სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გამოცდილება ხშირად გვიჩვენებს, რომ რაც უფრო დიდია ადამიანის მატერიალური რესურსი, მით მეტია მისი შანსი, იყოს სასურველი გარშემო მყოფთათვის. არსებობს თუ არა კავშირი ემოციურ და მატერიალურ ასპექტებს – სიყვარულსა და ფულს შორის? და თუ არსებობს, რამდენად არის პიროვნული გრძნობები დამოკიდებული მატერიალურ დივიდენტებზე?

 

როდის და რატომ ინგრევა ოჯახები და რა ემართებათ უეცრად გამდიდრებულ ან გაღატაკებულ ადამიანებს? ამ და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი, ბატონი ნოდარ სარჯველაძე.

ბატონო ნოდარ, რა კავშირი არსებობს სიყვარულსა და ფულს შორის და დიფერენცირებულად როგორ ახსნით ამ ორ ფენომენს ფსიქოლოგიურ ჭრილში?

– სიყვარულს და ფულს სირთულე აერთიანებს. ბევრ რამეში ისინი ერთმანეთს გამორიცხავენ, მაგრამ ხშირად შეიძლება, პირიქით, ერთმანეთი გააძლიერონ კიდეც. ადამიანისთვის ფული არა მხოლოდ არსებობის, არამედ თავისუფლების, პრესტიჟის მოპოვების საშუალებაცაა. ადამიანთა დიდ ნაწილს ფულის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება აქვს. ერთი მხრივ, ფულიანი ხალხი უყვართ, მიისწრაფვიან მათკენ, მეორეს მხრივ – სძულთ, შურთ მათი. ადამიანსაც, ერთდროულად, ფული უყვარს და სძულს კიდეც, რადგან ბევრ ფულს ბევრი თავის ტკივილიც ახლავს. შიმშილით არავინ მოკვდება, მაგრამ სიმდიდრემ შეიძლება, სამუდამოდ დაგღუპოს. როგორც ფარვანა ისწრაფვის ცეცხლისკენ და იწვება, ადამიანიც ისევე მიილტვის ფულისკენ და იღუპება. სიყვარულს რაც შეეხება, ის სათავეს იღებს სიცოცხლეში, ბიოლოგიაში. სიყვარული, ისე როგორც ფული, მხოლოდ გაცვლის საშუალება არ არის. ცალმხრივი სიყვარულიც კი ადამიანს ზრდის, თვითრეალიზაციის საშუალებას ანიჭებს. თუმცა არსებობენ ვამპირის ტიპის ადამიანებიც, რომელნიც არა სიყვარულის გაცემაზე, არამედ მხოლოდ მიღებაზე არიან ორიენტირებულნი. ეს ტენდენცია ისტერიული ტიპის ადამიანებში შეიმჩნევა და დამანგრეველია. დამღუპველია, ასევე, როდესაც ადამიანი

ესწრაფვის ფულს არა როგორც არსებობის, არამედ როგორც დაგროვების, სიყვარულის ყიდვის საშუალებას.

რამდენად ძლიერი მოტივაცია შეიძლება იყოს ფული ადამიანის შესაყვარებლად?


– ცხოვრება იმდენად კონკრეტული რამაა, რომ ამ თემის განზოგადება ძალიან ძნელია. თუმცა უმეტესწილად ფულით გაზულუქებული ადამიანები სძულთ, მაგრამ მაინც ისწრაფვიან მათკენ. ისინი აღიქმებიან როგორც ერთჯერადი შპრიცი, რომელიც გამოყენების შემდეგ უნდა გადააგდო. მეორე მხრივ, მდიდარი ადამიანი, როცა ის ხელგაშლილია, მიმზიდველიც ხდება. მას შეიძლება ბევრი ფიზიკური ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ ხიბლი გამოიწვიოს. წარმატებული და გამღები ადამიანი სოციალურად მისაღები და სასურველი ხდება. სასურველობიდან სოციალურ მიზიდულობამდე კი სულ ერთი ნაბიჯია. თუმცა ხელგაშლილობის მეორე ვარიანტიც არსებობს, როცა ფულიანი ადამიანები ყიდულობენ სიყვარულს, ურთიერთობებს, ისე, როგორც ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი – ხმებს. ასეთი ხალხისკენაც არსებობს სოციალური სწრაფვა, მაგრამ ისინი შინაგანად მაინც სძულთ.


რა შედეგები შეიძლება გამოიღოს ქორწინებამ, თუ მხარეები სოციალურად სხვადასხვა ფენებს წარმოადგენენ?


– ასეთი ოჯახი შეიძლება მყარიც იყოს, გააჩნია, რა როლებს თამაშობენ მეუღლეები. თუ, დავუშვათ, მამაკაცის წყალობით ქალი სიღატაკიდან სიმდიდრეში აღმოჩნდება, ეს ქალი, ბუნებრივია, უნდა იყოს მადლიერი, მაგრამ არა როგორც მონა, არამედ თავისი მადლიერება მხარდაჭერით, სოციალური აქტივობითა და თვითრეალიზაციით უნდა გამოხატოს. ხოლო, თუ რომელიმეს მხრიდან მომხმარებლური დამოკიდებულებაა, ან თუ მუდმივი დაყვედრება ისმის, ასეთ ოჯახს, რა თქმა უნდა, მომავალი არ აქვს. ურთიერთობა ათანაბრებს ურთიერთობას და არა – ფული. ადამიანი შეიძლება იყოს მატერიალურად მდიდარი, მაგრამ მორალურად დაქვემდებარებული.


რა ფსიქოლოგიური შედეგი მოაქვს ადამიანში მოულოდნელ გამდიდრებას?


– ეს ძალიან საინტერესო ფენომენია და, სხვათა შორის, მეცნიერებმა შეისწავლეს კიდეც. აღმოჩნდა, რომ ყოველ ადამიანს აქვს ფინანსური შემოსავლების საკუთარი სკალა, სტანდარტი. მაგალითად, თუ ჩემი შემოსავალი თვეში ათასი დოლარია და ერთხელაც მოხდა ისე, რომ მივიღე ასი დოლარით მეტი, ამ ას დოლარს ისე გავფლანგავ, რომ ვერც გავიგებ, რათა შემოსავალი ისევ ჩემს სტანდარტამდე დავიყვანო. და პირიქით, თუ ერთხელაც მივიღე, ვთქვათ, შვიდასი დოლარი, ყველაფერს ვიღონებ, რომ ჩემი შემოსავალი ისევ ათას დოლარამდე ავიყვანო. როდესაც ადამიანს საკუთარი ფინანსური სკალა არ აქვს, ამ სტანდარტებს მას გარესამყარო უწესებს. ასეთი ადამიანები ღატაკები არიან გონებითაც, თვითონ ვერ ქმნიან თავიანთ ცხოვრებას და მათ ნაცვლად სხვა აკეთებს არჩევანს, სხვა იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ იცხოვრონ. სწორედ ეს ფაქტორი ქმნის სიღატაკეს. ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი იმ ადამიანებზე, რომლებიც ლატარიებში იღებენ მონაწილეობას. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ეს ადამიანები, ძირითადად, საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონენი არიან, არაფერი სერიოზულის შექმნა არ შეუძლიათ, იღბლის იმედი აქვთ და უნდათ, რომ ციდან, არსაიდან, „დუშაში“ დაუჯდეთ. როდესაც ჰკითხეს, თუ რას გააკეთებდი, ასი ათასი დოლარი რომ მოიგოო, უამრავი გეგმა დაასახელეს – ამას გავაკეთებ, იქ დავაბანდებ, ცხოვრებას ავიწყობო... ექსპერიმენტის მიზნით ჩატარდა „გათამაშება“. გამოსაცდელ ადამიანს ასი ათასი დოლარი მოაგებინეს და შედეგს ერთ თვეს დაელოდნენ. ამ ვადის გასვლის შემდეგ ფსიქოლოგებმა შედეგი შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ამ პიროვნების მატერიალური მდგომარეობა ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც ლატარიაში „მოგებამდე“. ეს ადამიანი კი ამბობს: აზრზე არ ვარ, სად წავიდა, როგორ გაიფლანგა ეს ფულიო... სინამდვილეში კი მოხდა ის, რომ პიროვნება ისევ თავის ფინანსურ სტანდარტამდე დაეშვა. თავისი მცირე ხელფასი მისი არჩევანი იყო, ასი ათასი კი – არა. ანდაზებში მშვენივრად არის გადმოცემული ეს კანონზომიერება: „ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო“. ოჯახი თუ სწრაფად გამდიდრდა, სწრაფადვე გაღარიბდება, რადგან მდიდარი არის ის, ვისაც ინვესტირება შეუძლია. ვისაც ამის გამოცდილება არ აქვს, მას არაფერი შეემატება, ყველაფერს დახარბდება, ქვეყანას შეყრის, დაარიგებს და ბოლოს ისევ თავის სტანდარტამდე დაეშვება.

რა სტრეს-ფაქტორები წარმოიქმნება უეცარი ფინანსური კრახის დროს?


– საქართველოში ასეთი შემთხვევები, ჩვენ თვალწინ, უამრავი იყო. მაშინ, როდესაც ბანკები, უეცრად იკეტებოდა, კოტრდებოდა და ოჯახები ხშირად უსახლკაროდაც კი რჩებოდნენ. ფსიქოლოგიური დაძაბულობის ფონზე, იმ პერიოდში, უამრავი ოჯახი დაინგრა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, უფრო ხშირად ოჯახები გამდიდრების შემდეგ ინგრევა. მათ შორის, ისეთ შემთხვევებშიც, როცა სიმდიდრე ორივე მხარის ერთობლივი ძალისხმევითაა შექმნილი. მიზეზი ის არის, მატერიალური ფასეულობების დევნაში, ცოლს ან ქმარს რაღაც სულიერი დეფიციტი ექმნება და სხვაგან ცდილობს ამ სიცარიელის შევსებას.

არსებობს თუ არა კორელაცია მატერიალურ მდგომარეობასა და ქორწინებას შორის?


– არსებობს საინტერესო სტატისტიკა: ინტელექტუალურად დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანები გაცილებით ადრე ქორწინდებიან, ვიდრე განათლებულნი, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, კარიერის შექმნაზე ზრუნავენ. მიზეზი მარტივია: ძირითადად, გაუნათლებელი არის ის, ვისაც განათლების მიღების ფინანსური საშუალება არ აქვს. ის გადახდის უნარსმოკლებულია, თავის თავს სხვა დატვირთვას ვერ უძებნის და ამიტომ ადრევე ქმნის ოჯახს და იწყებს შვილების გაზრდას. მსოფლგაგება მდიდარ და ღარიბ ადამიანებს შორის ძალზე განსხვავებულია. ყველა ადამიანი თავის წრეში ეძებს მომავალ მეუღლეს. მაგალითად: ჰოლივუდის ვარსკვლავები მუდამ ერთმანეთის ცოლებისა და ქმრების გაცვლაში არიან. ისე, როგორც ყველა სფეროში, სიყვარულშიც და ფულშიც მოქმედებს კანონზომიერება: „მსგავსი იზიდავს მსგავსს“.

 

მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player