ორსულობისას სქესობრივ კავშირები მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ბევრი წყვილი ამტკიცებს, რომ მათთვის ცვლილება იყო მხოლოდ ორსულობის მესამე ტრიმესტრში გარკვეული "ტექნიკური" უხერხულობები გაზრდილი მუცლის გამო.
თუ ეს ასეა, თქვენ ძალიან გაგიმართლათ, მაგრამ წყვილთა უმეტესობას ამ დროს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს. მოდი განვიხილოთ რა ფიზიოლოგიური და ფიზიკური ცვლილებები ხდება ორსულობისას, რომელიც სქესობრივ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.
პირველ ტრიმესტრში სქესობრივი ცხოვრების ინტენსივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქალის საერთო მდგომარეობაზე. გამოხატული ტოქსიკოზის გამო ქალი დღის განმავლობაში უფრო მეტად იღლება. სარძევე ჯირკვლები ზომებში იზრდება და დვრილების აგზნებადობა მატულობს, რაც ხშირად მკერდზე ალერსს უსიამოვნოს ხდის. ფსიქოემოციონალური სფეროს ცვლილებაც (გაღიზიანებადობა, აგზნებადობა, გადაღლილობა), ხშირად ხელს უწყობს ქალის ლიბიდოს შესუსტებას. ამავე დროს მამაკაცის ლიბიდო უცვლელია და ეს "ინტერესთა სხვაობა" ხშირად აფუჭებს ურთიერთდამოკიდებულებას ოჯახში.
ჩვენი რჩევები პირველი ტრიმესტრისათვის
პირველ რიგში ექიმს ჰკითხეთ, ხომ არ არსებობს რაიმე მიზეზი, რომელიც მოითხოვს სქესობრივი კავშირების სრულ ან ნაწილობრივ შეწყვეტას. თუ შეწყვეტა აუცილებელია, სასურველია ფსიქოთერაპევტის ან სექსოლოგის კონსულტაცია, უკეთესია, თუ ორივე ერთი პიროვნება იქნება. გარდა ამისა, ამ ვადაზე უნდა გამოკვლეული იქნეთ სგგგდ ინფექციებზე.
"მწვანე შუქის" შემთხვევაშიც კი, გახსოვდეთ: მთელი ორსულობის პერიოდში დაივიწყეთ მისიონერის პოზა "მამაკაცი ზემოდან", რადგან ამ დროს არის მუცელზე კომპრესიის საშიშროება და შეიძლება განვითარდეს კომპრესია ქვემო ღრუ ვენაზე, რომელსაც აწვება გადიდებული საშვილოსნო ნაყოფით და პლუს მამაკაცი.
ამ პერიოდში აუცილებელია მომეტებული ურთიერთზრუნვა. შეიძლება ეს ცოტა პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ მხოლოდ ასეთ დამოკიდებულებას და რეალურ დათმობის უნარს პარტნიორისათვის შეუძლია სექსუალური ჰარმონიის შენარჩუნება. ცხადია ოჯახებში, სადაც სქესობრივი კავშირების ინტენსივობა მაღალია, იქ უფრო მეტად არის საჭირო ამ უნარის გამოჩენა, ვიდრე ოჯახებში, სადაც სქესობრივი ცხოვრება ნაკლებად ინტენსიურია. ბოლოს და ბოლოს ეს სიძნელე დროებითია და არ შეიძლება აყვანილი იქნეს წამყვანი ოჯახური პრობლემის რანგში.
ყველაზე მძიმე ტოქსიკოზის შემთხვევებშიც არსებობს "ნათელი ინტერვალები", რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეიძლება ფიზიკური სიყვარულისათვის. თვითონვე იგრძნობთ რა მნიშვნელოვანია თქვენთვის მონატრებული ხილი და როგორ იზრდება ამ დროს ურთიერთობის ხარისხი. სწორედ ამ შემთხვევააზეა ზედგამოჭრილი მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის აფორიზმი: "სჯობს ცოტა და კარგი" მამაკაცების საყურადღებოდ: ცოლისაგან ძველებურ მზადყოფნას ნუ ელით. "მიდგომა" უნდა ისე "შორიდან" დაიწყოთ, როგორიც ვინ იცის ქორწინებამდეც არ დაგჭირვებიათ. მეტი დრო დაუთმეთ სუფთა პლატონურ დამოკიდებულებას. მეუღლესთან ერთად ხშირად დაათვალიერეთ ფოტოალბომი, ქორწილის ვიდეოკასეტები, მოუსმინეთ რისი მოსმენაც ერთად გიყვარდათ ადრე, თან მეუღლეს ცოტა დაუმასაჟეთ მხრების და კისრის არე, შეიძლება ტოქსიკოზი ცოტა მოეშვას და ხასიათზე მოვიდეს, მაგრამ თუ არ მოვიდა, ხვალეც ამ თვისაა და კოკა–კოლას ლატარიის არ იყოს კიდევ სცადეთ. თუ ყველაფერი კარგად გამოვიდა, დაჯილდოვდებით, თან კარგად. მთავარია არ გამოიჩინოთ მოუთმენლობა (თქვენი მოქმედება და ძალისხმევა მაქსიმალურად უწყინარი უნდა ჩანდეს ) და არც გადააჭარბოთ, თორემ მეუღლემ შეიძლება უბრალოდ დაიძინოს და კიდევ უარესი, ანალოგიური დაძინების რიტუალი ყოველდღე მოგთხოვოთ.
ძველი ტრადიციების დაცვა სულაც არ არის აუცილებელი. მაგალითად ღამის ან საღამოს საათების მაგივრად სექსისათვის შეიძლება გამოიყენოთ დღის საათები, როცა მეუღლე არც ისე დაღლილია. ქალების უმცირესობა (25–30%) არ განიცდის სირთულეებს პირველ ტრიმესტრში, მათ ეს რჩევები მესამე ტრიმესტრში გამოადგებათ.
მეორე ტრიმესტრში ქალების უმეტესობას უძლიერდება ლიბიდო. ეს დაკავშირებულია ტოქსიკოზის შესუსტებასთან, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებასთან და ორგანიზმში მიმდინარე ზოგიერთ ცვლილებასთან. მაგალითად სისხლის მოცულობის ზრდა აუმჯობესებს ვულვისა და საშოს სისხლმომარაგებას, უმჯობესდება ლუბრიკაცია (სასქესო ორგანოების დატენიანება) ბევრი ქალი სწორედ ამ დროს განიცდის პირველად ორგაზმს და ზოგიერთები საერთოდ მულტიორგასტულებიც ხდებიან. ამავე დროს ორსულობისას არ არსებობს კიდევ ერთი–არასასურველი ორსულობის შესაძლებლობის დამთრგუნველი განცდა.
პატრონაჟის ექიმმა შეიძლება საერთოდ ან ნაწილობრივ აკრძალოს სქესობრივი კავშირები, თუ არის მოშლის საშიშროება ან პლაცენტა არის წინმდებარეობაში. ამიტომ ექიმის რჩევა აუცილებლად გაითვალისწინეთ.
რჩევები მეორე ტრიმესტრისათვის:
ზედმიწევნით ჰიგიენა მეორე ტრიმესტრში ძალიან მნიშვნელოვანია. ქალის ორგანოების ინტენსიური ლუბრიკაციის გამო, ჩნდება გამონადენი, რომელსაც სპეციფილური სუნი აქვს. ამიტომ გარე ორგანოების სისუფთავეს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს საშოს შიგნიდან გამობანა.
მეორე ტრიმესტრის ბოლოს ნაყოფი აქტიურად გაგრძნობინებთ თავის არსებობას. ბევრ წყვილს ამ დროს უჩნდებათ კითხვები, ხომ არ არის საშიშროება:
1 ნაყოფის მექანიკური ტრავმის.
2. ნაყოფის ინფიცირების,
3. ხომ არ გრძნობს ბავშვი, რას აკეთებენ მისი მშობლები.
ნორმალურად მიმდინარე ორსულობისას ნაყოფი საიმედოდ არის დაცული თავისი გარსებით, ამიტომ სექსით მას ვერაფერს დაუშავებთ. ეს ეხება ქალის ორგაზმსაც, რომელსაც თან ახლავს საშვილოსნოს შეკუმშვები. ნორმალურად მიმდინარე ორსულობისას ეს ყველაფერი ნაყოფს არაფერს უშავებს. ხოლო რაც შეეხება იმას, ნორმალურად მიმდინარეობს თუ არა ორსულობა, ამას თქვენი ექიმი გინეკოლოგისაგან შეიტყობთ.
მეორეც, თუ მამაკაცი არ არის ინფიცირებული, ნაყოფის ინფიცირების საშიშროება არ არის. საშვილოსნოს ყელის ლორწო და სანაყოფე პარკი საიმედოდ იცავს ნაყოფს.
ნაყოფის შეგრძნებებზე, როცა მისი მშობლები სექსით არიან დაკავებულნი, თავს ვერავინ დადებს, ალბათ ძალიან მცირე შანსია რაიმე აღიქვას, მაგრამ რატომ უნდა იყოს ეს შეგრძნება მისთვის უსიამოვნო, თვითონაც ხომ სწორედ ასე ჩაისახა?
და ბოლოს, მესამე ტრიმესტრი. სქესობრივი ცხოვრების ინტენსივობა იწყებს კლებას. მიზეზი ბევრია, ნაწილი ობიექტური, ნაწილიც სუბიექტური ერთ–ერთი ობიექტურ მიზეზთაგანია მუცლის ზომების გაზრდა. რომელიც უხერხულობას ქმნის სქესობრივი კავშირისას. მისიონერული პოზა "მამაკაცი ზემოდან" დასაწყისშივე გამოირიცხა, ქალი "ზემოდან" ასევე მოუხერხებელია რადგან შეიძლება მოხდეს ძლიერ ღრმა შესვლა საშოში, რაც ამ ვადებზე არ არის რეკომენდებული. მესამე ტრიმესტრში საშვილოსნოს ყელი უფრო ადვილად ტრავმირებადი ხდება. ქალის "ოთხზე" დგომა იწვევს წელის არეში დატვირთვის გაზრდას. რჩება მხოლოდ გვერდიგვერდ წოლის მდგომარება (პირისპირ ან პარტნიორთან ზურგით), ეს კი არც ისე მიმზიდველია, ვიდრე პოზათა ფართო არჩევანი, თუმცა მოსიყვარულე ცოლ ქმრისათვის რა პრობლემაა...
ქალის ტანის პროპორციების ცვლილება, მამაკაცს ნაკლებად აღუძრავს ეროტიკულ ფიქრებს. ეს ერთგვარი პატივისცემაა დედობის მისიისადმი და ბოლოს ფსიქოემოციური მდგენელი მესამე ტრიმესტრში მკვეთრად იცვლება. ქალის ყურადღება უფრო მომავალ მშობიარობაზეა გადატანილი, მამაკაცსაც უჩნდება მომავალი მამობის განცდები. ორივენი ფიქრობენ იმ ცვლილებებზე, რომელიც სულ მალე მათ ცხოვრებაში მოხდება და ეს შესამჩნევად აქვეიეთებს ლიბიდოს ორივე მხარეს. არსებობს გარემოებები, რომლებიც მკვეთრედ ზღუდავენ სექსს მესამე ტრიმესტრში – ეს არის მოშლის საშიშროება, პლაცენტის წინმდებარეობა, ასევე ამნიონიტის ნიშნები. ორსულობის ყოველ ეტაპზე საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია და თუ ქალი გრძნობს ტკივილს სქესობრივი კავშირისას ან აქვს სისხლიანი გამონადენი, კავშირები უნდა შეწყდეს.
როგორც ვხედავთ, ორსულობისას სექსუალური ურთიერთობები საჭიროა რეგულირდებოდეს მკურნალი ექიმის რჩევების მიხედვით. ამ მხრივ საჭიროა ისეთი სპეციალისტი იპოვოთ, რომელიც გარდა იმისა, რომ კომპეტენტურია თავის სფეროში, კარგი ადამიანიც არის. სამწუხაროდ ეს თვისება ბოლო დროს საკმაოდ იშვიათად გვხვდება ექიმებში, არადა ადამიანურობა ისეთივე მდგენელია ექიმის პროფესიონალიზმის, როგორც სხვა დანარჩენი. იპოვეთ ასეთი ექიმი და ბევრი თქვენი პრობლემა ავტომატურად გადაწყდება.
წარმატებას გისურვებთ
მასალა მოგვაწოდა medea.ge