(ფუქსის სინდრომი) რქოვანას ენდოთელური დისტროფია (ფუქსის სინდრომი) არის მემკვიდრული დაავადება, როდესაც ზიანდება რქოვანას ყველაზე შიდა შრე - ენდოთელიუმი. ნორმალური თვალშიდა წნევის შედეგად რქოვანაში აღწევს სითხე, რომლის ჭარბი რაოდენობის განდევნაში მონაწილეობს ენდოთელიუმი თავისი “ტუმბოს” მექანიზმით.
ჭარბი სითხის გამო რქოვანა კარგავს გამჭვირვალობას. დისტროფიის პროგრესირებასთან ერთად პაციენტები კარგავენ ენდოთელიუმის უჯრედებს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ენდოთელური უჯრედები არ მრავლდებიან და მათი რაოდენობა თანდათან მცირდება. დარჩენილი უჯრედები იკავებენ თავისუფალ ფართობს “გადაჭიმვის” ხარჯზე, რითაც აკომპენსირებენ მდგომარეობას. მაგრამ, დროთა განმავლობაში “ტუმბოს” მექნიზმი ნაკლებ ეფექტური ხდება. შედეგად რქოვანა შუპდება და იმღვრევა, რასაც საბოლოოდ მხედველობის დაქვეითებისაკენ მივყავართ. დაავადების ადრეულ სტადიაზე პაციენტები აღნიშნავენ სინათლის აუტანლობას. თანდათან მხედველობა შეიძლება გაუარესდეს დილის საათებში, ხოლო საღამოს საათებში მეტ-ნაკლები გაუმჯობესება შეინიშნოს. ეს აიხსნება იმით, რომ ღამე, ძილის დროს, სითხე გროვდება რქოვანაში, ვინაიდან მისი ზედაპირიდან აორთქლება არ ხდება. დღისით, ღია თვალის პირობებში, კი ირთვება რქოვანიდან, სითხის განდევნის ეს მექანიზმი და ბალანსი გადაინაცვლებს ნორმისკენ უფრო ახლოს. თუმცა, ენდოთელური უჯრედების დაკარგვასთან ერთად მხედველობა სტაბილურად დაქვეითებული რჩება. ფუქსის ენდოთელური დისტროფია აზიანებს ორივე თვალს და უფრო ხშირად ქალებში გვხვდება. როგორც წესი, ის ვლინდება 30-40 წლის ასაკში და პროგრესირებს. თუ მხედველობა იმდენად უარესდება, რომ პაციენტს აღარ შეუძლია თავისი თავის მომსახურება, რქოვანას გადანერგვის საკითხი დგება. სიმპტომები: დაბურული მხედველობა, რომელიც ძილის შემდეგ მატულობს; არამუდმივი მახვილი მხედველობა; სინათლის წყაროს ყურებისას “დაბრმავება”; კაშკაშა სინათლის აუტანლობა; თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება. დიაგნოსტიკა ენდოთელური დისტროფიის დიაგნოსტიკა ხდება ოფთალმოლოგის მიერ, ნაპრალოვან სანათზე გამოკვლევების ჩატარებით. ამას გარდა, რქოვანას სისქის დასადგენად გამოიყენება ულტრაბგერითი პაქიმეტრია. ხოლო ენდოთელური მიკროსკოპიით კი ვღებულობთ ენდოთელიუმის მკაფიო სურათს და ვსაზღვრავთ მათ ზომებს და უჯრედების რაოდენობას ერთეულ ფართობზე. მკურნალობა ამ დაავადების მკურნალობა შეუძლებელია მედიკამენტების გამოყენებით. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მაღალი ოსმოლარობის ხსნარები (მიიზიდავენ წყალს), რქოვანას გაუწყლოებაში გვეხმარება, რაც დროებით აუმჯობესებს მხედველობას. კარგ შედეგს იძლევა რქოვანას გადანერგვა, მაგრამ გართულებების რისკის გამო ოპერაცია ინიშნება როგორც წესი 0.1 (20/200) მხედველობის პირობებში (როდესაც პაციენტი ხედავს მხედველობის გამოსაკვლევი ტაბულის პირველ რიგს). მასალა მოამზადა ლადო ბალიაშვილმა