გაიწმინდეთ ორგანიზმი ხორბლით და უმი ბოსტნეულით
ხალხურ მედიცინაში ხორბლის მარცვლის საშუალებით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამწმენდი უნიკალური მეთოდი არსებობს. ერთი კვირის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ მოხარშული ხორბალი. შეგიძლიათ, ასევე მიაყოლოთ მას უმი ბოსტნეული, ხილი, ნიგოზი. არ მიიღოთ ცხიმი, შაქარი, ტკბილეული, ალკოჰოლი, ყავა, ჩაი, ხილის წვენი, გაზიანი სასმელები და ლუდი. არც მარილი დაამატოთ მოხარშულ ხორბალს. ხორბალი შეიცავს დიდი რაოდენობით B ვიტამინს. მოხარშული ხორბლის მიღებისას, ორგანიზმში ხვდება ვიტამინების დიდი რაოდენობა, რაც დადებით გავლენას ახდენს არა მარტო ნერვულ სისტემაზე, არამედ კანზე. ხარშვის დროს არ იკარგება B ჯგუფის ვიტამინები. მისი მიღებისას კანი იწმინდება და ელასტიკურობას ინარჩუნებს. უმჯობესდება თმის ღერის მდგომარეობაც. ხორბლის მარცვალი წმენდს ნაწლავების ლორწოვანას და აუმჯობესებს მის პერისტალტიკას. გაწმენდილი ნაწლავები უფრო კარგად იწოვს საჭირო საკვებ ნივთიერებებს და არ იძლევა ნაწლავებში ლპობის პროცესის განვითარების საშუალებას. უმი ხილი და ბოსტნეული უზრუნველყოფს C ვიტამინის საჭირო რაოდენობას, რადგან მთელი კვირის განმავლობაში რაციონში გამოირიცხება მძიმე, გამაღიზიანებელი საჭმელი და მარილი, ორგანიზმის მთელი გამწმენდი სისტემა, კერძოდ ღვიძლი, თირკმელები, ფილტვები და კანი ასწრებს დასვენებას და აღდგენას. ეს კი, თავის მხრივ, კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. გთავაზობთ გამწმენდი პროცედურის წესს: გაარჩიეთ ხორბალი, გარეცხეთ, 6 საათით ჩაალბეთ წყალში. შემოდგით ცეცხლზე და ხარშეთ, სანამ არ დარბილდება. გაწურეთ, დაამატეთ ცოტა თაფლი, ნიგოზი ან თხილი და ქიშმიში. შეგიძლიათ, გემოვნების მიხედვით გახეხილი ბოსტნეული ან ხილი დაამატოთ. მიირთვით დღეში 3-ჯერ.
თუ შიმშილის გრძნობა აუტანელი გახდება, მიირთვით უმი ბოსტნეული ან ხილი. შეგიძლიათ, დალიოთ მინერალური ან წყაროს წყალი. ასევე, კარგია, თუ დალევთ მოცხარის, ჟოლოს, მარწყვის ან პიტნის ფოთლების ნაყენს. აღნიშნული გამწმენდი კურსის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე დღე თავი შეიკავეთ ძნელად მოსანელებელი საჭმლის მიღებისგან. დაიწყეთ მსუბუქი მცენარეული ან რძის ნაწარმით და შემდეგ, თანდათან, ნელ-ნელა მიირთვით სხვა საკვებიც.