სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ქალი და მამაკაცი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს



ცნობილია, რომ ქალები გაცილებით ამტანებიც არიან და უფრო დიდხანსაც ცოცხლობენ, ვიდრე მამაკაცები. ამას, რა თქმა უნდა, თავის მიზეზები აქვს. როდის არიან ადამიანები სტრესგამძლე, რატომ არ უნდა დავფაროთ ჩვენი ემოციები და როდის მიდის მამაკაცი აგრესიამდე, ამ აკითხებზე გვესაუბრება „ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის” გამგეობის წევრი, ფსიქოლოგი თეონა ლომთაძე.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქალები სუსტ სქესად მოიხსენიებიან, ისინი ხშირად უფრო ამტანები არიან და უკეთესად უძლებენ სტრესებს, ვიდრე მამაკაცები, რატომ?

– ამას ფსიქო-ბიო-სოციალური მიზეზები აქვს, თუმცა ამჯერად ჩვენ აქცენტი გავაკეთოთ ფსიქოლოგიურ მხარეზე და აღზრდის თავისებურებებზე. რა შეიძლება იწვევდეს ქალის მეტად ამტანობას და ცხოვრებისეული სიძნელეებისადმი მეტ მდგრადობას? ისევ და ისევ ძალიან მნიშვნელოვანია აღზრდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად ჩვენ, ფსიქოლოგები კლიენტებთან გარკვეული ტიპის პრობლემაზე მუშაობისას, ვცდილობთ, რომ გავააქტიუროთ მათი ემოციური დგომარეობის გამოხატვის უნარი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანმა ისწავლოს ემოციის გამოხატვა ანუ ემოციური განტვირთვა, რათა არ დაიგროვოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში საკუთარ თავში ნებისმიერი ტიპის ემოცია; მნიშვნელობა არ აქვს, ეს ნეგატიური იქნება თუ პოზიტიური. ამ საკითხს იმიტომ შევეხე, რომ მოგეხსენებათ, ჩვენს კულტურაში, ისევე როგორც ყველგან, გოგონას და ვაჟის აღზრდა სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ალბათ, ხშირად გსმენიათ, ვაჟის აღზრდისას მას ხშირად მიუთითებენ, რომ ის არის ვაჟკაცი და მას არ შეშვენის ემოციის გამოხატვა, სისუსტე; რომ ცრემლი სირცხვილია და სხვა. საბოლოო ჯამში, როდესაც ვაჟი იზრდება, ის ცდილობს, იყოს თავშეკავებული ემოციის გამოხატვისას, იმ დონეზეც კი, რომ არასდროს შეერხეს სახის ნაკვთები და არ მოადგეს ცრემლი, რაც საბოლოოდ ორგანიზმის რესურსების ხარჯზე ხორციელდება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცისთვის თითქოს მისაღებია აგრესიის გამოხატვა გინებით, უხეშობით და სხვა. ანუ თუ შესაძლებელია, რომ მამაკაცი იგინებოდეს და ილანძღებოდეს და ეს მისაღებია, რატომ არის მიუღებელი, რომ ემოციური ზეგავლენის დროს მან გადმოაგდოს ცრემლი?! აგრესიამდე მამაკაცი სწორედ იმიტომ მიდის, რომ მას არ შეუძლია ან არ უნდა ემოციის სხვაგვარად გამოხატვა, თუმცა ემოციის ბუნებრივად გამოხატვის შემთხვევაში მამაკაცის ფსიქოფიზიოლოგიური ფუნქციონირება უფრო ჩვეულ და ჯანსაღ კალაპოტში იქნება და დარდს გულში არ ჩაიხვევს.

– ანუ, რაც უფრო თავისუფალია ადამიანი თავისი ემოციების გამოხატვისას, მით მეტად ჯანსაღია ის როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად?

 

– დიახ, რაც უფრო თავისუფალია ადამიანი, მით უფრო სტრესგამძლეა. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქალმა და მამაკაცმა აუცილებლად ერთნაირად და ერთი დოზით უნდა გამოხატოს ემოცია, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს ემოციის გამოხატვის საკუთარი ფორმა და ამ ფორმების შეზღუდვა, რაღაც ნიშნის დაყოფის მიხედვით, შეიძლება, ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს. როდესაც ჩვენ ვიღებთ რაღაც ინფორმაციას და შემდეგ გავცემთ – ეს პროცესია, რომელშიც ჩართულია მეტყველება, არავერბალური გამოხატულების მთელი სპექტრი, ემოცია, გრძნობა და, თუ ეს ხანგრძლივად დაბლოკილია, მაშინ ეს ემოციები შიგნით ტრიალდება და ართულებს ადამიანის ჯანმრთელობას. აქვე ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანის ბუნებაც. ზოგი ადამიანი ბუნებით არის გახსნილი, ის უფრო გამოხატავს თავის ემოციებს და შეხედულებებს, ზოგი კი უფრო ჩაკეტილია.

– ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ბევრ ოჯახს გაუჭირდა მატერიალურად. ასეთ ოჯახებში ქალები უფრო იოლად ადაპტირდნენ, ვიდრე მამაკაცები. რა არის ამის მიზეზი?

– კვლევების მიხედვით, ქალი პრაქტიკულ ცხოვრებისეულ ნიუანსებში გაცილებით იოლად ადაპტირდება და უფრო ელასტიკურია, ვიდრე მამაკაცი. საერთოდ, ოჯახის რჩენა განსაკუთრებით ჩვენს კულტურაში, მიეწერება მამაკაცს და, როდესაც ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად მამაკაცმა დაკარგა ეს უნარი, მან თავი მიიჩნია უფუნქციოდ, რაც ძალიან დიდი საფრთხე აღმოჩნდა არა მხოლოდ ოჯახის ბიუჯეტისთვის, არამედ იმ მამაკაცის ჯანმრთელობისთვისაც. ქალი კი, გარდა იმისა, რომ ის პრაქტიკულ საკითხებში უფრო იოლად ადაპტირდება, მას აქვს შვილების უპირობო სიყვარული, რაც მასში მრავალ რესურსს ააქტიურებს. დედობრივი ინსტინქტი დედას აიძულებს, ყველაფერი გააკეთოს შვილებისთვის, რომ ისინი უზრუნველყოს. მამაკაცებს თუ დაერღვათ ჩვეული გარემო და დაიბნენ, ქალებისთვის ჩვეულ და არაჩვეულ გარემოზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის, რომ მათ შვილებს შიოდათ. ამიტომაც უფრო სწრაფად ადაპტირდნენ ქალები და გამოვლინდა მათი ინსტინქტი, გადაერჩინათ შთამომავლობა.

– აქედან გამომდინარე, ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მამაკაცები?

– სიკვდილიანობის თანამედროვე სტატისტიკური მონაცემები, სუფთა სამედიცინო კუთხით, როგორია, მე არ ვიცი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ერთ სქესს უფრო მეტი ჯაფა ადგას, ვიდრე მეორეს. ქალსაც და მამაკაცსაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ფუნქცია აქვთ. მსოფლიოში არსებული ცხოვრების სტილისა და მიდგომების კუთხით, თითქმის თანაბრდება ის საქმე, რასაც ასრულებენ ქალები და მამაკაცები, როგორც საზოგადოებაში, ისე ოჯახში. მიუხედავად ამისა, ალბათ, უფრო დიდ როლს თამაშობს ბიოლოგიური განსხვავებები, სტრესგამძლეობა და გარკვეული აგებულებითი სტრუქტურა. საერთოდ, ქალი უფრო სტრესგამძლედ ითვლება, ვიდრე მამაკაცი, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი უფრო ძლიერია ფიზიკურად. რაც უფრო მეტად სტრესულ გარემოში გვიწევს ადამიანებს ყოფნა და რაც მეტად შევდივართ ინფორმაციულ საუკუნეში, სადაც ცხოვრების ტემპები ჩქარდება, მით მეტი სტრესული გარემოებები გვხვდება. რადგან ქალი უფრო სტრესგამძლეა, შესაბამისად, ის უფრო ამტანი და გადამტანია ამ პროცესების, რაც, რა თქმა უნდა, ქალების სიცოცხლეს უფრო ახანგრძლივებს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4