შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) - მხედველობის დარღვევა, როდესაც ადამიანი ცუდად ხედავს ახლოს და უკეთ შორს. თუმცა, მაღალი ხარისხის შორსმხედველობის დროს ავადმყოფი ცუდად ხედავს შორსაც. შორსმხედველობა ყალიბდება იმის გამო, რომ თვალის კაკალს გააჩნია არასწორი ფორმა, ის თითქოს შევიწროებულია სიგრძივი ღერძის მიმართ.

შედეგად, გამოსახულება ფოკუსირდება არა ბადურაზე, არამედ მის უკან. ხშირად თვალის კაკლის არასწორ ფორმას თან ახლავს რქოვანისა და ბროლის დაბალი ოპტიკური ძალა. შორსმხედველობა იშვიათად არის განპირობებული მხოლოდ ოპტიკური ძალის სისუსტით, თვალის კაკლის ნორმალური სიგრძის თანაობისას. შორსმხედველ ადამიანს კითხვისას ტექსტი ახლო მანძილზე უჭირავს, რადგან ბადურაზე გამოსახულება ასე უფრო იზრდება. თუმცა გამოსახულება ამით არ უმჯობესდება, ის უბრალოდ ზომაში მატულობს. პაციენტი ხშირად “ჭუტავს თვალებს” რათა დაეხმაროს აკომოდაციას, რასაც ხშირად მოსდევს ბლეფარიტებისა და კონიუნქტივიტების პროვოცირება. ახლო მანძილზე ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ჰიპერმეტროპეპს აღენიშნებათ მხედველობითი დაღლილობა, თვალებისა და თავის ტკივილი, ცრემლდენა, წვა, ჩხვლეტითი შეგრძნებები. შეიძლება აღინიშნოს უსიამოვნო შეგრძნება სინათლის წყაროს მიმართულებით ყურებისას ან მკაფიო განათებისას. ამას ეწოდება აკომოდაციური ასტენოპია. აკომოდაციური ასტენოპია მით უფრო ძლიერად არის გამოხატული, რაც უფრო მაღალია ჰიპერმეტროპიის ხარისხი. არსებობს შორსმხედველობის სამი ხარისხი და განისაზღვრება დიოპტრიების რაოდენობით, რომლებიც აკლია ჰიპერმეტროპიულ თვალს ემეტროპიული რომ გახდეს: დაბალი ხარისხის ჰიპერმეტროპია არის _2.0 დიოპტრიამდე; საშუალო ხარისხის ჰიპერმეტროპია _ 4,0 დიოპტრიამდე; მაღალი ხარისხის ჰიპერმეტროპია _ 4,0 დიოპტრიაზე მეტი. დაბალი ხარისხის ჰიპერმეტროპიისას თვალი აკომოდაციის მეშვეობით უმკლავდება თვალის ფუნქციას. ხოლო საშუალო და მაღალი ხარისხისას საჭიროა კორექცია, როგორც შორს, ასევე ახლო მანძილზე მუშაობოსას. მასალა მოამზადა ლადო ბალიაშვილმა