ენდოკრინული ოფთალმოპათია არის ორბიტის ქსოვილებისა და კუნთების აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს ეგზოფთალმისა და სხვა ოფთალმოლოგიური სიმპტომების განვითარებას. დაავადების საფუძველს წარმოადგენს აუტოიმუნური დაავადებანი, რომლებიც იწვევენ თვალის მამოძრავებელი კუნთებისა და რეტრობულბური ქსოვილის ცვლილებებს:
კუნთოვანი ბოჭკოების სტრუქტურის დარღვევას, ლიმფოციტებითა და პლაზმური უჯრედებით დიფუზურ-უჯრედოვან ინფილტრაციას, მუკოპოლისაქარიდების დაგროვებას, კუნთების შეშუპებას, რაც განაპირობებს რეტრობულბური ქსოვილის მოცულობაში მატებას და მიკროცირკულაციის დარღვევას - მომდევნო ფიბროზის ჩამოყალიბებით. ენდოკრინული ოფთალმოპათიის სიმპტომები: ავადმყოფს აღენიშნება ცრემლდენა, სინათლის შიში, თვალებზე ზეწოლის შეგრძნება, გაორება (განსაკუთრებით ზემოთ და გარეთ ყურებისას), თვალის კაკლების წინ წამოწევა. დათავლიერებით ჩანს გამოხატული ეგზოფთალმი, უფრო ხშირად ორმხრივი. ეგზოფთალმომეტრიით ნორმაში თვალის კაკლები წამოწეულია 15-18 მილიმეტრით. ეგზოფთალმიის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებლები მატულობს 2-8 მმ-ით. დაავადების შეშუპებითი ფორმის დროს აღინიშნება ქუთუთოებისა და კონიუნქტივის გამოხატული შეშუპება. თვალის მამოძრავებელი კუნთების უპირატესი დაინტერესებისას გამოვლინდება მებიუსის, გრეფეს, დალრიმპლის, შტელვაგის და სხვ. სიმპტომები. ასევე, აღინიშნება თვალის კაკლების შეზღუდული მოძრაობ სრულ უმოძრაობამდე. თვალის ფსკერზე აღინიშნება ბადურა გარსის შეშუპება და მხედველობის ნერვის დისკოს ატროფია. პერიმეტრიით გამოვლინდება მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება და ცენტრალური სკოტომები. ასევე, შეიძლება აღინიშნოს რქოვანას სხვადასხვა დაზიანება (დაწყლულება და შემდგომი პერფორაცია). დიაგნოსტირებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეტრობულბური სივრცის ულტრაბგერით გამოკვლევასა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დადგენას. მასალა მოამზადა ლადო ბალიაშვილმა