სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გულის დაავადებები

რატომ გაახალგაზრდავდა საქართველოში გულის დაავადებები.


გულის პრობლემები ადამიანებს განსაკუთრებით გაზაფხულზე ახსენებს თავს. სამწუხაროდ, საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავდა, რაც არასწორი ცხოვრების რეჟიმის, სტრესებისა და ჭარბი წონის ბრალია. არის თუ არა გულის დაავადებები გენეტიკური, როგორ უნდა ვიკვებოთ მსგავსი პრობლემების დროს და რატომ არის პროფილაქტიკა აუცილებელი, ამ საკითხებზე გვესაუბრება ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმიკარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლია რიგვავა.

როგორც ცნობილია, გაზაფხულზე გულის პრობლემები იმატებს. რა არის ამის მიზეზი?

– საერთოდ, როდესაც ვსაუბრობთ გულის დაავადებებზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქრონიკული დაავადებები და როგორც წესი, ქრონიკული დაავადებები გაზაფხულზე მწვავდება. ეს დაკავშირებულია ამინდის ცვალებადობასთან. მოგეხსენებათ, რომ ქრონიკული

 

დაავადებები ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს, თუმცა მას ახასიათებს გამწვავების, ანუ რეციდივისა და ჩაწყნარების, ანუ რემისიის პერიოდები. ამიტომ ადამიანმა
უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი და უნდა აკონტროლოს თავი სისტემატურად. გაზაფხულზე, მარტში, განსაკუთრებით მწვავდება არტერიული ჰიპერტენზია.

ეს პრობლემები მხოლოდ გაზაფხულზე იჩენს ხოლმე თავს?


– გულისთვის კრიზისული პერიოდია მარტი-აპრილი და ასევე, ნოემბერი. ამ დროს პაციენტებს მეტი სიფრთხილე მართებთ. ამ პერიოდში, არტერიული ჰიპერტენზიის გარდა მწვავდება გულის იშემიური დაავადება. უფრო ხშირია სტენოკარდია, ინფარქტი, არითმია.

 

როგორ უნდა აკონტროლოს ადამიანმა ამ დროს დაავადება?


– საერთოდ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ცივილიზებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის
ერთ-ერთი პირველი მიზეზია. დაავადების გაკონტროლება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ უმჯობესია, ეს დაავადებები საერთოდ ავიცილოთ თავიდან. ამისთვის კი საჭიროა პროფილაქტიკა, რომ დაავადების ჩამოყალიბებას დაასწროთ, ან მსუბუქი ფორმა არ გადაიყვანოთ რთულში. შუნტირებამდე და ოპერაციამდე რომ მივა საქმე, ესე იგი, უკვე შეუქცევადი ცვლილებებია ადამიანის ორგანიზმში.


გულის დაავადებების რისკის ჯგუფში ვინ შედის?



– რისკის ჯგუფში შედიან მამაკაცები 35 წლის ასაკის ზემოთ. საერთოდ, იშემიური დაავადებები უფრო მამაკაცებს აწუხებთ. ქალებს უფრო გვიან, კლიმაქსის პერიოდში უჩნდებათ ეს პრობლემები, რადგან მანამდე ქალებს აქვთ ის დამცავი ჰორმონები, რომლებიც იცავენ არტერიული ჰიპერტენზიისგან და იშემიური დაავადებებისგან. კლიმაქსის პერიოდში კი, როდესაც ჰორმონალური დაცვა მცირდება, ქალებშიც ისეთივე სიხშირით ვითარდება ეს დაავადებები და უფრო მძიმედაც მიმდინარეობს. ხშირად საუბარია იმაზე, რომ გულისთვის პირველი მტერია ალკოჰოლი. მაგალითად, არსებობს „ხმელთაშუა ზღვის დიეტა“. ესპანეთში,
იტალიაში, პორტუგალიაში ადამიანები თითო-ჭიქა ღვინოს სადილზე ყოველთვის მიირთმევენ და მათ უფრო ნაკლებად და გვიან ემართებათ გულის დაავადებები. ღვინო, სხვათა შორის, თავისი ტანინით იცავს ორგანიზმს ქოლესტერინის მომატებისგან, მაგრამ აქ საუბარია მცირე დოზაზე. ანუ გააჩნია ალკოჰოლს, კერძოდ, ღვინის მიღების დოზას. რაც შეეხება თამბაქოს, ის მართლაც გულის პირველი მტერია. საერთოდ, გულის იშემიურ დაავადებებს აქვს სამი ძირითადი რისკ-ფაქტორი – „დიდი სამეული“. ეს არის: თამბაქო, არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპერლიპიდემია, ანუ ქოლესტერინისა და ცხიმების მომატება სისხლში. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტი და ჭარბი წონა. ოჯახში ჯანსაღ საკვებს მშობლებმა უდიდესი ყურადღება უნდა მიაქციონ და ბავშვი თავიდანვე უნდა მიაჩვიონ ამას. ძალიან უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე უმოძრაობა, მუდმივად მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნა. ძირითადად, ადამიანებს უყვართ კალორიული საკვების მიღება და შემდეგ ეს ჭარბი კალორიები არ იწვის, რაცჭარბი წონის წარმოქმნას უწყობს ხელს. საინტერესოა, რომ გულის პრობლემები უფრო აქვთ ვაშლის ფორმის სიმსუქნის ადამიანებს, ხოლო მათ, ვისაც მსხლის ფორმა აქვთ, ანუ ცხიმები თეძოებში უგროვდებათ, ნაკლებად ემუქრებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

როგორ უნდა იკვებოს ადამიანი გულის პრობლემების დროს?


– ადამიანი უნდა მოერიდოს ცხოველურ ცხიმებს: ღორის, გოჭის, ცხვრის ხორცს. თუ მაინცდამაინც უნდა მიირთვათ, ღორს გოჭი არჩიეთ, ცხვარს კი – ბატკანი. ასევე, მავნეა ხორცის ნახარში, კარაქით და ერბოთი მომზადებული კერძები. კარგია ზეთით მომზადებული კერძები, განსაკუთრებით სასურველია ზეითუნის ზეთი. ასევე, სასარგებლოა ნიგვზიანი საჭმელები, მით უმეტეს, ქართული სამზარეულო საკმაოდ მდიდარია ამ ტიპის კერძებით. ნიგოზი და ბადრიჯანი აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. მაგალითად, ბაჟე უფრო სასარგებლოა, ვიდრე საცივი, რადგან ნიგოზი მოდუღებულია და კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს.


რამდენად მისაღებია ტკბილეული?



– ჭარბი სახით მიღებული ტკბილეული ორგანიზმში ცხიმებად გადაიქცევა, ამიტომ ტკბილეული სასარგებლო არ არის. ძალიან სასარგებლოა ხილი, მწვანილი და ზღვის პროდუქტები. რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, ეს არის, ეგრეთ წოდებული, მოდიფიცირებადი რისკის ფაქტორები, ანუ რის შეცვლაც შეგვიძლია. არის, ასევე, არამოდიფიცირებადი, ანუ რომელზეც ჩვენ გავლენას ვერ ვახდენთ. ესენია: მამრობითი სქესი (როგორც ვახსენეთ, მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ გულის დაავადებები), ასაკი და გენეტიკური დატვირთვა. ასე რომ, იმ ოჯახებში, სადაც მამას, ბაბუას და ბებიას აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შვილები უკვე რისკის ჯგუფში იმყოფებიან. გენეტიკის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ კონტროლი შესაძლებელია.

შედის თუ არა რისკ-ფაქტორებში სტრესები?


– რა თქმა უნდა, სტრესი უარყოფითად მოქმედებს და იწვევს გულისცემის აჩქარებას, სისხლძარღვების შევიწროვებას და წნევის მომატებას, რაც რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.საერთოდ, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. როგორც აღვნიშნეთ, ძალიან კარგია აქტიურობა, მოძრაობა, ვარჯიში, განსაკუთრებით დინამიკური ფიზიკური დატვირთვა – სიარული, სირბილი, ცურვა. ხოლო, რაც შეეხება სტატიკურს – ტრენაჟორები
და ჰანტელები – არ არის სასურველი.

საქართველოში ბოლო პერიოდში იმატა თუ არა გულის დაავადებებმა?

– ამის სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ჩვენი კლინიკის პაციენტებზე დაკვირვებით, სამწუხაროდ, ძალიან გაახალგაზრდავდა გულის იშემიური დაავადებები. უცხოეთში შუნტირების ოპერაციებს 70 წელს გადაცილებულ პაციენტებს უკეთებენ. ჩვენთან კი 35 წლის ადამიანებს ხშირად ისეთ მდგომარეობაში აქვთ სისხლძარღვები, რომ უკვე ოპერაცია ესაჭიროებათ. ოპერაციამდე რომ საქმე მივა, ადამიანი უკვე საკმაოდ ავადაა. ამიტომ არ უნდა მივიყვანოთ საქმე აქამდე.

 


მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4