ვის სჭირდება ფუნქციური კვება
სტრესებისა და ეკოლოგიური კატასტროფების საუკუნეში სრულფასოვანი და ჯანსაღი საკვების პრობლემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. როგორც გამოკვლევებმა გვაჩვენა, კვების ხასიათი ბევრად განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკურ და მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ამავე დროს, მთავარია საკვების არა რაოდენობა და გემო, არამედ მისი ბიოლოგიური ღირებულება.
რაციონში ამ მაჩვენებლის გაზრდა ეგრეთ წოდებული ფუნქციური კვების პროდუქტების ჩართვით შეიძლება. მთავარია, ორგანიზმში ენერგიის ბალანსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ენერგიის ხარჯვა მოხმარებული საკვების შეჯამებულ კალორიებს არ უნდა შეესაბამებოდეს. აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა. ამ ყოველივეს კი, ფუნქციური კვება უზრუნველყოფს.
ორგანიზმისთვის საკვები ითვლება არა მხოლოდ პლასტიკური და ენერგეტიკული მასალის წყაროდ, არამედ მას შეუძლია მისი ფიზიოლოგიური ფუნქციებისა და ბიოქიმიური რეაქციების რეგულირებაც. ფუნქციური კვების კონცეფციის თანახმად, საკვები ორგანიზმზე თავის მარეგულირებელ ზემოქმედებას ნაწლავების მიკრობული ეკოლოგიის ნორმალიზაციის გზით ახდენს. დაავადებებისგან თავის არიდება და მათგან განკურნება შეიძლება განსაზღვრული სახის ბაქტერიების შემცველი პროდუქტების მეშვეობით, ან ბაქტერიების ზრდის ხელშეწყობით.
ადამიანის ნორმალური მიკროფლორის მრავალრიცხოვან წარმომადგენლებს შორის 85 პროცენტი ბიფიდობაქტერიებია.
სწორედ ისინი ასრულებენ ძირითად როლს ნაწლავების მიკრობიოლოგიური სისტემის შენარჩუნებაში. ნაწლავების აშლილობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბიფიდობაქტერიების დეფიციტი ითვლება. ეს კი მინერალების, ცხიმებისა და ცილების ცვლის დარღვევას იწვევს. დადგენილია, რომ ბიფიდობაქტერიები მონაწილეობენ შეუცვლელი ამინომჟავების სინთეზში, დაბლა სწევენ სისხლში ქოლესტერინის დონეს და ავლენენ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას. ადამიანის ორგანიზმში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლექტობაცილები. ისინი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ათვისებას აუმჯობესებენ, ფერმენტულ აქტივობას ავლენენ, ნაწლავებში მჟავე-ტუტის თანაფარდობას არეგულირებენ და პათოგენურ მიკრობებს ანეიტრალებენ. ადამიანის ნაწლავებში 500-მდე სახის სასარგებლო მიკროორგანიზმი ბინადრობს. ბიფიდობაქტერიებს შეიცავს ყველი, ნაყინი, წვენები, რძე, საკონდიტრო ნაწარმი. მათი მიღება ნაწლავებში სტიმულს აძლევს ბიფიდობაქტერიების ზრდას ორგანიზმში და მეტად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ასევე, კარგია მაწონი, კეფირი, იოგურტი და სხვა. ფუნქციური კვების პროდუქტები სასარგებლოა ყველასთვის. ის აუცილებელია იმუნოდეფიციტის, სტრესის დროს.