სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

კომპიუტერთან მიჯაჭვულობა

როდის არის კომპიუტერთან მიჯაჭვულობა პათოლოგია და როდის უნდა ჩაერიოს საქმეში სპეციალისტი

 

 


კომპიუტერის გარეშე თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია. კომპიუტერი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი და აუცილებელი ატრიბუტი გახდა, თუმცა ხშირად ადამიანები ისე ეჯაჭვებიან კომპიუტერს, რომ, ფაქტობრივად, მთელ დღეს და ხშირად ღამესაც მასთან ატარებენ. როდის არის კომპიუტერთან მიჯაჭვულობა პათოლოგია, რატომ ურჩევნია მოზარდს თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება კომპიუტერის საშუალებით და რა უარყოფითი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს კომპიუტერზე მიჯაჭვულობას, ამ საკითხებზე გვესაუბრება „ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის“ გამგეობის წევრი, ფსიქოლოგი თიკა ფანცულაია:

 

– კომპიუტერის საჭიროება დღევანდელ საზოგადოებაში რეალურად არსებობს, თუმცა კომპიუტერთან მიჯაჭვულობას რაც შეეხება, ეს შეიძლება, ისეთივე სახიფათო იყოს, როგორც ვთქვათ, სხვა რამის მიმართ მიჯაჭვულობა, ეს იქნება ნარკოტიკი თუ გარკვეული სხვა ქცევა. კომპიუტერისა და კომპიუტერული თამაშების მომეტებული მოხმარება გარკვეული სახის პრობლემებს ქმნის.

ანუ ეს უკვე არ არის ნორმა, არამედ გადახრაა?

– რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მიჯაჭვულობაზე, ანუ როდესაც მოზარდი სხვა ბევრ ცხოვრებისეულ აქტივობაზე ამბობს უარს და მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩანაცვლებულია კომპიუტერთან ჯდომით, ეს უკვე ნორმას სცილდება. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, კომპიუტერის საჭიროება რეალურია დღევანდელ საზოგადოებაში და მისი მოხმარება არ გულისხმობს აუცილებლად პათოლოგიას, მაგრამ, თუკი ახალგაზრდა, მოზარდი კომპიუტერს გამოიყენებს არა მხოლოდ საჭიროების მიხედვით, არამედ გართობის, ინფორმაციის მიღების მიზნითაც და საერთოდ, ყველაფერს მუდმივად ჩაანაცვლებს ხოლმე კომპიუტერით, ეს, ბუნებრივია, იქნება არაჯანსაღი, პათოლოგიური ქცევა. ადამიანი საკვებს მიიღებს მოჭარბებულად, გარკვეული სახის აკვიატებული ქცევა ექნება, თუ კომპიუტერზე იქნება მიჯაჭვული – ესენი ამ თვალსაზრისით ერთმანეთის მსგავსი ქცევებია.

რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს კომპიუტერზე მიჯაჭვულობას?

– კომპიუტერზე მიჯაჭვულობა უარყოფითად აისახება მოზარდის ფიზიოლოგიაზე, ფიზიკურ მხარეზე, ვთქვათ, მხედველობაზე და სხვა ორგანოებზე, ასევე ფსიქოლოგიაზე, რადგან ამ დროს მოზარდის აზროვნების სფერო საკმაოდ ვიწროვდება და ის გარემოსგან იზოლირებული ხდება. ამ დროს ადამიანი მუდმივად კომპიუტერთან არის დაკავშირებული და სხვა ადამიანებთან კავშირსაც კომპიუტერის საშუალებით ამყარებს. ამის შედეგად შეიძლება, მას გაუჭირდეს რეალურ ცხოვრებაში კომუნიკაციის დამყარება სხვა ადამიანთან. შეიძლება, მას პრობლემები შეექმნას ჩვეულებრივი, ბუნებრივი ურთიერთობების დროს.

– რატომ ურჩევნია მოზარდს თავის თანატოლებთან თუ სხვა ადამიანებთან კონტაქტი დაამყაროს კომპიუტერის საშუალებით?

– იმიტომ, რომ მოზარდისთვის კომპიუტერის მეშვეობით ურთიერთობის დამყარება სხვა ადამიანებთან უფრო მარტივია, რადგან ამ დროს მის მიმართ შეფასებითი დამოკიდებულება ნაკლებია, მის ვიზუალურ მხარესა და ქცევაზე ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას, ანუ ის ნაკლებად ხდება შეფასებისა და კრიტიკის ობიექტი. მას უფრო იოლად იღებენ და აქედან გამომდინარე, ის ადვილადაც შედის კონტაქტში და მარტივად ამყარებს ურთიერთობებს. თუმცა, ბუნებრივია, ამ სახის პრობლემების ამგვარად მოგვარება წარმოშობს იმას, რომ ეს პრობლემები გროვდება. თუკი ადამიანი კომპიუტერით ანაცვლებს ურთიერთობებს, წიგნის კითხვას, გართობას და საერთოდ ყველაფერს, ხდება ამ ადამიანის ზომბირება. ერთ დღეს ამ ადამიანს საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალიან გაუჭირდება.

– ადამიანი ასეთ დროს თვითონ აცნობიერებს, რომ კომპიუტერზეა მიჯაჭვული?

– სხვათა შორის, თუ ადამიანს არ აქვს ნებელობის სახის დარღვევა და აქვს დიდი ნებისყოფა, როდესაც ის შეამჩნევს, რომ ზედმეტად არის დამოკიდებული კომპიუტერზე, თავად იღებს გადაწყვეტილებას რეჟიმის მიხედვით, გარკვეული სახით დროის დიფერენცირების საშუალებით მოიხმაროს კომპიუტერი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ის უკვე მიჯაჭვულია კომპიუტერს. რაც შეეხება მოზარდებს, ისინი, რა თქმა უნდა, ვერ აცნობიერებენ თავიანთ მიჯაჭვულობას, რადგან მოზარდობის პერიოდისთვის მნიშვნელოვან მოთხოვნილებებს მთლიანად უკმაყოფილებთ მათ კომპიუტერი – დიდ დროს არ ხარჯავენ, გარკვეული სახის საჭირო ინფორმაცია რომ მიიღონ, იმარტივებენ ურთიერთობებს, რაც რეალურ ცხოვრებაში მათთვის უფრო პრობლემურია; ანუ მოზარდისთვის კომპიუტერი ძალზე ხელსაყრელია. აქედან გამომდინარე, მოზარდი კომპიუტერთან მიჯაჭვულობის პრობლემას ვერ ხედავს და სწორედ ამიტომ ხდება, რომ ამაზე ლაპარაკობენ არა თვითონ მოზარდები, არამედ მათი მშობლები.

– რა შემთხვევაშია უკვე საგანგაშო მდგომარეობა და რა უნდა გააკეთოს ამ დროს მშობელმა?

– საგანგაშო მდგომარეობა არის მაშინ, როდესაც მოზარდი თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს უთმობს მხოლოდ კომპიუტერს. როდესაც მოზარდი კომპიუტერით ანაცვლებს ყველაფერს: სწავლას, ურთიერთობებს, გართობას და სხვა, ასეთ დროს საგანგაშო მდგომარეობა სახეზეა და ამაში უნდა ჩაერივნენ მშობლები. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ გარკვეულ ეტაპზე მშობელს შეუძლია, პრევენციული ღონისძიებები ჩაატაროთ, ანუ მანამ, სანამ კომპიუტერზე მიჯაჭვულობა აშკარად არ არის გამოხატული და ბავშვის ინტერესი უბრალოდ გამძაფრებულია კომპიუტერული თამაშების ან ჩეთის მიმართ, ასეთ დროს მშობელს შეუძლია, შვილს დაუგეგმოს დღე, რათა ის არ მიეჯაჭვოს კომპიუტერს. მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ კომპიუტერი გახდეს ბავშვისთვის მოხმარების და არა მასზე დამოკიდებულების ობიექტი. მშობელმა უნდა დაუგეგმოს და გადაუნაწილოს შვილს საქმიანობის სფეროები, ოღონდ, არამც და არამც არ უნდა აუკრძალოს მასთან ურთიერთობა. მაგრამ, როდესაც სახეზეა უკვე აშკარა მიჯაჭვულობა, საჭიროა, საქმეში ჩავრიოთ სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი. მშობელმა თავიდანვე არ უნდა მოადუნოს ყურადღება, რათა საქმე მიჯაჭვულობამდე არ მივიდეს. აქვე მინდა გითხრათ, რომ კომპიუტერთან მიჯაჭვულობა არის ქცევის ის ფორმა, რომლის დაძლევაც შეიძლება. ეს არ არის უკურნებელი სენი, რომლისგან გათავისუფლებაც შეუძლებელია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4