სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ქრონიკული ჭინჭრის ციება

ჭინჭრის ციება როგორც დაავადება, ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ჰიპოკრატეს შრომებშია მოხსენიებული.

 

ეს დაავადება ხასიათდება კანის სხვადასხვა ადგილებში გამონაყრით, რომელიც ძალიან წააგავს ჭინჭრით დასუსხულს, ახასიათებს ქავილი, წვა, წიწკნის შეგრძნება. არჩევენ ჭინჭრის ციების მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
მწვავე ჭინჭრის ციება გვხვდება ყველა ასაკში, უფრო ხშირად კი ბავშვებში, ზოგჯერ თან ახლავს სხვადასხვა ადგილის შეშუპებაც. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს სისტემური სიმპტომებიც – ტემპერატურის მომატება, საერთო სისუსტე. მწვავე ჭინჭრის ციება მიმდინარეობს რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე ხანგრძლივობით, მაგრამ თუ გამონაყარი გაგრძელდა 6 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ისმება ქრონიკული ჭინჭრის ციების დიაგნოზი.


არჩევენ ქრონიკული ჭინჭრის ციების შემდეგ ფორმებს:


1. ორდინარული ჭინჭრის ციება, რომელიც ორი ფორმისაა – აუტოიმუნური და იდიოპათიური;
2. ფიზიკური ჭინჭრის ციება;
3. კონტაქტური ჭინჭრის ციება;
4. ჭინჭრის ციებით მიმდინარე ვასკულიტი;
5. შნიტცლერის სინდრომი.


ქრონიკული ჭინჭრის ციების გამომწვევი მიზეზებია: ალერგენები, ქრონიკული ინფექციის კერები, მათ შორის ჰელიკობაქტერია-პილორი ინფექცია, სტრესი, მედიკამენტები, ეკოლოგიური გამღიზიანებლები.

 

ქრონიკული ჭინჭრის ციების გამამწვავებელი ფაქტორები შეიძლება იყოს: არასტეროიდული ანთებისსაწინაარმდეგო პრეპარატები, ფსევდოალერგენები, ალკოჰოლი, ვირუსული ინფექციები, სტრესი. ზოგჯერ გამონაყარს ახლავს შეშუპებებიც – თვალის, ტუჩის, ენის და სხვა არეებში.
ორდინარული ჭინჭრის ციების იდიოპათიური ფორმის დროს ვერ ხერხდება მიზეზის დადგენა (30%); აუტოიმუნური ფორმის დროს პარალელურად ადამიანს აღენიშნება რომელიმე აუტოიმუნური დაავადების არსებობა – უხშირესად აუტოიმუნური თირეოიდიტი – ჰაშიმოტოს დაავადება, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც ჰიპო-, ასევე ჰიპერთირეოიდიზმით.
ფიზიკური ჭინჭრის ციება ვითარდება ფიზიკური ფაქტორების გავლენით; გამონაყარი ამ ფორმის დროს მაპროვოცირებელი ფაქტორის მოშორების შემდეგ რჩება მხოლოდ 2-3 საათი – გარდა დაგვიანებული ზეწოლის ფორმისა, როცა გამონაყარი უფრო ხშირად ჩნდება ზეწოლიდან 6 საათის შემდეგ და შეიძლება დარჩეს საშუალოდ 72 საათი.



სიმპტომური დერმოგრაფიზმის დროს გამონაყარი და ქავილი ჩნდება კანის გაკაწვრის შემდეგ. Aამ ფორმის დროს ზოგჯერ აღინიშნება ტუჩის შეშუპებაც.



დაგვიანებული ზეწოლის ფორმა ყველაზე ხშირია და შეადგენს საერთო რაოდენობის 40%; ძირითადი არეები, სადაც ჩნდება გამონაყარი, არის მკლავები, გულმკერდი, მტევნები,ტერფები, იშვიათად სახე.



ქოლინერგული ჭინჭრის ციება უფრო ხშირია თინეიჯერულ ასაკში. მისთვის დამახასიათებელია სიმეტრიულად განლაგებული მცირე ზომის მაკულო-პაპულოზური გამონაყარი ძირითადად კისერზე, ზურგზე, მხრებზე, სახეზე,, კიდურებზე, რომელიც მწვავდება ფიზიკური დატვირთვის, სიცხის, ემოციების დროს; ზოგჯერ შეიძლება ახლდეს ბრონქოსპაზმიც; შეშუპებები ამ ფორმის დროს იშვიათია.



სიცივის ჭინჭრის ციებისათვის დამახასიათებელია კანის სიწითლე, მცირე შეშუპება, ქავილი – იმ ადგილებში სადაც არის ცივი შეხება. ხშირად ახლავს ტუჩების, ენის შეშუპება. ასეთი ადამიანის ცივ წყალში ბანაობისას შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა (სინკოპე).

 



მზის ჭინჭრის ციების დროს ვითარდება ჰიპერემია და ქავილი მზის სხივებისა და სინათლის შეხების ადგილებში.

სიცხის კონტაქტური ჭინჭრის ციების დროს ვითარდება ჰიპერემული ლაქები ქავილით მაღალი ტემპერატურის შეხების ადგილებში.

წყლის ჭინჭრის ციების დროს ვითარდება ერითემული, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი ნებისმიერი ტემპერატურეს წყალთან კონტაქტისას.

ვიბრატორული ანგიოშეშუპება ვითარდება სხეულზე სხვადასხვა ვიბრატორული სტიმულების გავლენისას.



ფიზიკური ჭინჭრის ციების ერთ-ერთი რთული ფორმაა ფიზიკური დატვირთვის ანაფილაქსია – ჭინჭრის ციება, რომელიც ვითარდება ზოგიერთი საკვების მიღების შემდეგ – რამოდენიმე საათში ფიზიკური დატვირთვის დროს.



კონტაქტური ჭინჭრის ციება მიმდინარეობს გამღიზიანებელი ფაქტორის კანთან შეხების შემდეგ. ეს ფორმა შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც იმუნოლოგიური, ასევე არაიმუნოლოგიური მექანიზმებით.



ჭინჭრის ციებით მიმდინარე ვასკულიტისთვის დამახასიათებელია გამონაყრის მდგრადობა – იგი რჩება კანზე 24 საათზე მეტხანს. ქავილი იშვიათია, შეიძლება აღინიშნებოდეს წვა, წიწკნა, ზოგჯერ ტკივილიც, ეს დაავადება შეიძლება იყოს გამოწვეული ისეთი აუტოიმუნური პათოლოგიებით, როგორიცაა სიოგრენის სინდრომი, წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, ვირუსული ინფექციები – (B,CB ჰეპატიტი), პარაპროტეინემიით (შნიტცლერის სინდრომი), ნაწლავის ქრონიკული გაღიზიანების სინდრომით. ასეთ შემთხვევაში დიაგნოსის დასადასტურებლად საჭირო ხდება გამონაყრის არის ჰისტოლოგიური გამოკვლევა.


ქრონიკული ჭინჭრია ციების ზოგიერთი ფორმის დროს არსებობს რისკი, რომ ადამიანს მოულოდნელად შეიძლება შეექმნეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა (მაგ.: ფიზიკური დატვირთვის ანაფილაქსია, სიცივის და კონტაქტური ჭინჭრის ციების ფორმები), ამიტომ ასეთმა ადამიანმა უნდა ატაროს შესაბამისი აღნიშვნით გულსაკიდი ან სამაჯური.


ზოგადად – ქრონიკული ჭინჭრის ციება აქვეითებს ამ დაავადებით შეპყრობილი ადამიანის სიცოცხლის ხარისხს, იწვევს ნერვული სისტემის დაძაბვას, მოქმედებს მის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.

 

მასალა მოგვაწოდა
ალერგია XXI საუკუნე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4