სიელმე წარმოადგენს მხედველობის მოშლას - თვალების ერთმანეთის მიმართ არასწორად დგომას. არსებობს სიელმის სხვადასხვა ფორმები. ყველაზე ხშირად გვხვდება ჰორიზონტალური შიგნითა (თვალი მიმართულია ცხვირისკენ), ან ჰორიზონტალური გარეთა (თვალი მიმართულია საფეთქლისკენ). არსებობს, აგრეთვე, ვერტიკალური სიელმე და ის შემთხვევები, როდესაც სიელმე მუდმივი, ან პერიოდულია.

შეუღლებული სიელმე ეს არის ბინოკულარული მხედველობის და ბიფიქსაციის მექანიზმის მოშლა, რომელიც ერთნაირად არის გამოხატული ყველა მიმართულებით ყურებისას (როგორც წესი ვითარდება ბავშვობაში). პარალიტიური სიელმე ვითარდება თვალის კაკლის ერთი ან რამოდენიმე მამოძრავებელი კუნთის დამბლის, ან პარეზის დროს. ვის უვითარდება სიელმე? სიელმე ვითარდება თვალის მამოძრავებელი კუნთების შეუთანხმებელი მუშაობისას. ხშირად ის ვითარდება ბავშვებში( ბინოკულარული მხედველობის არასწორად განვითარების გამო). 2-3 წლის ასაკში ორივე თვალის ერთობლივი მუშაობის ფორმირება ხდება. სწორედ ამ დროს აღინიშნება სიელმის განვითარების საშიშროება. თანდაყოლილი შორსმხედველობისას, რომელიც აღემატება + 3.0 დიოპტრიას, ბავშვს შეიძლება განუვითარდეს შეუღლებული სიელმე: ერთი თვალი ხდება წამყვანი, ხოლო მეორე თვალში მხედველობა ქვეითდება. ეს აიხსნება იმით, რომ ელამ თვალში, თვალის არასწორი დგომის გამო, გამოსახულება არ ეცემა ცენტრალურ ფოსოში. ელამი თვალის ასეთ დაბალ მხედველობას ჰქვია ამბლიოპია - სიბრმავე უმოქმედობის გამო. სიელმის მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური წინასწარგანწყობა, ტრავმები და თავის ტვინის დაავადებები, ფსიქიური ტრავმები (შიში), ერთ თვალში დაქვეითებული მხედველობა, ან სიბრმავე. თვალების შეთანხმებული მუშაობა შეიძლება დაირღვეს შორსმხედველობის ან ახლომხედველობის შედეგად. ასევე, სიელმის განვითარებას ხელს უწყობს ინფექციური დაავადებები (წითელა, ყივანახველა, გრიპი და სხვ.). სიელმისგან დასაცავ მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს დროული დიაგნოსტიკა. სიელმისას მაღალი მხედველობითი უნარით ხასიათდება მხოლოდ წამყვანი თვალი, ხოლო გადახრილი თვალის ფუნქციები თანდათან ითრგუნება და მხედველობა ქვეითდება. ამიტომ, მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს. ბავშვებში სიელმის სამკუნალოდ გამოიყენება სპეციალური სათვალე გადახრილი თვალის მხედველობის გასააქტიურებლად, ხოლო მეორე (წამყვანი) თვალი იფარება. ამსთან ერთად, ტარდება სპეციალური ვარჯიშების კურსი, რომელიც დიდ დროს მოითხოვს: თვეებს და ზოგჯერ წლებსაც. იმ შემთხვევაში თუ 1.5-2 წელიწადში ზემოთაღწერილი ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, შეიძლება ქირურგიული ჩარევა. ოპერაციის შედეგად სიელმე განიკურნება, მაგრამ თვალების ნორმალური მუშაობის აღსადგენად სპეციალური ვარჯიშებია საჭირო. სიელმის ოპერაცია, ასევე, უტარდება ზრდასრულ ადამიანებს, რომლებმაც ბავშვობაში ვერ გაიარეს მკურნალობის კურსი, ან სიელმე ტრავმის შედეგად განვითარდა. ოპერაციის ტიპს განსაზღვრავს ქირურგი უშუალოდ საოპერაციო მაგიდაზე, რადგან გაითვალისწინოს კუნთების ინდივიდუალური განლაგება. ხშირად ჩარევა ხდება ერთდროულად ორივე თვალზე, ხოლო სიელმის ზოგიერთი ფორმის შემთხვევაში - მხოლოდ ერთზე. ოპერაციული ჩარევა მიმართულია თვალის მამოძრავებელი ერთ-ერთი კუნთის გაძლიერებისაკენ, ან პირიქით - შესუსტებისაკენ. აღნიშული ოპერაცია ტარდება ამბულატორულად. მასალა მოამზადა ლადო ბალიაშვილმა