მშრალი თვალის სინდრომი, თუ გავითვალისწინებთ ოფთალმოლოგთან ვიზიტების სიხშირეს, ერთ-ერთი ყველაზე პათოლოგიური სინდრომია. იგი წარმოადგენს ცრემლის აპკის ხარისხის დარღვევას. ცრემლის თხელი აპკი ფარავს თვალის ზედაპირს და ხამხამით იცავს მას დაზიანებისა და გამოშრობისაგან. ცრემლის აპკი შეიცავს რქოვანას კვებისათვის საჭირო ნივთიერებებს და თვალს პათოგენური მიკრობებისაგან იცავს.

ცრემლის აპკი შედგება სამი არათანაბარი შრისაგან. ლორწოვანი შრე წარმოადგენს ცრემლის აპკის საფუძველს, რომელიც თვალთან უშუალო კავშირშია. შუა შრე შეიცავს 98% წყალს. ასევე, მარილებს, ცილებსა და სხვა ნივთიერებებს. იგი კვებავს რქოვანას. გარეთა - ძალიან თხელი ცხიმის შრე, ფარავს აპკს და ანელებს მის აორთქლებას. ცრემლს წარმოქმნის რამდენიმე ჯირკვალი. წყლის კომპონენტს გამოიმუშავებს საცრემლე ჯირკვალი, რომელიც ზედა ქუთუთოს უკან მდებარეობს. კონიუნქტივაში არსებული მცირე დამატებითი საცრემლე ჯირკვლები კი გამოიმუშავებენ ცრემლის ცხიმოვან და ლორწოვან კომპონენტებს. ყოველი დახამხამება ცრემლს ანაწილებს თვალის ზედაპირზე. ჭარბი ცრემლი კი ჩაედინება ცრემლის ორ წვრილ მილაკში, რომლებიც თვალის შიდა კუთხეში მდებარეობენ. ეს უკანასკნელნი იხსნებიან საცრემლე პარკში და ცხვირცრემლის არხის მეშვეობით უკავშირდებიან ცხვირის ღრუს. ამ კავშირით აიხსნება ის მოვლენა, თუ რატომ გამოედინება ცხვირიდან სითხე ტირილის დროს. ცრემლწარმოქმნა შეიძლება რეფლექტორულად განვითარდეს ისეთი თვალსგარე სტიმულების საპასუხოდ როგორიც არის ტკივილი და ემოციები. თუმცა, ასეთი რეფლექტორული ცრემლი მშრალ თვალს ვერ აწყნარებს. უფრო მეტი, ასეთ პაციენტს, ხშირად, აღენიშნება გაღიზიანებული თვალები. მშრალი თვალის სინდრომს მრავალი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი - დაბერების ნორმალური მოვლენაა. დაბერებასთან ერთად ჩვენი ორგანიზმი სულ უფრო ნაკლებ ცხიმოვან სეკრეტს წარმოქმნის - 18 წელთან შედარებით 65 წლის ასაკში ცხიმოვანი სეკრეტის წარმოქმნა 40%-ით ნაკლებია. ეს უფრო გამოხატულია ქალებში (მშრალი კანის ტიპით), ვიდრე მამაკაცებში. ცხიმის სეკრეციის უკმარისობა იწვევს ცრემლის აპკის არასტაბილურობას, რომელიც აჩქარებს ცრემლის აპკის აორთქლებას და რქოვანას ზედაპირზე წარმოქმნის მშრალ ლაქებს. მშრალი თვალის განვითარება-დამძიმების თვალსაზრისით მნიშვნეოვანია სხვა ფაქტორები: ცხელი, მშრალი ან ქარიანი კლიმატი, მაღალმთიანი რეგიონები, ჰაერის კონდიცირება და სიგარეტის გამონაბოლქვი. ასევე, მრავალ ადამიანს უღიზიანდება თვალები კითხვის, ან კომპიუტერზე მუშაობისას. ამ დროს უნდა გაკეთდეს მცირე პაუზა, გახშირებული თვალის ხამხამი და კომფორტის შეგრძნება დაბრუნდება. სიმშრალის შეგრძნება შეიძლება ჰქონდეთ მათაც, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს - ლინზა შეიწოვს ცრემლის აპკის კომპონენტებს და მათ ზედაპირზე ნადები ჩნდება. გარკვეული პრეპარატები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, A ვიტამინის ნაკლებობა, პარკინსონის დაავადება და სიოგრენის სინდრომი, ასევე, იწვევს მშრალი თვალის სინდრომის განვითარებას. ქალებს ჰორმონალური ცვლილებების გამო, მენოპაუზის განვითარებასთან ერთან, ხშირად აღენიშნებათ მშრალი თვალის სიმპტომები. მშრალი თვალის სინდრომის სიმპტომებია: ქავილი, წვა, გაღიზიანება, სიწითლე, მხედველობის უმნიშვნელო დაქვეითება (რომელიც აღდგება ხამხამის შემდეგ), ცრემლდენა, დისკომფორტი კითხვის, ტელევიზორის ყურების ან კოპიუტერთან მუშაობის დროს. მშრალი თვალის სინდრომის დიაგნოსტიკა არსებობს მშრალი თვალის დიაგნოსტირების რამდენიმე მეთოდი (ცრემლის წარმოქმნის სიჩქარის განსაზღვრა, ცრემლის აპკის აორთქლებისა და მისი ხარისხის დადგენა), რომლითაც ექიმი ადგენს გამომწვევ მიზეზებს. მშრალი თვალის სინრომის მკურნალობა მშრალი თვალის სინდრომის მკურნალობა ყოველთვის ინდივიდუალურია. ზოგი მდგომარეობის გაუმჯობესებას აღწევს ხელოვნური ცრემლის (თვალის წვეთების სახით) რეგულარულად გამოყენებით. ამ წვეთების ნაწილი თხევადია და ხანმოკლე მოქმედებით ხასიათდება, სხვები კი - ბლანტია და უფრო მეტხანს რჩება თვალის ზედაპირზე. უპირატესობა ენიჭება ხელოვნურ ცრემლს, რომელიც არ (ან მცირე რაოდენობით) შეიცავს კონსერვანტებს. ასეთი პრეპარატები უფრო კარგად ამშვიდებენ თვალს და, ამავდროულად, არ შეიცავენ თვალის გამაღიზიანებელ კომპონენტებს. მოერიდეთ იმ თვალის წვეთებს, რომლებიც სწრაფად ხსნიან თვალი სიწითლეს. ეს ეფექტი განპირობებულია კონიუნქტივის სისხლძარღვების შევიწროვებით, არ გააჩნიათ საკმარისი დამატენიანებელი თვისებები და შედეგად უფრო აღრმავებენ პრობლემას. მშრალი თვალის სინდრომის მკურნალობის სხვა მეთოდი გულისხმობს საცრემლე წერტილების დახურვას პლასტიკური საცობებით, რითაც წარმოქმნილი ცრემლის რაოდენობას უნებთ. საცობი შეძლება იყოს დროებითი (თუ ის დამზადებულია გამწოვი კოლაგენისაგან), ან მუდმი (სილიკონის საცობების სახით). ასევე, რეკომენდებულია უბრალო და მარტივად შესასრულებელი ზომების მიღება. მაგალითად, დღის განმავლობაში სითხის უფრო მეტი რაოდენობით მიღება - 8-10 ჭიქა დღეში (თუ არ აღინიშნება გულ-სისხლძარღვთა, ან სხვა სისტემის პათოლოგია), პერიოდულად თვალების ხშირი ხამხამი (განსაკუთრებით კითხვისა და ტელევიზორის ყურების დროს. ნუ იქავებთ თვალებს, ეს მხოლოდ აძლიერებს გაზიაზიანებას! გახსოვდეთ! მშრალი თვალის სინდრომის მკურნალობა მნიშვნელოვანია არა მარტო კომფორტის მისაღწევად, არამედ რქოვანას ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მასალა მოამზადა ლადო ბალიაშვილმა