ახლომხედველებს სპეციალური საკვები პროდუქტები ენიშნებათ
კომპიუტერი და ინტერნეტი ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის მხედველობაზე. კომპიუტერული თამაშები განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის მავნე. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი თვალებს ჭუტავს, რათა შორს მყოფი საგნები გაარჩიოს, სწრაფად იღლება, კითხვის დროს წიგნი თვალებთან ახლოს მიაქვს, ტელევიზორს ახლო მანძილიდან უყურებს, უჩივის ტკივილს თვალისა და შუბლის არეში, ესე იგი, საქმე სერიოზულადაა. ბოლო დროის კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება მიოპია ანუ ახლომხედველობაა. როცა ბავშვი კითხვას იწყებს, დატვირთვა იზრდება და ავტომატურად საქმეში კუნთების ორი ჯგუფი ერთვება. თავის ტვინში მიდის სიგნალი, რომელიც მხედველობის კორექტირებას ახდენს, რათა ბროლის ენერგია დაზოგოს. ხდება გუგის გაფართოება, რაც შორს მხედველობას ამცირებს. ახლო მანძილიდან დიდი ხნის განმავლობაში კითხვის დროს შეიძლება, საფეთქლისა და შუბლის მიდამოებში ტკივილი განვითარდეს. ახლომხედველობის განვითარება ადრეულ სასკოლო ასაკში ხდება და ის 20 წლის ასაკამდე პროგრესირებს. აუცილებელია, ბავშვმა მხედველობაზე დატვირთვა შეამციროს და შეასრულოს თვალის ვარჯიშები. აუცილებელია საკვების სწორად შერჩევაც. უნდა იკვებოს რძის პროდუქტებით. ხილი და ბოსტნეული აუცილებლად მიირთვას დიდი რაოდენობით. ეცადეთ, ბავშვს აუხსნათ, რომ საათობით კომპიუტერთან ჯდომა არ შეიძლება, რადგან ამან შესაძლოა, სათვალის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გახადოს.
მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ