როგორ გადაეცემა აივ ინფექცია? არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა:
- დაუცველი სქესობრივი კონტაქტით (პრეზერვატივის გარეშე) აივ ინფიცირებულ პირთან; - ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიციით – აივ ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენებით. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით; - ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად. როგორ არ გადაეცემა აივ ინფექცია? დადასტურებულია, რომ შიდსის ვირუსი არ გადაეცემა აივ-ინფიცირებულთან: - ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით; - დახველებით , ცემინებით; - საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით; - საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით; - საცურაო აუზით სარგებლობით; - კოღოსა და მწერების ნაკბენით; - აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში; როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია? სქესობრივი გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა. - თავი შეიკავეთ ქორწინებამდე სქესობრივი კავშირებისაგან; - იყავით ერთგული თქვენი სქესობრივი პარტნიორის; - მოერიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს ან უკიდურეს შემთხვევაში აუცილებლად ისარგებლეთ პრეზერვატივით. როგორც ქალის, ისე მამაკაცის პრეზერვატივი პრევენციის ეფექტური საშუალებაა ისეთი დაავადებისგან დაცვის, როგორიცაა: აივ ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, B და ჩ ჰეპატიტები, გონორეა, სიფილისი. უმკურნალებელ შემთხვევაში სგგი მნიშვნელოვნად ზრდის აივ ინფიცირების რისკს. სგგი-ს ადრეული დიაგნოსტიკას და მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია? ინექციური გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა. - ისარგებლეთ მხოლოდ ერთჯერადი ან სათანადოდ გასტერილებული შპრიცებით, ნემსით; - უარი ვთქვათ ნარკოტიკების მოხმარებაზე. ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარების შემთხვევაში არ ისარგებლოთ საერთო შპრიცით. როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია? დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია. - საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ყველა ორსული უზრუნველყოფილია აივ/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირებითა და ტესტირებით, არვ მკურნალობითა და მოვლით; - აივ ინფიცირებული დედიდან ბავშვზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკი 2% - მდე მცირდება, თუ ორსულს ჩაუტარდება; - ანტირეტროვირუსული თერაპია; - საკეისრო კვეთა; - სათანადო კონსულტაცია ბავშვის ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით.