სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

როდის ამბობს ქალი უარს სქესობრივ აქტზე

 

 


სექსუალურ თემებზე საუბარი და სექსუალური განათლების მიღება აუცილებელია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის, რადგან ჩვენში სექსუალური კულტურა ძალზე დაბალია, რაც ხშირად მრავალი პრობლემის მიზეზი ხდება. თუ რა მითები არსებობს პირველ სქესობრივ აქტთან დაკავშირებით და რა პრობლემებით აკითხავენ ქალები სექსოლოგებს, ამ საკითხებზე გვესაუბრება „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ექიმი-სექსოლოგი თამარ ჯოჯიშვილი.

– რატომ მიაჩნიათ, რომ სქესობრივი აქტის დროს წამყვანი როლი მამაკაცს ეკუთვნის და შესაბამისად, რატომ საუბრობენ უფრო მეტად მამაკაცების სექსუალურ პრობლემებზე?

– სქესობრივი აქტის დროს წამყვანი როლი მართლაც მამაკაცს ენიჭება, მით უმეტეს, როდესაც
ვსაუბრობთ პირველ სქესობრივ აქტზე. ასეთ დროს მამაკაცმა უნდა გაუწიოს ანგარიში ქალს, ეს ბუნებრივია. ასევე, ფიასკოს შემთხვევაშიც, მიზეზს მამაკაცებში ეძებენ და ჯერ მის გამოკვლევას ითხოვენ, თუმცა შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ პრობლემა ქალშია. აქვე მინდა გითხრათ, რომ ქალების სექსუალური პრობლემები ბევრად უფრო სერიოზულია, მაგრამ ქალები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ, რომ მათი გინეკოლოგიური და სხვა ორგანული დარღვევები, თუნდაც ნევროზული მდგომარეობა, შესაძლოა, სექსუალური პრობლემების გამო ჩამოყალიბდეს. მიუხედავად ამისა, საქართველოში ქალები საკუთარ თავს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და სექსუალურ პრობლემებს ტრაგედიად არ აღიქვამენ, მამაკაცებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც სექსუალური ფუნქცია მამაკაცობის მთავარი გამოვლინებაა. აქედან გამომდინარე, მამაკაცების სექსუალური ფუნქციის, მისი დარღვევების შესწავლა საკმაოდ მაღალ დონეზეა, შესაბამისად, მათი სამკურნალო საშუალებებიც გაცილებით მეტია და უფრო ეფექტურიც. თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს ქართველი ქალების სექსუალური კულტურა უკვე ამაღლებულია და ისინი სექსუალური პრობლემების შემთხვევაში უწინდელთან შედარებით უფრო ხშირად აკითხავენ სპეციალისტებს.

– უფრო ხშირად რა პრობლემებით მოდიან ქალბატონები თქვენთან?

– რადგან პირველი სქესობრივი აქტი ვახსენეთ, უპირველესად უნდა ვახსენოთ ვაგინიზმი თუმცა, სანამ კონკრეტულად ამ პრობლემაზე ვისაუბრებდეთ, გეტყვით, რომ პირველი სქესობრივი აქტი უმნიშვნელოვანესია წყვილს შორის, როგორც მათ შემდგომ სექსუალურ ცხოვრებაში, ასევე ნებისმიერ სფეროში. ამიტომაც შესაძლოა, პირველი სქესობრივი აქტის შემდეგ ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალოს. რაც შეეხება ვაგინიზმს, უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა პირველი სქესობრივი აქტის დროს საკმაოდ ბევრ
ქალს აწუხებს. ვაგინიზმი არის საშოს კუნთების უნებლიე შეკუმშვა, რის შედეგადაც სქესობრივი აქტის ჩატარება შეუძლებელია.



ვაგინიზმი სხვადასხვა ხარისხისა და სახის არსებობს. არსებობს ფობიური და ისტერიკული ვაგინიზმი; ფობიური არის შიშისმიერი. ამ დროს ქალს აქვს სქესობრივი აქტის შიში, ხოლო ისტერიკული არის უარის თქმა სქესობრივ აქტზე. ვაგინიზმის მიზეზი შეიძლება იყოს გადატანილი ტრავმები, ორგანული მიზეზები და აღზრდაც კი. თუნდაც ის, რომ გოგონას აქვს სქესობრივი აქტის შიში, ეს მომდინარეობს იმ მითებიდან პირველი სქესობრივი აქტის შესახებ, რაც ჩვენში იყო დამკვიდრებული. მაგალითად: რატომღაც გოგონებს ჰგონიათ, რომ პირველი სქესობრივი აქტის დროს საქალწულე აპკის დარღვევა აუცილებლად უნდა იყოს მტკივნეული. ეს, რა თქმა უნდა, გაზვიადებული შეხედულებაა. უფრო მეტიც, ეს შიში ხშირად არა მხოლოდ ქალებს, მამაკაცებსაც აქვთ, რადგან მათ გარკვეული ბარიერის გადალახვა უწევთ. ვაგინიზმი ისეთ ქალებს ემართებათ, ვისაც ინფანტილური დამოკიდებულება აქვთ თავიანთი სექსუალობის მიმართ. ისინი თავიანთ სხეულს არასრულფასოვნად აფასებენ და დაბალი თვითშეფასებითაც გამოირჩევიან. ვაგინიზმი შეიძლება ჩამოუყალიბდეთ ისეთ ქალბატონებსაც, ვისაც მამაკაცის მიმართ აგრესია აქვთ. აქვე გეტყვით, რომ ვაგინიზმი 100 პროცენტით იკურნება თუ ქალი ამ პრობლემის გადასაჭრელად სპეციალისტს მიაკითხავს.

– სექსუალური პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში რა როლი ენიჭება პარტნიორების ფსიქოლოგიურ მომენტს?

– შესაძლოა, სექსუალური პრობლემის მიზეზი ფსიქოლოგიური მომენტი იყოს. თუნდაც ვთქვათ, ვაგინიზმის დროს – შიში, თუმცა ამას მოჰყვება სექსუალური პრობლემები, რაც შესაძლოა, ისევ ფსიქოლოგიური პრობლემებით გაგრძელდეს, ანუ ეს ორივე მომენტი ურთიერთკავშირშია. მაგალითად, როდესაც სქესობრივი აქტის დროს ქალს ვაგინიზმი აქვს და წყვილი ვერ ახერხებს სრულფასოვანი სქესობრივი ურთიერთობის დამყარებას, უცოდინრობის გამო, შეიძლება, მამაკაცს გაუჩნდეს ეჭვი, რომ პრობლემა მასშია. ეს, მოგეხსენებათ, მამაკაცისთვის ძალზე მტკივნეულია და შესაძლოა, მას ფსიქოლოგიურად გაუჩნდეს პრობლემა. ჩამოუყალიბდეს არასრულფასოვნების განცდა. არის მეორე მომენტიც – როდესაც წყვილი ვერ ახერხებს სრულფასოვანი სქესობრივი აქტის განხორციელებას და რასაც ვირგოგამიას, ანუ „ქალწულებრივ ქორწინებას“ ვუწოდებთ, წყვილი ერთმანეთს ძალიან უახლოვდება. ისინი ერთმანეთს ამ საიდუმლოს უნახავენ, რადგან არ იციან, რა პრობლემა აქვთ. სპეციალისტთან ვიზიტისგან კი თავს იკავებენ და შესაძლოა, წლების განმავლობაში იცხოვრონ ასე. პარტნიორები, ალბათ, ასეც იცხოვრებდნენ ბოლომდე, უშვილობა რომ არ აწუხებდეთ. ეს დაბალი სექსუალური კულტურის მაჩვენებელია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სექსოლოგია არის სფერო, რომელშიც მუდმივად შეიძლება კორექტივების შეტანა. პარტნიორების სწორი დამოკიდებულებით, მონდომებით, გონივრულობითა და სექსოლოგის დახმარებით, ყოველთვის შესაძლებელია ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება.

– არის თუ არა შესაძლებელი, ქალმა წინასწარ გაარკვიოს, აქვს თუ არა რამე სექსუალური პრობლემა, რათა პირველი სქესობრივი აქტის დროს მომზადებული იყოს?

– სხვათა შორის, აქვს თუ არა ქალს ვაგინიზმი, ამის გარკვევა წინასწარ, სქესობრივი აქტის ჩატარებამდე, ძალიან მარტივად ხდება და ასეთი ქალები ჩვენთან ხშირად მოდიან. ეს ძალიან
კარგი და მისასალმებელია, როდესაც ქალი წინასწარ არკვევს, აქვს თუ არა რამე პრობლემა, დარღვევა, რომ პირველი ღამის შემდეგ იმედგაცრუება არ განიცადოს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. საერთოდაც, გოგონები ზრდის პროცესში გაცნობიერებულად და გაუცნობიერებლად სქესობრივი აქტისთვის ემზადებიან და ეს კანონზომიერია, რადგან გოგონა სრულფასოვან ქალად პირველი სქესობრივი აქტის შემდეგ ყალიბდება. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან იშვიათია ისეთი შემთხვევა, როდესაც ქალმა პირველივე სქესობრივი აქტის დროს ორგაზმს მიაღწიოს, თუმცა ეს შესაძლებელია. დაბოლოს, ყოველივეს გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია როგორც ქალების, ისევე მამაკაცების სექსუალური კულტურის ამაღლება, რაც ოჯახში მცირე ასაკიდან უნდა დაიწყოს და ამაში უმნიშვნელოვანესი როლი სწორედ მშობლებს ენიჭებათ. ჯანსაღი სქესობრივი აღზრდა ისევე აუცილებელია ბავშვისთვის, როგორც ფიზიკური და სულიერი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player