სტრესული სიტუაციები ჩვენს ცხოვრებაში ხშირი და ბუნებრივი მოვლენაა. საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობები თუ სხვადასხვა საზრუნავი, დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე, რაც ხდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენა.
ეს არის ის უეცარი მდგომარეობა, რომელიც დაუგეგმავად ხდება ადამიანის ცხოვრებაში. სტრესია ასევე წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი, თუნდაც ელ. ენერგიის გათიშვა და სხვა... ერთი სიტყვით ის, რისთვისაც მზად არ ვიყავით.
სტრესის კლასიკური ნიშნებია შფოთვა, ოფლიანობა, უსიამოვნო სიზმრები, დილით ისეთი შეგრძნებით გაღვიძება, თითქოს მთელი ღამე ფიზიკურ შრომაში გავატარეთ. დანარჩენი ნიუანსები, სიტუაციის კვალობაზე, სხვადასხვაა: გულისცემის გახშირება, სუნთქვის რიტმის ცვლილება და ა.შ.
სტრესისთვის თავის არიდება შეუძლებელია. ყველაზე ქმედითი გზა ის იქნება, რომ მუდამ მზად ვიყოთ ექსტრემალური სიტუაციებისთვის, რაც, დამეთანხმებით, არარეალურია. ამიტომ, უნდა ვიცხოვროთ ჩვეულებრივად, ლაღად, სტრესის შემთხვევაში კი გვქონდეს ადექვატური რეაქცია და განვაგრძოთ წინსვლა.
არსებობს სტრესთან გამკლავების რამდენიმე გზა, რომლებიც დაგეხმრებათ მასთან ბრძოლაში:
1.
მოდუნდით- როდესაც ისწავლით ფიზიკურ მოდუნებას, თავადაც გაოცდებით, თუ რა მარტივად განიტვირთება თქვენი ფსიქიკაც. ალბათ შეგიმჩნევიათ, თუ როგორ იძაბება თქვენი კუნთები სტრესის დროს- ეს არის ორგანიზმის ფიზიოლოგიური რეაქცია სტრესზე. მიაჩვიეთ ორგანიზმი ვარჯიშს- დასაწყისისთვის 10-20 წუთით, ხოლო დროთა განმავლობაში ამის მოთხოვნილება თავადაც გაგიჩნდებათ და თავს უფრო მშვიდად და მოდუნებულად იგრძნობთ.
2.
გამოიძინეთ- უძილობამ შესაძლოა გაგხადოთ სტრესის მიმართ მეტად მგრძნობიარე და გაართულოს თქვენი განთავისუფლება განგაშისა და დეეპრესიისაგან. ამისათვის საჭიროა ერთი და იგივე დროს დაიძინოთ , ხოლო დილით ადგეთ ერთსა და იმავე დროს . ამ წესრიგის ჩამოსაყალიბებლად დაგჭირდებათ საშუალოდ 1-2 კვირა.
3.
გაიღიმეთ- არ გვჭირდება მტიცება იმის შესახებ, რომ იუმორი სტრესის აღმოფხვრაში გვეხმარება. თუმცა, შეგახსენებთ, რომ უფრო ხშირად უნდა გავიღიმოთ! ასევე მთავარია, გამოყოთ დრო თქვენი საყვარელი ჰობისთვის- ითამაშეთ ბავშვებთან ერთად, ისეირნეთ პარკში, ისწავლეთ ხატვა... აკეთეთ ის, რაც მოგესურვებათ და მოგანიჭებთ სიამოვნებას!
4.
შეამცირეთ ყავა და ალკოჰოლი, მიატოვეთ სიგარეტის მოწევა -
ყავა, როგორც სტიმულატორი, თქვენს ორგანიზმზე მოქმედებს ისევე, როგორც სტრესის დროს. ასეთ დროს თქვენი ფსიქიკა უფრო მგრძნობიარეა ზოგიერთი ცხოვრებისეული მოვლენისადმი და შესაძლოა თქვენი პანიკური ქმედების პროვოცირებაც მოახდინოს .
კიდევ ერთი სტიმულატორი- თამბაქოა. თამბაქოს, ისევე როგორც ყავას ახასიათებს იგივე ფიზიოლოგიური რეაქციები, როგორიც ყავას. მისი ერთბაშად გადაგდება ორგანიზმისთვის სტრესია, ამიტომ შეეცადეთ დღითი-დღე შეამციროთ რაოდენობა.
5.
განერიდეთ ნეგატიურ აზრებს- „პოზიტიური აზროვნება" სულაც არ ნიშნავს მუდმივად ბედნიერად ყოფნას და ოპტიმისტურ განწყობას. ცხოვრებაში ნებისმიერ ადამიანს გადახდება თავს უსიამოვნება. ამგვარი აზროვნება გამოიხატება სიხარულის, ბედნიერების, ჯანმრთელობის, შექმნილი სიტუაციისა და მიღებული გადაწყვეტილების წარმატებულად დასრულების მოლოდინში.
6.
ისწავლეთ დროის სწორად განაწილება- სტრესი ძირითადად თავს მაშინ იჩენს, როდესაც ადამიანი განიცდის ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას. ამიტომაც, უნდა ეცადოთ დრო ისე გადაანაწილოთ, რომ ის თქვენი გეგმებისთვის საკმარისი იყოს. ცხოვრების დაგეგმვით, თქვენ აღმოაჩენთ, რომ რაღაცაზე უარის თქმაა საჭირო.
7.
და ბოლოს... ნუ იქნებით პერფექციონისტი (სწრაფვა ყველაფრის იდეალურად შესასრულებლად) . მართალია, საქმის იდეალურად შესრულება სულაც არ არის ცუდი, მაგრამ ეს ყოველთვის შეუძლებელია!