სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

რა სიამოვნებს დედის მუცელში მყოფ ნაყოფს და როდის არის ის პანიკაში ჩვილის მუცლადყოფნის პერიოდი ყველაზე დიდი სასწაულია და ამ სასწაულის შესახებ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ვიცით. ორსულობის საიდუმლო ბოლომდე გახსნილი და გაცნობიერებული არ არის.

არადა, სიცოცხლე სწორედ იმ წუთიდან იწყება, როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ადამიანად იწყებს ჩამოყალიბებას.

ლარისა პარკაძე (ფსიქოლოგი): მიმართულება მედიცინაში, რომელიც სწავლობს ჩანასახის ფსიქოლოგიას მისი მუცლადყოფნის პერიოდში, დიდი ხანი არ არის, რაც განვითარდა. მას პერინატალური ფსიქოლოგია ეწოდება. მსოფლიოში ეს მიმართულება ოცი-ოცდაათი წელია, არსებობს. მან გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების შემდეგ დაიწყო გააქტიურება. გაჩნდა ძალიან მგრძნობიარე აპარატურა და ხელსაწყოები, რომლებმაც გინეკოლოგებს და ფსიქოლოგებს საშუალება მისცა, დაკვირვებოდნენ ჩანასახის ცხოვრებას მუცლადყოფნის პერიოდში. საქმე ის არის, რომ ბავშვი ჩასახვის წუთიდანვე იწყებს სრულფასოვან ცხოვრებას. გამოკვლევებით დამტკიცებულია, რომ დედის ორგანიზმში მყოფ პატარას თავისი, დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს.

– ანუ ეს არ არის უბრალოდ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი?

– შეიძლება ითქვას, რომ არა. ჩანასახს თავისი დღის რეჟიმი აქვს. რას ნიშნავს ეს? როცა დედას სძინავს, მას შეიძლება ეღვიძოს და პირიქით. რა თქმა უნდა, ჩანასახი დედის ორგანიზმიდან იკვებება, მაგრამ ის დამოუკიდებლად არსებობს. ადრე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ბავშვის ყველა ორგანო ჩასახვისთანავე ყალიბდება, მაგრამ ფუნქციონირებას იწყებს მხოლოდ ჩვილის დაბადების შემდეგ. ანუ ფილტვები, ტვინი, კუჭი, ღვიძლი, ნერვული უჯრედები... ეს ყველაფერი პაწიას დედის მუცელშივე უვითარდება, მაგრამ მის დაბადებამდე არ ფუნქციონირებს და „ცოცხლდებიან“ ბავშვის დაბადებისთანავე. მაგრამ ეს მოსაზრება აბსოლუტურად მცდარია. ფილმებია გადაღებული იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ დედის მუცელში პაწიები, ტყუპები, სამი ტყუპი. რას აკეთებენ ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში? მათი ყველა ორგანო მუშაობს. მართალია, ისე აქტიურად არა, როგორც ჩვენი, მაგრამ სრულიად ნორმალურად ფუნქციონირებს. პატარა იკვებება და ის ირჩევს საკვებს. რეაქცია აქვს იმ საკვების გემოზე, რომელსაც დედა მიირთმევს და ამას გამოხატავს. მაგალითად, მწარე-მჟავე საკვებზე სახეს იჭმუხნის. დედის რძესთან მიახლოვებული გემო კი სიამოვნებს და იცინის. როცა დედა სტრესულ სიტუაციაშია, პაწიას შეწუხებული სახე აქვს. არსებობს ამის დამადასტურებელი ფოტო-მასალაც. მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვს აქვს შიშის განცდაც, ანუ ემოციები მისთვისაც ჩვეულებრივი მოვლენაა.

– ჩასახვის პირველივე კვირებშიც კი?

– რა თქმა უნდა. უბრალოდ, მაშინ ეს ვიზუალურად შეუმჩნეველია, მაგრამ რეაქციები მაშინვე აქვს, რომლებიც ჩანასახის ზრდასთან ერთად უფრო მკვეთრად გამოხატული და შესამჩნევია. უპირველესად ვითარდება ჩანასახის ტვინი და ნერვული ქსოვილები, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია დედის მდგომარეობა, მისი ცხოვრების სტილი ორსულობის პერიოდში. რაღაც მომენტში დალეულმა ფინჯანმა ყავამ ან მოწეულმა სიგარეტმა შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს ჩანასახზე. დედამ ხომ არ იცის, იმ მომენტში რომელი ორგანო, ან უჯრედი ყალიბდება?! ვერც იმას განსაზღვრავს, კოფეინი და ნიკოტინი რა ზემოქმედებას მოახდენს ნაყოფზე. არავის ვაშინებ, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია. საუკუნეების განმავლობაში ფეხმძიმე ქალებს განსაკუთრებულად ეპყრობოდნენ. ჰიპოკრატე, არისტოტელე და ავიცენა, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მოღვაწეობდნენ, ორსულობას უმნიშვნელოვანეს მდგომარეობად მიიჩნევდნენ. ავიცენას ნაშრომებში არის ასეთი რჩევა: „დედამ არ უნდა იყვიროს მშობიარობის დროს. ეს ცუდად მოქმედებს ბავშვზე, მას ეშინია და აღარ სურს დაბადება“. პერინატალური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი იყო ძალიან ცნობილი ფსიქიატრი სტანისლავ ბროხი. ის ორმოცი წლის განმავლობაში სწავლობდა ადამიანის მდგომარეობას დედის საშოში. ამისთვის, შეჰყავდა ადამიანები ტრანსში და ქვეცნობიერად „აბრუნებდა“ ჩანასახის მდგომარეობაში. შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა: ადამიანებმა გაიხსენეს, რას გრძნობდნენ თავს მუცლადყოფნის პერიოდში. ზოგიერთმა დახატა კიდეც ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ როგორც კი სამშობიარო ტკივილები იწყება, ნაყოფი ნერვიულობს. მას არ უნდა დედის საშვილოსნოს დატოვება და ეს გასაგებიც არის. ის იქ თავს შესანიშნავად გრძნობს. მშვიდად, კომფორტულად. დედასა და ნაყოფს შორის არსებობს როგორც ბიოენერგეტიკული, ასევე ემოციური კავშირი. ეს კავშირი ბავშვს დედის ორგანიზმთან ძალიან მჭიდროდ აკავშირებს და გაწყვეტაც უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს. მაშინ მშობიარობაც მშვიდად და უმტკივნეულოდ ჩაივლის, ნაყოფს დედაზე მეტად ეშინია მშობიარობის. მისთვის დაბადება სიკვდილთან ასოცირდება, მან ხომ არ იცის, სად მიდის. ვერ იგებს, რა ემართება, რა ხდება მის თავს. ფეხმძიმე ქალმა აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ მოემზადოს მშობიარობისთვის და ამაში მას კვალიფიციური ფსიქოლოგი უნდა ეხმარებოდეს. უცხოეთში და რუსეთშიც სპეციალურად ამისთვის არსებობს „დედების სკოლები“ და ამ პროგრამებს სახელმწიფო აფინანსებს, იმდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი თაობის დაბადების უზრუნველყოფა. დადგენილია ისიც, რომ ის ფობიები, რომლებიც ადამიანების გარკვეულ კატეგორიას აწუხებს, მათი მუცლადყოფნის პერიოდში ფორმირდება. არ იფიქროთ, რომ ნაყოფიც მაშინ იცინის, როცა დედა ან მასაც ისეთივე მუსიკა მოსწონს, როგორიც დედას. მას უკვე აქვს საკუთარი გემოვნება, მაგრამ თუ დედა მთელი ორსულობის პერიოდში უსმენს ერთსა და იმავე მუსიკას, დაბადების შემდეგ პატარა აუცილებლად იცნობს მას. ექსპერიმენტებმა დაამტკიცა, რომ ჩვილს იმ მუსიკაზეც ექნება რეაქცია, რომელიც მუცელში ესმოდა და მოსწონდა, თუმცა დედას არ მოსწონდა იმავე მელოდია.

შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ჩვილი აუცილებლად იცნობს იმ საკვების გემოსაც, რომლითაც დედა ყველაზე ხშირად იკვებებოდა. რატომ არის საჭირო, რომ დედა და მამა ელაპარაკებოდნენ ნაყოფს მუცლადყოფნის პერიოდში? იმიტომ, რომ ის დაიმახსოვრებს მამის ხმის ტემბრს და დაბადების შემდეგ აუცილებლად იცნობს მას. შეჩვეულ ხმის ტემბრზე მისი რეაქცია დადებითი იქნება. უთხრას მამამ ნაყოფს თუნდაც „დილა მშვიდობისა“ და „ძილი ნებისა“. მას ეს ძალიან მოეწონება. ნაყოფი მუცელშივე უნდა მიეჩვიოს იმ ხალხს და იმ გარემოს, რომელიც დაბადების შემდეგ დახვდება.

– მას ხომ არ უნდა დაბადება?

– არ უნდა იმიტომ, რომ არ იცის, რა დახვდება აქ. დედის მუცელში მას საკუთარი მიკროსამყარო აქვს, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს. მშობიარობის დაწყებისას ის გრძნობს იმ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, რომელსაც ამ დროს ქალის ორგანიზმი განიცდის. ზუსტად ისეთივე განცდა აქვს, როგორიც იმ ადამიანს, რომელიც თბილ, მშობლიურ კერას მოსწყვიტეს და სიცივეში, უცხო და შეუჩვეველ გარემოში ძალით გააგდეს. ბუნებრივია, რომ ნაყოფს ეშინია. როცა ამ დროს დედასაც ისტერიკა აქვს, მშობიარობა რთულდება. ნაყოფი პანიკაშია, ის სიკვდილზე ფიქრობს.

– ანუ ისეთივე რეაქცია აქვს, როგორც აბორტის დროს?

– დიახ. რა თქმა უნდა. აბორტის დროსაც ნაყოფს პანიკური შიში ეუფლება და ყველანაირად ცდილობს, თავიდან აიცილოს ის. აბორტი ორსულობის რომელ თვეზეც უნდა გაკეთდეს, ჩვეულებრივი მკვლელობაა. თუ ნაყოფს შიშის გრძნობა დარჩა, ის მომავალში აუცილებლად იჩენს თავს. გვქონია შემთხვევა, როცა ბავშვს სიკვდილის შიში ჰქონია და ფსიქოლოგიური სეანსის შემდეგ დაგვიდგენია, რომ ის გამოწვეული იყო იმ სტრესული სიტუაციებით, რაც დედას ფეხმძიმობის პერიოდში ჰქონდა, ან მძიმე მშობიარობით. ბავშვის ტვინსაც და სხეულსაც აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია ახსოვს. მეტსაც გეტყვით, ადამიანს თითქმის ყველა დაავადება ნაყოფის მუცლად ყოფნის პერიოდში უყალიბდება, რომლებიც მომავალში გარკვეულ პირობებში აუცილებლად გამოვლინდება. პერინატალური ფსიქოლოგია უკვე არის ისეთი ძლიერი, რომ შეუძლია, ბავშვის დაბადებამდე დაადგინოს, რით იავადმყოფებს ის მომავალში. უცხოეთში უკვე უკეთებენ ოპერაციას ნაყოფს დედის მუცელშივე. ფსიქოლოგიური სეანსებით კი შესაძლებელია, ნაყოფის ისეთი გენეტიკური დაავადებების რისკ-ფაქტორის განეიტრალება, როგორიც არის შიზოფრენია და სხვა ფსიქიკური დაავადებები.

მასალა მოგვაწოდა

ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი ”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player