სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) ეს არის სხვადასხვა სახის ინფექცია, რომელთა გადაცემა ხდება სქესობრივი კონტაქტების დროს. ეს დაავადებები უძველესი დროიდან არსებობს. წარსულში ისინი "ვენერიული სნეულებების" სახელწოდებით იყო ცნობილი.
დღეისათვის 30-მდე სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა ცნობილი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია: ტრიქომონიაზი, გონორეა, ქლამიდიოზი, სიფილისი, ადამიანის პაპილომავირუსი ინფექცია, სასქესო ორგანოების ჰერპესი, აივ ინფექცია/შიდსი, B და C ჰეპატიტი, ციტომეგალოვირუსი ინფექცია, სოკოვანი ინფექცია და ა.შ.
ბოლო ხანს აღინიშნება სგგი-თ ავადობის ზრდა. თანამედროვე სტატისტიკით მსოფლიოში ყოველწლიურად სგგი-ს 330 მილიონი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, ესეიგი ყოველდღიურად - 1 მილიონი ადამიანი. დაავადებულთა შორის ქალები 2-ჯერ მეტია, ვიდრე მამაკაცები. სგგი განსაკუთრებით ხშირია 18-25 წლის ახალგაზრდებში.
თუ ხართ სექსუალურად აქტიური, ან ემზადებით ამისთვის, უნდა ისწავლოთ როგორ აარიდოთ თავი ამ დაავადებებს.
რა ძირითადი ნიშნები ახასიათებს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს:
• უჩვეულო გამონადენი სასქესო ორგანოებიდან;
• ქავილი გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში;
• სიწითლე და სხვადასხვა სახის გამონაყარი (ბუშტუკები, მეჭეჭები, წყლულები) გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში;
• სხვადასხვა სახის დისკომფორტი- წვა, ტკივილი, შეშუპება;
• გაძნელებული ან ხშირი შარდვა.
შეიძლება გქონდეთ ამ ნიშანთაგან ერთი ან რამდენიმე, მაგრამ გახსოვდეთ: ზემოთ აღნიშნული ჩივილების არსებობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაქვთ სგგი და არც მათი არარსებობა გამორიცხავს ინფექციას აბსოლუტურად. საბოლოო დიაგნოზი მხოლოდ სრული გამოკვლევით ისმება.