სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

მართვის თანამედროვე პრინციპები


ნინო მანჯავიძე


საქართველოს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის კათედრის გამგე, მედ.მეცნ. დოქტორი, პროფესორი

ნანი ყავლაშვილი

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მდივანი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი



ყველა ბავშვი, ვისაც აქვს “ხიხინი" (wheeze), ასთმით არის დაავადებული?
რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი მეტი შანსია, რომ მორეციდივე “ხიხინი" სხვა დაავადებით იყოს გამოწვეული. ჩვილებში გამოყოფენ ორ ძირითად ჯგუფს:


• ჩვილები, რომლებიც არაატოპური ოჯახებიდან არიან და თვითონაც არ აქვთ ატოპია, მაგრამ აქვთ მორეციდივე “ხიხინი", რომელიც დაკავშირებულია მწვავე რესპირაციულ ვირუსულ ინფექციებთან. ასეთ ჩვილებს ჩვეულებრივ სკოლამდელი ასაკისათვის აღარ აღენიშნებათ სიმპტომები და შემდგომში არ უვითარდებათ ასთმა.


• ჩვილები, რომელთაც აქვთ ატოპია და ხშირად ასთმის სიმპტომებს თან ახლავს ეკზემა. ასეთ ბავშვებში სიმპტომები არამარტო მთელი ბავშვობის პერიოდში, არამედ მოზრდილობისასაც გვხვდება. იმ “მოხიხინე" ბავშვებში, რომელთა მშობლებსაც აქვთ ასთმა ან ატოპიის სხვა გამოვლინება, 6 წლისათვის ყალიბდება ასთმა. ამ ბავშვებში სათანადო მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება შეტევათა სიხშირის და ხანგრძლივობოს შემცირება.
ჯანდაცვის მუშაკებს მოვუწოდებთ ბავშვობის ასაკში ვირუსით გამოწვეული მორეციდივე “ხიხინის" საღწერად გამოიყენონ ტერმინი ასთმა, ვიდრე სხვა ტერმინოლოგია.
ადრეულ ასაკში მორეციდივე ხიხინის სხვა მიზეზებია: მუკოვისციდოზი, რძის ასპირაცია, პირველადი ცილიარული დისკინეზიის სინდრომი, გულის თანდაყოლილი მანკი, სასუნთქი გზების თანდაყოლილილი ანომალიები და უცხო სხეულის ასპირაცია. “ხიხინის" სხვა მიზეზების გამოსარიცხად აუცილებელია გულმკერდის რენტგენოგრაფის ჩატარება.
სქემა 1. არის თუ არა ასთმა?
ასთმის დიაგნოზი შეიძლება დაისვას მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით, თუმცა ფილტვის ფუნქციის განსაზღვრა ზრდის დიაგნოზის სისწორეს.
თუ ქვემოთჩამოთვლილი ნიშნებიდან და სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც არის გამოხატული, ივარაუდეთ ასთმის არსებობა:


• “ხიხინი" – მაღალი ტემბრის მქონე მსტვინავი ხმიანობა ამოსუნთქვის დროს – განსაკუთრებით ბავშვებში (ფილტვების გასინჯვის დროს ნორმალური მაჩვენებელები არ გამორიცხავს ასთმას).
• ანამნეზში ერთ-ერთი ნიშნის არსებობა:
* ხველება, რომელიც უარესდება ღამით;
* მორეციდივე “ხიხინი";
* სუნთქვის პერიოდული გაძნელება;
* გულმკერდში შებოჭვის პერიოდული შეგრძნება.
• სიმპტომები ვითარდება ან ძლიერდება ღამით, რის გამოც პაციენტს ეღვიძება;
• სიმპტომების განვითარებას იწვევს ან აუარესებს:
* ბეწვიან ცხოველებთან კონტაქტი;
* ქიმიური აეროზოლები;
* ტემპერატურის ცვლილება;
* ოთახის მტვრის ტკიპა;
* წამლები (ასპირინი, β-ბლოკატორები);
* ვარჯიში;
* მცენარის მტვერი;
* რესპირაციული (ვირუსული) ინფექცია;
* ბოლი;
* ძლიერი ემოციური განცდა.
• ჰაერის ნაკადის ვარიაბილური და შექცევადი შეფერხება სპირომეტრიით (FEV1 და FVC) ან პიკ-ფლოუმეტრიით (PEF) 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში. პიკ-ფლოუმეტრიის გამოყენებისას, იფიქრეთ ასთმაზე, თუ აღინიშნება:
* მაჩვენებლების მატება 15%-ზე მეტად სწრაფი მოქმედების β2–აგონისტის გამოყენებიდან 15-20 წუთში, ან
* მაჩვენებლების ცვალებადობა 20%-ზე მეტად დილით გაღვიძებისას და 12 საათის შემდეგ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბრონქოდილატატორებს (10%-ზე მეტად იმ პაციენტებში ვინც ბრონქოდილატატორებს არ იღებს) ან
* მაჩვენებლების შემცირება 15%-ზე მეტად 6 წუთიანი სირბილის ან ვარჯიშის შემდეგ

 

სქემა 2. პიკ-ფლოუმეტრი – გამოყენება და ტექნიკა
• ფილტვის ფუნქციის გაზომვით დგინდება ჰაერის ნაკადის შეფერხების ხარისხი, რაც გვეხმარება ასთმის დიაგნოსტირებასა და მართვაში.
• ჰაერის ნაკადის შეფერხების ხარისხის შესაფასებლად გამოიყენება 2 მეთოდი. პიკ-ფლოუმეტრი ზომავს ამოსუნთქული ჰაერის ნაკადის მაქსიმალურ სიჩქარეს (პიკ-ფლოუს PEF) და სპირომეტრი ზომავს ფორსირებული სუნთქვისას ამოსუნთქვის მოცულობას 1 წამში (FEV1) და ფორსირებული სუნთქვის სასიცოცხლო ტევადობას (FVC). ფილტვის ფუნქციის მონაცემების სისწორე დამოკიდებულია პაციენტის ძალისხმევასა და სწორ ტექნიკაზე.
• არსებობს სხვადასხვა სახის პიკ-ფლოუმეტრი და სპირომეტრი, ტექნიკა ყველასთვის ერთნაირია. პატარა ბავშვებში უმჯობესია “დაბალი ნაკადის" პიკ-ფლოუმეტრის გამოყენება, მწარმოებლის მიერ მითითებულია ასაკი, როდესაც შეიძლება პიკ-ფლოუმეტრის გამოყენება. პიკ-ფლოუმეტრის გამოყენებისას, პაციენტი უნდა:
* ადგეს, პიკ-ფლოუმეტრი ისე დაიჭიროს, რომ ხელი არ შეუშალოს შკალაზე მაჩვენებლის მოძრაობას. მაჩვენებელი უნდა იყოს შკალის ქვედა ნიშნულზე.
* ღრმად ჩაისუნთქოს, ტუჩები მოკუმოს მუნდშტუკის ირგვლივ და ამოისუნთქოს რაც შეიძლება ძლიერად და სწრაფად. ენა არ უნდა მოხვდეს მუნდშტუკში.
* ჩაიწეროს მონაცემი, მაჩვენებელი დააბრუნოს ნულზე.
* გაზომვა გაიმეოროს ორჯერ. პიკ-ფლოუს მაჩვენებლად მიიჩნიოს უმაღლესი სამი შედეგიდან.
• თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, პიკ-ფლოუს მაჩვენებლის (PEF) ყოველდღიური მონიტორინგი 2-3 კვირის მანძილზე სასარგებლოა, დიაგნოზის დადგენისა და მკურნალობის შერჩევისათვის. თუ 2-3 კვირის მანძილზე ვერ მოხერხდა პიკ-ფლოუს მოსალოდნელი მაჩვენებლის 80%-ის მიღწევა (პიკ-ფლოუს მოსალოდნელი მაჩვენებლი თან ახლავს ხელსაწყოს), შეიძლება საჭირო გახდეს ბავშვის საუკეთესო ინდივიდუალური მაჩვენებლის დადგენა მაგ. გლუკოკორტიკოსტეროიდების ორალური კურსის გამოყენებით.
პიკ-ფლოუს მაჩვენებლის (PEF) ხანგრძლივი მონიტორინგი სიმპტომებზე დაკვირვებასთან ერთად გვეხმარება ბავშვის მკურნალობის ეფექტურობის შეფასებაში. პიკ-ფლოუს მაჩვენებლის მონიტორინგი მდგომარეობის გაუარესების ადრეული დადგენის საშუალებას იძლევა, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.
ბავშვებში ასთმის დიაგნოსტირებისას მნიშვნელოვანია შემდეგი:
• მორეციდივე ღამის ხველის არსებობა სხვა მხრივ ჯანმრთელ ბავშვში სავარაუდოს ხდის ასთმის დიაგნოზს.
• ასთმის მედიკამენტის ეფექტურობა ასთმის დიაგნოსტირების საუკეთესო საშუალებაა.
• ასთმის მართვისთვის მნიშვნელოვანია სიმპ-ტომებისა და PEF მაჩვენებლების (5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში) დღიურის გამოყენება.
• ზოგიერთ ბავშვში ასთმა ვლინდება “ხიხინით" და ხველებით მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას. თუ დიაგნოზი საეჭვოა, მაჩვენებლების შემცირება 15%-ზე მეტად 6 წუთიანი სირბილის ან ვარჯიშის შემდეგ, დაადასტურებს დიაგნოზს.
• კანის ალერგიის ტესტები ან სისხლში სპეციფიური IgE-ს განსაზღვრა, დაგვეხმარება რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაციაში.
• ასთმა სავარაუდოა, თუ ბავშვის გაცივების დროს სიმპტომები რეგულარულად “გადადის ქვემოთ გულმკერდში" ან გაცივებისგან გამოჯანმრთელებას 10 დღეზე მეტი სჭირდება, ან ბავშვის მდგომარეობა უმჯობესდება ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტის მიცემისას.
ასთმის სიმძიმის კლასიფიკაცია
ასთმის კლასიფიკაცია როგორც ინტერმისიული, მსუბუქი, საშუალო თუ მძიმე პერსისტიული, ეფუძნება სიმპტომებისა და ფილტვის ფუნქციის (5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში) ერთობლივ შეფასებას. ასთმის სიმძიმე განსაზღვრავს მკურნალობას. თუ ბავშვს უკვე უტარდება მკურნალობა, სიმძიმის შეფასება უნდა ეფუძნებოდეს არსებულ კლინიკურ ნიშნებსა და მედიკამენტებს, რომელსაც ბავშვი იღებს.
• სიმძიმის ერთი ნიშნის არსებობა საკმარისია ბავშვის შესაბამის კატეგორიაში მოთავსებისათვის.
• ინტერმისიული ასთმის მქონე ბავშვებს, რომელთაც აღენიშნებათ მძიმე გამწვავებები, მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ, როგორც საშუალო პერსისტიული ასთმის დროს.
• ბავშვებს სიმძიმის ნებისმიერი დონის დროს – ინტერმისიული ასთმის ჩათვლით – შეიძლება ჰქონდეთ მძიმე შეტევები.
ასთმის მართვისა და კონტროლის ექვსნაწილიანი პროგრამა
ასთმის სათანადო მართვა ბავშვებში განაპირობებს შეტევების პრევენციას, დღის და ღამის სიმპტომების არ არსებობას და ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას. ექვსნაწილიანი მენეჯმენტის პროგრამა მოიცავს:
ნაწილი 1. ბავშვების/ოჯახების განათლება ასთმის მართვაში პარტნიორობის მისაღწევად
ნაწილი 2. ასთმის სიმძიმის შეფასება და მონიტორინგი
ნაწილი 3. რისკ-ფაქტორების მოქმედების თავიდან აცილება
ნაწილი 4. ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის შექმნა ასთმის ხანგრძლივი მართვისათვის ჩვილებში, სკოლამდელ, სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ნაწილი 5. ასთმის შეტევის მართვის ინდივიდუალური გეგმის შექმნა.
ნაწილი 6. რეგულარული შემდგომი მეთვალყურეობა
ასთმის წარმატებული მართვის მიზანია:
• სიმპტომების (მათ შორის ღამის) არ არსებობა ან მინიმალური გამოხატულება;
• ასთმის შეტევების ან ეპიზოდების მინიმალური რაოდენობა;
• ექიმთან თუ საავადმყოფოში გადაუდებელი ვიზიტის საჭიროების არ არსებობა;
• მედიკამენტებზე მინიმალური მოთხოვნილება;
• შეუზღუდავი ფიზიკური აქტივობა;
• ნორმასთან მიახლოებული ფილტვის ფუნქცია;
• მედიკამენტების მინიმალური გვერდითი მოქმედება ან მათი არ არსებობა.
ნაწილი 1. ბავშვების/ოჯახების განათლება ასთმის მართვაში პარტნიორობის მისაღწევად
ბავშვები და მათი ოჯახები აქტიურად უნდა ჩაერთონ ასთმის მართვაში. მათ შეუძლიათ ისწავლონ:
• რისკ-ფაქტორების მოქმედების თავიდან აცილება;
• მედიკამენტების სწორად მიღება;
• განსხვავება “შეტევის მომხსნელ" და “პრევენციულ" მედიკამენტებს შორის;
• შეაფასონ თავიანთი მდგომარეობა სიმპტომების საშუალებით, 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში პიკ-ფლოუს მაჩვენებლებზე დაყრდნობით.
• გამოიცნოს მდგომარეობის გაუარესების ნიშნები და იმოქმედოს სათანადოდ;
• საჭიროების დროს დროულად მიმართოს სამედიცინო დახმარებას.
ბავშვთან და ოჯახთან ერთობლივი მუშაობის შემდეგ უნდა შედგეს ასთმის მართვის პერსონალური სქემა, რომელიც უნდა მოიცავდეს:
• გრძელვადიანი კონტროლის მისაღწევ პრევენციულ ღონისძიებებს:
* ასთმის რისკ-ფაქტორების თავიდან აცილება;
* ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტები.
• ასთმის შეტევის მოსახსნელ ღონისძიებებს:
* მდგომარეობის გაუარესების ამოცნობა – ჩამოთვალეთ მაჩვენებლები, როგორიცაა: ხველის, გულმკერდის შებოჭვის გრძნობის, ხიხინის, სუნთქვის გაძნელების გაძლიერება, ძილის დარღვევა, შეტევის მოსახსნელი წამლების გამოყენების გაზრდა, პიკ-ფლოუს მაჩვენებლების პაციენტის საუკეთესო მაჩვენებელზე დაბლა დაქვეითება წამლის დოზის მომატების მიუხედავად.
* გაუარესების პერიოდში ასთმის მკურნალობა – ჩამოთვალეთ შეტევის მოსახსნელი წამლების და გლუკოკორტიკოსტეროიდების დასახელებები და დოზები და მიღების წესი.
* სამედიცინო დახმარებისთვის დროული მიმართვა – მაჩვენებლები, როგორიცაა: შეტევის სწრაფი დაწყება, მოსვენების მდგომარეობაში სუნთქვის უკმარისობა ან ლაპარაკის გაძნელება, პანიკური შიშის შეგრძნება, გარკვეულ დონეზე დაბალი პიკ-ფლოუს მაჩვენებელი, ანამნეზში მძიმე შეტევა. მიუთითეთ ექიმის ან კლინიკის სახელი, მისამართი, ტელეფონი.
საგანმანათლებლო მეთოდები უნდა შეეფერებოდეს პაციენტის ასაკს. სწავლებას შედეგიანს ხდის სხვადასხვა მეთოდების გამოყენება – საუბრები, საინფორმაციო მასალის მიწოდება, ჯგუფური მეცადინეობა, ვიდეო და აუდიო კასეტები, თეატრალიზებული წარმოდგენები, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფები.
მიმდინარე განათლება, ბავშვის ყველა ვიზიტის დროს, ასთმის მართვაში წარმატების საწინდარია.
ნაწილი 2. ასთმის სიმძიმის შეფასება და მონიტორინგი
• ასთმის კონტროლი მოითხოვს გრძელვადიან მკურნალობას და მონიტორინგს.
• მონიტორინგი მოიცავს სიმპტომების რეგულარულ შეფასებას და ფილტვის ფუნქციის შესწავლას (5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში).
* პიკ-ფლოუს მინიტორინგი ექიმთან ყველა ვიზიტის დროს, სიმპტომების შეფასებასთან ერთად საშუალებას იძლევა შევაფასოთ მკურნალობის ეფექტურობა და საჭიროების დროს შევიტანოთ მასში ცვლილებები. თუ პიკ-ფლოუს მაჩვენე-ბელი რეგულარულად აღემატება პაციენ-ტის საუკეთესო მაჩვენებლის 80%-ს, ეს ასთმის კარგ კონტროლზე მიუთითებს.
* ბინაზე პიკ-ფლოუს მაჩვენებელის ხანგრძლივი მონიტორინგი პაციენტსა და მის მშობლებს ეხმარება ამოიცნოს მდგომარეობის გაუარესების ადრეული ნიშნები (პიკ-ფლოუს მაჩვენებელი პაციენტის საუკეთესო მაჩვენებლის 80%-ზე ნაკლებია). ეს საშუალებას მისცემს მათ დროულად იმოქმედონ გეგმის მიხედვით და თავიდან აიცილონ მძიმე შეტევა. ბინაზე პიკ-ფლოუს მაჩვენებელის ხანგრძლივი მონიტორინგი ადვილი განსახორციელებელი არ არის, მაგრამ რეკომენდებულია იმ პაციენტებისათვის, რომლებიც ადეკვატურად ვერ აღიქვამენ სიმპტომებს, ან ერთხელ მაინც ყოფილან ასთმის გამო ჰოსპიტალიზებული.
• ასთმის კონტროლის მიღწევის შემდეგ მნიშვნელოვანია რეგულარული ვიზიტი ექიმთან (1-6 თვეში ერთხელ). ყოველი ვიზიტის დროს განიხილეთ სქემა 4-ში მოცემული კითხვები.
• პაციენტები უკეთესად იცავენ ასთმის მკურნალობის გეგმას, თუკი მათ და მათ მშობლებს საშუალება ეძლევათ გესაუბრონ, თავიანთ განცდებსა თუ შიშებზე.
ნაწილი 3: რისკ-ფაქტორების მოქმედების თავიდან აცილება
* ასთმის კონტროლის გაუმჯობესებისა და მედიკამენტების საჭიროების შემცირებისათვის, ბავშვებმა თავიდან უნდა აიცილონ რისკ-ფაქტორების ზემოქმედება
* ასთმის პირველადი პრევენცია ჯერ არ არის შესაძლებელი, ამ მხრივ მიმდინარეობს აქტიური კვლევები.
ნაწილი 4: ასთმის გრძელვადიანი მკურნალობის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება ჩვილებში, სკოლამდელ და სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში
* საფეხურებრივი მიდგომა გამოიყენება ასთმის სიმძიმის შესაფასებლად და მკურნალობის შესარჩევად. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, კერძოდ, საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდები, სადღეისოდ გრძელვადიანი მკურნალობისათვის ყველაზე ეფექტურ პრევენციულ მედიკამენტად ითვლება.
* კონტროლის მიღწევა:
• კონტროლის მისაღწევად დაიწყეთ მაღალი დონის თერაპია და შემდეგ ჩამოდით ერთი საფეხურით ქვემოთ;
• მკურნალობა იწყება ასთმის სიმძიმის შესაბამისი საფეხურიდან.
* ადით ერთი საფეხურით მაღლა, თუ ვერ მიაღწიეთ ასთმის კონტროლს. ზოგადად მდგომარეობა 1 თვეში უნდა გაუმჯობესდეს. გაითვალისწინეთ პაციენტის მიერ წამლის მიღების ტექნიკა, დანიშნულების შესრულების სიზუსტე, რისკ-ფაქტორების ზემოქმედება.
* ჩამოდით ერთი საფეხურით ქვემოთ, თუ ასთმაზე კონტროლი შენარჩუნებულია მინიმუმ 3 თვის მანძილზე. მკურნალობა შეამცირეთ თანდათან, საფეხურობრივ.
* გადახედეთ მკურნალობას კონტროლის მიღწევიდან ყოველ 3-6 თვეში ერთხელ
* კონსულტაციისათვის მიმართეთ სპეციალისტს თუ ასთმის მიმდინარეობას ამძიმებს სხვა პათოლოგია (მაგ. სინუსიტი), ან მკურნალობას არ აქვს შედეგი, ან პაციენტს სჭირდება 3 ან 4 საფეხურის შესაბამისი მკურნალობა.
შეარჩიეთ მედიკამენტები
* ასთმის კონტროლის მიღწევაში ორი სახის მედიკამენტი დაგეხმარებათ: სწრაფად მოქმედი საშუალებები – გამოიყენება შეტევის მოსახსნელად, და პრევენციული მედიკამენტები – გამოიყენება ასთმის შეტევების თავიდან ასაცილებლად.
* საინჰალაციო საშუალებებს ენიჭება უპირატესობა მაღალი თერაპიული ინდექსის გამო. ინჰალაციის დროს მედიკამენტი მიეწოდება უშუალოდ სასუნთქ გზებში, აქვს მძლავრი თერაპიული ეფექტი და უმნიშვნელო გვერდითი მოქმედება.
• საინჰალაციო პრეპარატების მიწოდება შეიძლება სხვადასხვა მოწყობილობით: წნევიანი დოზირებული ინჰალატორი, სუნთქვის დროს გააქტივებადი ინჰალატორები, მშრალფხვნილიანი ინჰალატორი, ნებულაიზერი (სველი წესით ინჰალაციის აპარატი). სპეისერი აადვილებს დოზირებული ინჰალატორის ხმარებას და ამცირებს საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების შეწოვას და გვერდით ეფექტებს.
• ასწავლეთ ბავშვს და მის მშობელს მოწყობილობის ხმარების ტექნიკა
• ყველა ბავშვისთვის შეარჩიეთ სათანადო მოწყობილობა:
- 4 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენეთ წნევიანი დოზირებული ინჰალატორი ნიღბიანი სპეისერით ან ნებულაიზერი ნიღბით.
- 4-6 წლის ბავშვებში გამოიყენეთ წნევიანი დოზირებული ინჰალატორი მუნდშტუკიანი სპეისერით, მშრალფხვნილიანი ინჰალატორი ან ნებულაიზერი ნიღბით.
- სპეისერის გამოყენებისას ის უნდა ერგებოდეს ინჰალატორს მჭიდროდ.
- 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში, რომელთაც უჭირთ წნევიანი დოზირებული ინჰალატორის (წდი) გამოყენება, გამოიყენეთ წნევიანი დოზირებული ინჰალატორი სპეისერით, სუნთქვის დროს გააქტივებადი ინჰალატორები, მშრალფხვნილიანი ინჰალატორი (მფი), ნებულაიზერი. მშრალფხვნილიანი ინჰალატორის გამოყენებისას საჭიროა შესუნთქვისას გარკვეული ძალისხმევა, რაც შეტევის დროს ყოველთვის ვერ მიიღწევა.
- ძლიერი შეტევის დროს გამოიყენეთ წნევიანი დოზირებული ინჰალატორი სპეისერით ან ნებულაიზერი.
ნაწილი 5. ასთმის შეტევის მართვის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება
ასთმის შეტევა (გამწვავება) არის სუნთქვის გაძნელების, ხველის, „ხიხინის“ ან გულმკერდში შებოჭვის შეგრძნების ინტენსივობის მატება ან ამ სიმპტომების კომბინაცია.
* ნუ უგულვებელყოფთ მძიმე შეტევას, ის შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს.
* ასთმასთან ასოცირებული სიკვდილის რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები და მოზარდები, რომელთაც აღენიშნებათ:
•ანამნეზში ასთმის უმძიმესი შეტევა;
•ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასთმის გამო ჰოსპიტალიზაცია, ან ჩაუტარდათ ინტუბაცია ასთმის გამო;
•სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღება ამჟამად ან ცოტა ხნის წინ;
•სწრაფი მოქმედების ბ2 აგონისტებზე ძლიერი დამოკიდებულება;
•ანამნეზში ფსიქოსოციალური პრობლემები ან ასთმის სიმძიმის იგნორირების შემთხვევები;
•ასთმის მკურნალობის გეგმის უგულვებელყოფა (დარღვევა).
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას, თუ:
• შეტევა მძიმეა:
- პაციენტს აქვს ქოშინი მოსვენებულ მდგო-მარეობაში, ზის წინ გადმოხრილი, საუბრი-სას წარმოთქვამს მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს და არა წინადადებებს (ჩვილი უარს ამბობს საკვებზე), აგზნებულია, აღენიშნება ძილიანობა ან ერევა გონება, აქვს ბრადიკარდია, ან სუნთქვის სიხშირე აღემატება წუთში 30-ს;
- “ხიხინი" ხმამაღალია ან არ ისმის;
- პულსი წუთში 120-ზე მეტია (ჩვილებში >160-ზე);
- პიკ-ფლოუს მაჩვენებელი მოსალოდნელი ან ინდივიდუალური საუკეთესო მაჩვენებლის 60%-ზე ნაკლებია;
- ბავშვი გამოფიტულია.
• ბრონქოდილატატორით საწყისი მკურნალობით ვერ იქნა მიღებული სათანადო ეფექტი, რომელიც მინიმუმ 3 საათი მაინც შენარჩუნდა.
• ორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების დაწყებიდან 2-6 საათში გაუმჯობესება არ შეიმჩნევა
• მდგომარეობა უარესდება
ასთმის შეტევის დროს საჭიროა სათანადო მკურნალობა
. სწრაფი მოქმედების საინჰალაციო ბ2-აგონისტებით ადეკვატური დოზებით მკურნალობა. თუ საინჰალაციო პრეპარატები არ არის ხელმისაწვდომი, შეიძლება გამოიყენოთ ორალური ბრონქოდილატატორები.
. საშუალო სიმძიმის და მძიმე შეტევის დროს ორალური კორტიკოსტეროიდების ადრეული ჩართვა მკურნალობაში ხელს უწყობს ანთების შემცირებასა და სწრაფ გაუმჯობესებას.
. ჰიპოქსემიის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტს ეძლევა ჟანგბადი.
. საინჰალაციო ბ2 აგონისტების დიდი დოზებით გამოყენებისას არ არის რეკომენდებული მეთილქსანტინების დამატებით მიცემა. თუმცა თუ საინჰალაციო ბ2 აგონისტები არ არის ხელმისაწვდომი, შეიძლება თეოფილინის გამოყენება. თუ პაციენტი იღებს თეოფილინს ყოველდღიურად, სწრაფად მოქმედი ფორმების დამატების წინ უნდა განისაზღვროს შრატში პრეპარატის დონე.
. ადრენალინი ნაჩვენებია ანაფილაქსიისა და კვინკეს შეშუპების დროს
ასთმის შეტევის სამკურნალოდ რეკომენდებული არ არის:
. სედაციური მედიკამენტები (კატეგორიულად აკრძალულია);
. მუკოლიზური პრეპარატები (შეიძლება გააძლიეროს ხველა);
. გულმკერდის ფიზიოთერაპია (შეიძლება გააძლიეროს დისკომფორტი);
. მოზრდილებსა და უფროსი ასაკის ბავშვებში სითხეებით დატვირთვა (შეიძლება საჭირო აღმოჩნდეს ადრეული ასაკის ბავშვებსა და ჩვილებში);
. ანტიბიოტიკები (შეტევის სამკურნალოდ არ გამოიყენება, მაგრამ თუ პაციენტს აქვს პნევმონია ან ბაქტერიული ინფექცია მაგ.: სინუსიტი, გამოყენება აუცილებელია).
მსუბუქი შეტევის მკურნალობა შესაძლებელია ბინაზე, თუ ბავშვი/ოჯახი მომზადებულია და არსებობს
ინდივიდუალური მართვის გეგმა.
საშუალო სიმძიმის შეტევა ზოგჯერ, ხოლო მძიმე შეტევა ყოველთვის მოითხოვს სამედიცინო
დაწესებულების პირობებში მკურნალობას.
ჩაატარეთ მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი
შეაფასეთ სიმპტომები და შეძლებისდაგვარად პიკ-ფლოუ. საავადმყოფოში ასევე შეაფასეთ ჟანგბადის სატურაცია, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სავარაუდო ჰიპოვენტილაცია, გამოფიტვა, მძიმე დისტრესი ან პიკ-ფლოუ სავარაუდო მაჩვენებლის 30-50%-ია გამოიკვლიეთ არტერიულ სისხლში აირების შემცველობა.
შეაფასეთ სიმძიმე
ხველა, სუნთქვის გაძნელება, “ხიხინი", გულმკერდში შებოჭვის გრძნობა, დამხმარე კუნთების მონაწილეობა, გულმკერდის რეტრაქცია და ძილის დარღვევა. პიკ-ფლოუ საუკეთესო პერსონალური ან სავარაუდო მაჩვენებლის 80%-ზე ნაკლები.
ნაწილი 6. აწარმოეთ რეგულარული შემდგომი მეთვალყურეობა
ასთმით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები საჭიროებენ მედმუშაკის მუდმივ ზედამხედველობას და დახმარებას. ხანგრძლივი მონიტორინგი აუცილებელია მკურნალობის მიზნის მისაღწევად. მას შემდეგ რაც მოხერხდა ასთმის კონტროლი აუცილებელია შემდგომი რეგულარული ვიზიტები 1-6 თვის ინტერვალით. ამ ვიზიტების დროს შეაფასეთ მკურნალობის გეგმა, მედიკამენტები და ასთმის კონტროლის დონე.

მასალა მოგვაწოდა georanet.org.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player