სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თუ თქვენ სწორედ იკვებებით, უვლით პირის ღრუს, გყავთ კვალიფიციური სტომატოლოგი და თან არ გეზარებათ მასთან ურთიერთობა წელიწადში ორჯერ მაინც - ზედმეტად ნუ გაირჯებით და კარიესზე ამ ,,ტრაქტატის’’კითხვით თავს ნუ შეიწუხებთ.

 

მათ კი ვისაც ,,არ სცალია’’, ეს პატარა ირფომაცია დაეხმარება ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლაში.

კარიესის ორ ეტაპს გამოყოფენ: ადრეული, როცა ჯერ მხოლოდ კარიესის ლაქები ჩნდება კბილზე და გვიანი, როდესაც კბილის მყარ ქსოვილზე დეფექტები წარმოქმნება.

 

კარიესის წარმოქმნაში დიდი მნიშვნელობა აქვს გარეგან ფაქტორებს: კვებასა და კბილის ჰიგიენას; მემკვიდრეობასა და ორგანიზმის იმუნურ, საჭმლისმომნელებელი სისტემების მდგომარეობას და ა.შ..

 

ნუ დაელოდებით კარიესის განვითარებას. უმჯობესია, მის წარმოშობას დროულად აარიდოთ თავი. მაგრამ, თუ კარიესი მაინც გაჩნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ადრე მივიდეთ სტომატოლოგთან - ღრმა კარიესის მკურნალობას გაცილებით დიდი დრო სჭირდება, უფრო მძიმედ მიმდინარეობს და თან შეუძლია სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

 

თანამედროვე სტომატოლოგია, ძველ, უკვე აპრობირებულ, ყველასთვის ნაცნობ მეთოდებთან ერთად (კბილის ბჟენი, ქვების მოშორება), კარიესის სამკურნალოდ აქტიურად იყენებს ახალ ტექნოლოგიებს: ქიმიურ-მქანიკურ სისტემას, ოზონს, საჰაერო-კინემატიკურ მეთოდს, ლაზერულ ტექნოლოგიებს. ამ მეთოდების უპირატესობა მკურნალობის უმტკივნეულოდ წარმართვაშია - ბურღისა და ანესტეზიის გარეშე.

 

კარიესის გამომწვევი მიზეზებია: ბაქტერიების დიდი რაოდენობა კბილის ნადებზე. თავისთავად, კბილის ნადები ჩნდება თერმულად დამუშავებული საკვებით, რომელიც ნახშირწყლებით არის მდიდარი. სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანის ძირითად საკვებს სწორედ ასეთი სახის რაციონი წარმოადგენს. თუ ნადებს დროულად არ მოვაშორებთ კბილს, ბაქტერიები სწრაფად გამრავლდებიან და მეტ მჟავას გამოყოფენ. მჟავა კი გამორეცხავს ფტორსა და კალცს კბილის ემალიდან, კბილი თანდათან დარბილდება, ბაქტერიები სულ უფრო ღრმად შეაღწევენ კბილში და დააზიანებენ მას.

 

კარიესის წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი კვება (ცილების, ვიტამინების, მინერალური მარილებისა და ფტორის ნაკლებლობა), ტკბილეულის ზომაზე მეტის მიღება და სტრესი.

 

რბილი ნადების წარმოქმნა პირდაპირ ჭამის დროს ხდება. ნადები არის საკვების უწვრილესი ნამცეცი, რომელიც, ძირითადად, ნახშირწყლებისგან შედგება. თუ კბილი უახლოეს 72 საათში არ გაიწმენდა, რბილი ნადები გამაგრდება და კბილს მიეკვრება. მასში დაბუდებული ბაქტერიები ნახშირწყლებს მჟავეებად გადაამუშავებენ და კბილის ემალი მათი ზემოქმედებით დარბილდება. სწორედ ეს არის კარიესის პირველი სტადია, ანუ კარიესული ლაქა. ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ, შეიძლება დაზიანების პროცესის შეჩერება.

 

კარიესის მეორე სტადიაზე პროცესი უფრო მძიმდება. დაზიანება ღრმად ჩადის კბილის ძვლოვან ქსოვილამდე (დენტინი), რომელიც უფრო ნაკლებად უძლებს კარიესის შემოტევას და დაშლა ჩქარდება. თუ მოცემულ ეტაპზე დროზე არ ვუმკურნალებთ კარიესს, დანტინის დაშლა წარმოშობს ხვრელს და უკვე ღრმა კარიესთან გვექნება საქმე.

 

კარიესის ამოცნობა საკმაოდ იოლია:
კბილებზე შავი ლაქები;
კბილის ხორკლიანი ზედაპირი;
ჭამის დროს კბილის მსუბუქი ტკივილი, რეაგირება ტკბილსა და მჟავეზე, ცხელსა და ცივზე;
პირიდან უსიამოვნო სუნი;
ენით კბილის დაზიანების შეგრძნება.

 

კარიესმა შეიძლება ისე ღრმად დააზიანოს კბილი, რომ პულპასაც (შემაერთებელი ქსოვილი, რომლითაც ამოვსებულია კბილის გვირგვინისა და ფესვის ღრუ) შეეხოს. ადამიანები, რომლებიც უკვე მწვავე ტკივილით იტანჯებიან, სწორედ ის პაციენტები არიან, რომელთაც კარიესი პულპიტში გადაუვიდათ.

 

დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოზს სვამს ექიმი-სტომატოლოგი, რომელიც ადგენს რამდენად ძლიერად არის დაზიანებული კბილი. პირის ღრუს შემოწმების გარდა, პაციენტს შეიძლება დაენიშნოს კბილის რენტგენოგრაფია, ან რადიოვიზიოგრაფია.
კარიესის მკურნალობა დამოკიდებულია კბილის ქსოვილის დაზიანების ხარისხზე. იმის მიხედვით, თუ რა სტადიაზეა კარიესული ლაქა, ტარდება რემინერალიზაცია სპეციალური ხსნარით. ზედაპირულ, საშუალო და ღრმა კარიესის დროს კბილს ბურღავენ და ბჟენს აყენებენ.

 

პროფილაქტიკა
რომ არ დავუშვათ კარიესი გაჩენა მთავარია სწორი კვება:
რაციონში შეიტანეთ ბოსტნეული, ხილი- ნაკლები ცომეული და ტკბილი;
გაიწმინდეთ კბილები 2 წუთის განმავლობაში დილა-საღამოს;
დროულად მოიშორეთ კბილის ,,ქვები’’;
პროფილაქტიკისთვის სტომატოლოგს წელიწადში ორჯერ ეწვიეთ.

 

კარიესის მკურნალობა
ექიმის კონსულტაციის შემდეგ პაციენტი ირჩევს ბჟენს: ამალგამა, ან ქიმიური კომპოზიტები.

 

ამალგამა - მეტალის ბჟენი, რომელიც საკმაოდ მყარი და საიმედოა, მაგრამ არა აქვს გარეგნული მიმზიდველობა. ამასთან ერთად, მასში შემავალი ვერცხლისწყლის არსებობის გამო, მავნებელია ორგანიზმისთვის. ასეთ ბჟენს, ჩვეულებრივ, აყენებენ საღეჭ კბილებსა და გვირგვინის ქვემოთ.

 

ქიმიურად გამაგრებადი კომპოზიტები - მყარი მასალა, რომელიც მაგრდება პასტასა და პასტა-კატალიზატორს შორის ქიმიური რეაქციის შედეგად. დადებითი თვისება - არ იშლება ნერწყვით. უარყოფითი მხარე - შეზღუდული ფერადი შკალა,არაესთეტიურობა და სწრაფად გამაგრება, რაც ექიმს ხელს უშლის ბჟენის მოდელირებაში .

 

სხივითი გამაგრებადი კომპოზიტები (ჰელიობჟენები) - მყარდება მხოლოდ სინათლის ტალღის სიგრძის ზემოქმედებით. ეს თვისება ექიმს საშუალებას აძლევს აუჩქარებლად და შემოქმედებითად მიუდგეს საქმეს. გარდა ამისა ჰელიობჟენი სხვადასხვა ფერისა და გამჭვირვალეობისაა. მეთოდის უარყოფითი მხარეა: მუშაობის პროცესში ბჟენში წარმოიშვება მნიშვნელოვანი დაჭიმულობა. ვინაიდან ასეთი ტიპის ბჟენი კარგად უერთდება კბილის ქსოვილს, კბილში შეიძლება გაჩნდეს ბზარები, ან სულაც მოტეხოს მისი კედელი.
დღეს შემუშავებულია დაბჟენვის ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ორივე მეთოდის საუკეთესო თვისებებს ერთდროულად გამოიყენებს და ნიველირებას გაუკეთებს მათ უარყოფით მხარეებს.

 

მკურნალობის ტექნოლოგია
კარიესის წარმატებული მკურნალობა დამოკიდებულია ტექნოლოგიის დაცვაზე: ბურღვისას კბილი არ გადახურდეს, პრეპარაცია იყოს წყვეტილი და ზედმეტი წნევის გარეშე.

 

გამოიყენება ზესისწრაფის ბურღები (მუშაობისას ჩუმი სტვენის ხმას გამოსცემენ), რომლებიც განკუთვნილია მაგარი ემალისა და მკვრივი დენტინის პრეპარაციისათვის. დაბალი სიჩქარის ბუნიკები კი მუშაობის პროცესში ბზუილის ხმას გამოსცემენ და განკუთვნილია დენტინზე დარბილებული კარიესის მოსაცილებლად.

 

გამართლებული არ არის როცა სტომატოლოგი ასისტენტის გარეშე მუშაობს და ამით არღვევს ტექნოლოგიას.
დღეს, კბილის მკურნალობის ტექნოლოგიაში, არსებობს ნოვატორული, თითქმის რევოლუციური მეთოდები, რომელთა წყალობით თქვენი კბილები უფრო ესთეტიკური და ბუნებრივთან მიახლოვებული იქნება. ეს დროისა და თქვენი ბიუჯეტის დიდ ხარჯვასთან არის დაკავშირებული და ამიტომ გირჩევთ: დაუთმეთ კვების კულტურას დიდი დრო და იცხოვრებთ უპრობლემოდ.

წარმატებას გისურვებთ!

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player