური ხარჯების ზრდას.

 

 

ატოპიურ დერმატიტს ახასიათებს მემკვიდრული წინასწარგანწყობა ალერგიისადმი, გამონაყარის ასაკობრივი მორფოლოგია, განვითარების სტადიურობა და ქრონიკული რეციდიული მიმდინარეობისადმი მიდრეკილება.

კლინიკური ფორმები ასაკთან მიმართებაში

ატოპიური დერმატიტი იყოფა სამ პერიოდად: ახალშობილთა, ბავშვთა, მოზრდილთა. ყოველ მათგანს დამახასიათებელი თვისობრივი ნიშნები ახასიათებს. ახალშობილთა ფორმა აღინიშნება დაბადებიდან 2 წლამდე. დამახასიათებელი ლოკალიზაცია: სახე, კიდურების გამშლელი ზედაპირები, შესაძლოა ტანზე გავრცელდეს. ახასიათებს სისველე, განვითარებული ქერქები, კანის სიმშრალე. ხშირად მწვავდება დამატებითი კვების დაწყებისას და კბილების ამოჭრის პროცესში. ბავშვთა ფორმას (2-12 წელი) ახასიათებს უპირატესად კიდურების მომხრელ ზედაპირის კანზე, ყელზე, იდაყვის და მუხლის ფოსოებში და მტევნის ზურგზე გამონაყარის არსებობა. ახასიათებს ჰიპერერმია და კანის შეშუპება, ლიქენიფიკაცია (კანის სურათის გასქელება და გაძლიერება), პაპულა, ფოლაქები, ეროზია, ნახეთქები, ნაკაწრები, ქერქები. ხელის მტევანზე და ფეხის გულზე არსებული ნახეთქები ძირითადად მტკივნეულია. შესაძლოა აღინიშნოს ქუთუთოს ჰიპერპიგმენტაცია, კანის დამახასიათებელი ნაკეცების არსებობა თვალის ქვედა ქუთუთოსთან (დენიე-მორგნის ხაზი). ზრდასრულთა ფორმაში გამოყოფენ მოზრდილთა (18 წლამდე) ფორმას. მოზარდთა პერიოდში შესაძლოა როგორც გამონაყარის გაქრობა (ძირითადად გარდატეხის ასაკში), ასევე დერმატიტის მკვეთრი გამწვავებაც დაზიანების ფართობის გაზრდით, სახისა და ყელის ჩართვით (წითელი სახის სინდრომი), დეკოლტეს არეზე და ხელის მტევანზე, მაჯის გარშემო და იდაყვის ფოსოში. მოზრდილთა ფორმა ხშირად ზრდასრულთა ფორმაში გადადის. დაავადება გამოიხატება მომხრელი ზედაპირის ბუნებრივი ნაკეცების, სახის და ყელის, მტევნის ზურგის, ფეხისგულის და თითების ადგილას. სისველე ხშირად გამოხატავს მერადი ინფექციის თანდართვას. მაგრამ ყველა ფაზისთვის დამახასიათებელია კანის სიმშრალე, კანის ქავილი, კანის გასქელება კანის სურათის გაძლიერებით (ლიქენიფიკაცია), აქერცვლა, ჰიპერერითემია და ყველა ასაკისთვის დამახასიათებელი გამონაყარი. იქმნება მანკიერი წრე: ქავილი- ნაფხანი –გამონაყარი – ქავილი. დიაგნოზის ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს ქავილი, ქრონიკული რეციდიული მიმდინარეობა, დაავადებულის ან ნათესავების ატოპია, გამონაყარის ლოკალიზაციის და მიმდინარეობის სახეობა ასაკის მიხედვით. ატოპიური დერმატიტის დიაგნოზი დაისმის ისეთი დაავადებების გამორიცხვით, როგორიცაა ქავანა, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, ფსორიაზი, და იქტიოზი. ატოპიური დერმატიტის დროს კანის სტრუქტურა იცვლება გამწვავებისა და ასევე დაუზიანებელ ადგილებზეც. მისი სტრუქტურა და წყლის ბალანსი დარღვეულია. ეს კი მიგვითითებს კანის განსაკუთრებული მოვლის აუცილებლობაზე.

 

მემკვიდრეობითი განწყობა და დაავადების განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები ოჯახური ანამნეზი 80% შემთხვევაში დამძიმებულია, ამასთან უმეტესად დედის ხაზით, იშვიათად მამის ხაზით, და ხშირად ორივე ხაზით. თუ ატოპიური დაავადება აქვს ორივე მშობელს ბავშვის დაავადების რისკი წარმოადგენს 60-80 %-ს, თუ ორივე ჯანმრთელია 10-2%-ს. ენდოგენურ ფაქტორთა კომბინაციას ეკზოგენურ ფაქტორებთან მივყავართ დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე.

 

ერთ წლამდე ასაკში ატოპიური დერმატიტი ვითარდება კვებითი ალერგიის ფონზე. ხშირ მიზეზს წარმოადგენს ძროხის რძის ცილები, კვერცხი, ბურღულეული, თევზი და ასევე სოიო. ცნობილია ძუძუთი კვების უპირატესობა, თუმცა აუცილებელია მეძუძური დედის ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა. ზოგიერთ შემთხვევაში, როცა თვით დედა მძიმე ალერგიით დაავადებული, უმჯობესია ბავშვმა მიიღოს ხელოვნური კვება, ისეთი, რომელიც მაღალჰიდროლიზებული ან ნახევრადჰიდროლიზებული რძის ცილებს და იშვიათად სოიოს ცილებს შეიცავს.

 

ასაკთან ერთად კვებითი ალერგიის წამყვანი როლი მცირდება (მაგალითად, 90%-ს ბავშვებისას, რომლებსაც აღენიშნებათ ძროხის რძის აუტანლობა, იძენენ მისი გადამუშავების შესაძლებლობის - ტოლერანტობას სამი წლის ასაკისთვის) და პირველ ადგილზე გადადის ისეთი ალერგენები, როგორიცაა ოთახის და საყოფაცხოვრებო მტვერის ტკიპა, სოკოს სპორები. ატოპიური დერმატიტის მიმდინარეობაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს სტაფილოკოკი. მისი ამოთესვა 93% შემთხვევაში ხდება დაზიანებული კერიდან, ხოლო 76%-ში დაუზიანებელი (გარეგნულად შეუცვლელი) კანიდან. სტაფილოკოკი გამოიმუშავებს სუპერანტიგენის თვისების მქონე ენდოტოქსინებს, რაც შესაძლოა აპირობებდეს ატოპიური დერმატიტის ქრონიკულ ანთებით პროცესს.

ატოპიური მარში

ატოპიუირი მარში წარმოადგენს ატოპიის განვითარების ბუნებრივ გზას. მას ახასიათებს ატოპიური დაავადებისათვის დამახასიათებელი ტიპიური თანმიმდევრობით მიმდინარე კლინიკური სიმპტომები, როცა ერთი სახის სიმპტომები უფრო ვლინდება, მაშინ სხვა სიმპტომები იჩრდილება. ხშირად ატოპიური დერმატიტის კლინიკური სიმპტომების განვითარება წინ უსწრებს შემდგომში ბრონქული ასთმის და ალერგიული რინიტის ჩამოყალიბებას. რამდენიმე გამოკვლევის თანახმად, ატოპიური დერმატიტით დაავადებულთა ნახევარს შემდგომში უვითარდება ბრონქული ასთმა, განსაკუთრებით დაავადების მძიმე მიმდინარეობის დროს და ორმესამედს – ალერგიული რინიტი. დაავადების ყველაზე მსუბუქი მიმდინარეობისას ბავშვებს არ უვითარდებოდათ ბრონქული ასთმა და ალერგიული რინიტი. ატოპიური დერმატიტის სიმძიმის ხარისხი შესაძლოა განხილულ იქნას როგორც ბრონქული ასთმის რისკის ფაქტორი. არსებული კვლევებით, ატოპიური დერმატიტის მძიმე ფორმის დროს ბრონქული ასთმის განვითარების რისკი 70%-ს შეადგენს, მსუბუქი ფორმის დროს – 30%-ს, ხოლო ბავშვთა მთლიანი პოპულაციის 8-10 %-ს. სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ მკურნალობა მიმართული იყოს არამხოლოდ ად-ს გამწვავების აღმოფხვრისკენ, არამედ ატოპიური დაავადებების სხვა ფორმების განვითარების აცილებისკენ.

 

დაავადება უარყოფითად მოქმედებს დაავადებულის და ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხზე, ასევე ითხოვს დიდ ხარჯებს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ად-ით დაავადებული ბავშვის მოვლა დაკავშირებულია უფრო დიდ სტრესთან, ვიდრე ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვისა.

ატოპიური დერმატიტის მკურნალობა

დღესდღეისობით ად-ს სრული განკურნება შეუძლებელია. ად ქრონიკული დაავადებაა, რომელიც საჭიროებს დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივ კონტროლს. აუცილებელია თერაპიისადმი კომპლექსური მიდგომა, მკურნალობა შედგება საჭიროებისამებრ დამხმარე ბაზისური თერაპიის (კანის მოვლა) ადექვატური კომბინაციით ანტიანთებით თერაპიასთან. ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტით ან შემცირებით და არაალერგენთა მოქმედების შემცირებით აიცილებთ დაავადების გამწვავებას. ად-ს ეფექტურ თერაპიას მნიშვნელოვნად ზრდის ალერგოსკოლებში პაციენტის, მისი მშობლების და ოჯახის ინფორმირებულობა და განათლება.

 

მასალა მოამზადა რუსუდან ქარსელაძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player