სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

"ნიშატი" კლინიკაა, სადაც მკურნალობენ ნარკომანიასა და ალკოჰოლიზმს, როგორც ქრონიკულ დაავადებებს

 

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი 0160, ო.ონიაშვილის ქ#20
ტელ.: 2180864; 579186060

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ზოგადი ინფორმაცია

„ნიშატი" სიცოცხლის სურვილსა და ცხოვრებისკენ მისწრაფებას ნიშნავს.

ნარკომანია დიდი პრობლემაა საქართველოში. ქვეყანაში ერთეული ნარკოლოგიური ცენტრი არსებობს. მათ შორისაა კლინიკა „ნიშატი", რომელიც სამართალმემკვიდრეა 1994 წელს დაარსებული კლინიკა „ბემონი"-ს. კლინიკა „ნიშატი"-ს დირექტორია ზაზა ჩიქოვანი, აქ მუშაობენ ექიმი ნარკოლოგები: ნანა კახიანი და ნესტან სიჭინავა.

კლინიკაში მკურნალობენ ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე და სხვა ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულებს. ასევე მათი ოჯახის წევრებს, რომლებსაც განვიხილავთ, როგორც თანადამოკიდებულებს.

ნარკოტიკები იწვევენ, როგორც ფიზიკურ ასევე ფსიქიკურ დამოკიდებულებას, ზოგი - უპირატესად ფიზიკურს, ხოლო ზოგიც ფსიქიკურს. ნარკომანია მსოფლიოს ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. 20 ყველაზე მავნე ზემოქმედების მქონე ნარკოტიკის სიაში პირველ ადგილზეა ჰეროინი, მეორეზე - კოკაინი, მეხუთეზე - ალკოჰოლი და მეცხრეზე - თამბაქო. მხოლოდ მათ შემდეგ, მე-11 პოზიციას იკავებს მარიხუანა. ყოველწლიურად ნარკობიზნესი მთელ მსოფლიოში 30-50 ახალი სახეობის ნარკოტიკს ქმნის და უშვებს შავ ბაზარზე.
მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ნებისმიერი ნარკოტიკი იწვევს მიჩვევას. განსაზღვრება, რომ არსებობს მსუბუქი და ძლიერი ნარკოტიკი, არ არის სწორი. ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც სპეციფიურ გავლენას ახდენენ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იწვევს აღქმის შეცვლას, ახასიათებს დამოკიდებულების გაჩენა და ტოლერანტობა - ამბობს ცენტრის დირექტორი ზაზა ჩიქოვანი.

ნარკომანიის საფუძველი არის ადამიანის მოთხოვნილება, რომ მიიღოს სიამოვნება. ალკოჰოლი და ნარკოტიკი კი მას სთავაზობს სიამოვნებას, გამზადებული ფორმით, რომელსაც შრომა და ძალისხმევა არ სჭირდება. ნარკომანიის სირთულეს კარგად გავიაზრებთ, თუ გვეცოდინება რა ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მექანიზმები უდევს მას საფუძვლად. სიამოვნების განცდის დროს თავის ტვინის დამაჯილდოებელ ცენტრებში აქტიურდება ნივთიერება დოფამინი. ეს არის ძლიერი სასიამოვნო შეგრძნება - ეიფორია, რომელსაც ნარკომანები "პრიხოდს" უწოდებენ. თუ ნარკოტიკს გამზადებული ფორმით სისტემატურად ღებულობს ორგანიზმი, შესაბამისად თავის ტვინს დამატებითი მუშაობა საკუთარი ოპიუმის (ენდორფინი, ენკეფალინი ....) გამოსაყოფად აღარ უწევს. ადამიანი იღებს მარტივ და ხანგრძლივ სიამოვნებას („კაიფს"). სწორედ ამიტომაა ამ პრობლემასთან გამკლავება რთული" - დასძენს ექიმი ნარკოლოგი ნესტან სიჭინავა.

 

ნარკომანიის მკურნალობა

კლინიკა პაციენტებს სთავაზობს მედიკამენტოზურ მკურნალობასა და ფსიქოთერაპიას. თბილისში, ონიაშვილის 20 ნომერში მდებარე კლინიკაში ფუნქციონირებს დღის სტაციონარიც. სადაც პაციენტებს უტარდებათ დეტოქსიკაცია (ინფუზიური თერაპია ანუ ინტრავენური გადასხმები) და სხვა მედიკამენტოზური თუ ფსიქოლოგიური მკურნალობა.

"მკურნალობის პერიოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ნარკოტიკს ღებულობდა პაციენტი, რა დოზით, რა სიხშირითა და ხანგრძლივობით. ყველა ნარკოტიკს სხვადასხვა ნახევრად დაშლის პერიოდი აქვს და მკურნალობისას საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას.

პაციენტის მართვა და მკურნალობა რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი არის გასაუბრება, ნარკოლოგები არკვევენ პაციენტს გაცნობიერებული აქვს თუ არა, რომ ის წამალ ან ალკოჰოლდამოკიდებულია, უნდა თუ არა მას მკურნალობა, რა არის მისი მოტივაცია, რატომ გადაწყვიტა თავის დანებება. გასაუბრება ხდება პაციენტთან პირისპირ, ხოლო ოჯახის წევრებთან ცალკე. მეორე ეტაპზე ხდება ჯანმრთელობის შემოწმება და ტარდება რიგი სამედიცინო გამოკვლევებისა. ამის შემდეგ იწყება მკურნალობა, რომელიც ასევე ორ ეტაპად იყოფა. პირველი არის აბსტინენციის ანუ "ლომკის" ან ნაბახუსევის მოხსნა.

"აბსტინენცია არის ორგანიზმის სტრესული სიტუაცია. მისი მოხსნა რაც შეიძლება ნაკლები სტრესის გამოწვევით უნდა შევძლოთ. ამ დროს ფსიქოლოგიურ დისკომფორტთან ერთად, ფიზიკურ ტკივილსაც განიცდის პაციენტი. ორგანიზმში ბევრი მავნე ნივთიერებაა დაგროვებული და მათ გასანეიტრალებლად პაციენტებს ვაძლევთ ანტიოქსიდანტებს, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის პროტექტორებს და სხვა. ჩვენი ამოცანაა, რომ პაციენტს მოვუხსნათ შფოთვა, დეპრესია, დისკომფორტი და უძილობა, რათა არ მოინდომოს წამლის ან ალკოჰოლის ხელახალი მოხმარება. დაავადებული უნდა მივიყვანოთ იმ მდგომარეობამდე, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით შეძლოს სიამოვნების მიღება. მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და შეიძლება თვეები გაგრძელდეს. თუმცა როგორც ყველა სხვა ქრონიკული დაავადებები (ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და სხვა), ეს მკურნალობა მართვადი პროცესია," - დაამატა მან.

 

ალკოჰოლიზმის მკურნალობა

ალკოჰოლზე დამოკიდებულებაც ნარკომანიაზე არანაკლები პრობლემაა, რადგან ალკოჰოლი ლეგალური და ამავე დროს უნივერსალური ნარკოტიკია, მისი ფსიქოტროპული ზემოქმედება ანალოგიურია სხვადასხვა ჯგუფის ნარკოტიკების მოქმედებისა.

ალკოჰოლი ანგრევს მთელ ორგანიზმს თავის ტვინიდან დაწყებული ძვლებით დამთავრებული. იწვევს უშვილობას (ქალებში) და უნაყოფობას (მამაკაცებში). ალკოჰოლთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ჩვენი პოპულაცია ღვინოს შედარებით კარგად იტანს. თუმცა ისეთი სასმელები, როგორიცაა ლუდი, ვისკი, არაყი ორგანიზმისთვის გაცილებით მეტი ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. დავიწყებას ეძლევა ღვინის მოხმარების კულტურა, ალკოჰოლის მიღების პროცესში სადღეგრძელოს სახით შესვენების ტრადიცია მოიშალა და ორგანიზმს აღარ რჩება დრო, რომ მიღებული დოზა მეორე პორციის მიღებამდე მოინელოს. ზემოქმედების ეფექტის სწრაფად მიღების მიზნით ღვინო ჩაანაცვლა მაგარმა სასმელებმა რასაც თანსდევს მძიმე თრობა, რომლის შედეგია რთული და ხანგრძლივი „პახმელია" - ამბობს ზ. ჩიქოვანი

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლუდი, რომელიც თითქოს მძიმე ალკოჰოლად არ ითვლება, მაგრამ ძალიან დიდია მისი მავნე ზემოქმედება. სვია, რომელიც იხმარება ლუდის მომზადებისას, დიდი რაოდენობით შეიცავს ესტორგენს, ქალის ჰორმონს. სწორედ ამიტომ ეზრდებათ ლუდის ხშირად მსმელ მამაკაცებს მკერდი, თეძოები და ე.წ. „ლუდის მუცელი". საბოლოოდ, შეიძლება უნაყოფობაც კი გამოიწვიოს, ლუდი ალკოჰოლის გარდა შეიცავს ღვიძლისთვის ტოქსიურ სხვა ნივთიერებებსაც " - დაამატა მან.

 

ნარკოპოლიტიკა საქართველოში

"საქართველოში ნარკოტიკის მოხმარების დინამიკა იცვლება სახელმწიფოს პოლიტიკისდა მიხედვით . 2009 წლამდე ფიქსირდებოდა ჰეროინისა და სუბოტექსის მოხმარების ხშირი შემთხვევები. საბაჟო კონტროლის და სამართლებრივი სანქციების გამკაცრებამ შეამცირა ამ ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარება, მაგრამ თავი იჩინა ახალმა პრობლემებმა - ჯერ კუსტარული ნარკოტიკების (ჯეფი, ვინტი, კოაქსილი, „კრაკადილი") მოხმარებამ, ხოლო მოგვიანებით სააფთიაქო ნარკომანიამ. ბოლო ხანებში აქტუალურია ბიოს, იგივე სპაისების მოხმარება და კუსტარული ნარკოტიკი ე.წ. "წიწვები". ბიო საშინელ კრუნჩხვებსა და ფსიქოზებს იწვევს," - ამბობს ჩიქოვანი.

კლინიკის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს ნარკოტიკული საშუალებებისადმი დამოკიდებულებების 15% მარიხუანასა და ე.წ. „ბიო"-ზე დამოკიდებულება ან მათი მოხმარებით გამოწვეული მწვავე ფსიქოზური მდგომარეობები (10% ში) იყო.

ეს ცალსახად ადასტურებს, რომ მარიხუანა არც ისე უვნებელია, როგორც დღეს მასზე საუბრობენ. ის ე.წ. გამშვებ ნარკოტიკად ითვლება. პაციენტების (90%-ში) ანამნეზში ვკითხულობთ, რომ მან ნარკოტიკის მოხმარება დაიწყო მარიხუანით. მისი მომხმარებლისთვის დამახასიათებელია ამოტივაციური სინდრომი, ზოგჯერ ტრაგიკული შემთხვევებიც, როცა მარიხუანა მოწია და „ჩარჩა". ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დეკრიმინალიზაცია მისაღებია ჩვენთვის, მაგრამ ლეგალიზაციას სჭირდება სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები - ამბობს ზ. ჩიქოვანი.

"სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს დაბალანსებული. ოჯახსა და სკოლაში ახალგაზრდა თაობის აღზრდა ისე უნდა ხდებოდეს, რომ ბავშვმა სიამოვნების მიღება ისწავლოს შრომით, სპორტით, სწავლით, ჯანსაღი ცხოვრების წესით. მან უნდა გააცნობიეროს, რომ ესაა სიამოვნება და არა ნარკოტიკი ან ალკოჰოლი. მან რეალური სამყაროდან უნდა მიიღოს სიამოვნება და არ ეძებოს პარალელური სამყარო. აღზრდის დროს ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ თავიდანვე დიდი ინფრომაცია უნდა იყოს ჩადებული ადამიანში," - ამბობს ის.

მისივე განმარტებით, სახელმწიფოსთვისაც რთულია ნარკოტიკის შემოტანის კონტროლი, რადგან ახალი ნარკოტიკის შავ ბაზარზე გამოჩენის შესახებ ჯერ საკმარისი ინფორმაცია უნდა დაგროვდეს, რომ კანონმდებლობით მოხდეს მისი აკრძალულ სიაში შეყვანა.

 

კლინიკის პაციენტები

პაციენტების უმეტესობა 30-45 წლის ასკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან. იშვიათად ფიქსირდება 20 წლამდე პაციენტი, რადგან ოჯახის წევრები გვიან ხვდებიან ამ ფაქტს, ხოლო პაციენტი ჯერ ვერ აცნობიერებს, რომ ხდება ნარკოდამოკიდებული, თუმცა ამ ჯგუფში ჩვენი ინფორმაციით მომატებულია მოხმარების შემთხვევები.

კლინიკის პაციენტებს შორის ქალები უმცირესობაში არიან, თუმცა აღსანიშნავია ზრდის დინამიკა.

კლინიკაში ანონიმურობა სრულად დაცულია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player