ბადურას მაკულოდისტროფია წარმოადგენს მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთ ხშირ მიზეზს 60 წლის ასაკს გადაცილებულ პირებში.

რა არის მაკულა? მაკულა არის თვალის მიერ სინათლისშემგრძნები გარსის (ბადურა გარსის) ცენტრალური ნაწილი. მხედველობისთვის მაკულა ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ მისი მეშვეობით ვხედავთ ჩვენს წინ მდებარე საგნებს, ვკითხულობთ და ვწერთ. ასევე, მაკულას წყალობით ვარჩევთ ფერებს. მაკულა შედგება ნაზი სინათლისშემგრძნები უჯრედებისაგან. გარკვეული პროცესების შედეგად ეს უჯრედები შეიძლება დაზიანდეს, ასეთ მდგომარეობას “მაკულოდისტროფია” ეწოდება. თუ მაკულოდისტროფია მოხუცებულ ასაკში ვითარდება, მას “ბადურას სენილურ (მოხუცებულობით) მაკულოდისტროფიას უწოდებენ”. ბადურას მაკულოდისტროფიის ფორმები ოფთალმოლოგები ანსხვავებენ მაკულოდისტროფიის ორ ფორმას: “სველს” და ”მშრალს”. “მშრალი” მაკულოდისტროფია უფრო ხშირად გვხვდება. იგი ძალიან ნელა მიმდინარეობს და იწვევს ცენტრალური მხედველობის დაკარგვას. დღევანდელ დღეს “მშრალი” მაკულოდისტროფიის მკურნალობის ერთადერთი საშუალება - ანტიოქსიდანტებია. “სველი” მაკულოდისტროფიის შემთხვევათა, დაახლოებით, 10% გვხვდება. მისი განვითარების მიზეზს წარმოადგენს ბადურას უკან ახალი სისხლძარღვების წარმოქმნა (ამ პროცესს “ნეოვასკულარიზაცია” ეწოდება). ახალი სისხლძარვები მყიფეა და მათი კედლებიდან სისხლი ადვილად ჟონავს, რაც იწვევს სისხლჩაქცევების განვითარებას, შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნას და ამის შედეგად მხედველობის დაკარგვას. “სველი” მაკულოდისტროფია სწრაფად ვითარდება. მისი მკურნალობა დასაწყის სტადიაზე შესაძლებელია. როგორც წესი, მაკულოდისტროფია ვითარდება ორივე თავლზე, თუმცა ერთი თვალი უფრო ადრე კარგავს მხედველობას. ასეთ მდგომარეობაში დაავადების საწყისი ფორმა პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება მეორე თვალის კომპენსაციის გამო. მაკულოდისტროფია არ იწვევს ტკივილს და იშვიათად მივყავართ სრულ სიბრმავდემდე ვინაიდან მხოლოდ ცენრალური მხედველობა ზიანდება. როგორც უკვე იყო აღნიშნული, მაკულოდისტროფია წარმოადგენს ცენტრალური მხედველობის სიმახვილის დაკარგვის ყველაზე ხშირ მიზეზს 60 წლის ასაკს გადაცილებულ პირებში. რა იწვევს მაკულოდისტროფიას? დღევანდელ დღეს მაკულოდისტროფიის ზუსტი მიზეზი უცნობია. ქვემოთ მოყვანილია ის ფაქტორები, რომლებიც ზრდიან მაკულოდისტროფიის განვითარების რისკს: • ასაკი - მაკულოდისტროფია უფრო ხშირად ასაკოვან პირებში გვხვდება; • სქესი - უფრო ხშირად ქალები ავადდებიან; • მემკვიდრეობა - დღევანდელ დღეს ცნობილია რამდენიმე გენი, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა და გავლენას ახდენენ მაკულოდისტროფიის განვითარებაზე; • სიგარეტის მოხმარება - კვლევამ აჩვენა, რომ სიგარეტის მოწევა ხელს უწყობს მაკულოდისტროფიის განვითარებას. ამ მავნე ჩვევის შეწყვეტისას რისკი თანდათან მცირდება; • მზის სინათლე და ულტრაიისფერი გამოსხივება _ სპეციალისტების აზრით მზის ჭარბი სინათლე აზიანებს ბადურას; • კვება - ზოგიერთი ვიტამინი და მიკროელემენტი დამცევლ მოქმედებას ახდენს და ანელებს ან აფერხებს მაკულოდისტროფიის განვითარებას. მაკულოდისტროფიის სიმპტომები მაკულოდისტროფიის ადრეულ სტადიაზე პაციენტები აღნიშნავენ ცენტრალური მხედველობის გაუარესებას, საგნები გამოიყურება დამახინჯებულად, ხოლო სწორი ხაზები - უსწორმასწოროდ. სიმპტომების განვითარება ან აღმავალია (რამდენიმე თვის განმავლობაში), ან სწრაფი. ზოგჯერ ჩნდება მკვეთრი მგრძნობელობა სინათლის მიმართ. ტკივილები არ ახასიათებს. გვიან სტადიაზე ავადმყოფები აღნიშნავენ შავ ლაქას მხედველობის ველის ცენტრში, კითხვისა და ავტომობილის მართვის გაძნელებას. როგორ ხდება მაკულოდისტროფიის დიაგნოსტირება? როგორც წესი, დიაგნოზის დასმა სირთულეს არ წარმოადგენს დაავადების საკმაოდ დამახასიათებელი სიმპტომების გამო. დიაგნოზის დასაზუსტებლად ოფთალმოლოგი ახდენს თვალის ფსკერის დათვალიერებას, მხედველობის ველის გამოკვლევას, ატარებს ფლუორესცენტულ ანგიოგრაფიას და სხვ. მაგრამ ყველაზე მარტივ ტესტს წარმოადგენს ამსლერის ბადის ტესტი, რომლის ჩატარება შეუძლია თვითონ პაციენტსაც. მაკულოდისტროფიის მკურნალობა სველი მაკულოდისტროფიის ზოგიერთ შემთხვევაში ნაჩვენებია ფოტოდინამიური თერაპია, რომლის მეშვეობით ექიმები ახალი სისხლძარღვების ზრდას აჩერებენ. ასევე, ამ დროს ნაჩვენებია ახალი სისხძარღვთა წარმოქმნის მასტიმულირებელი ფაქტორების შემბოჭველი პრეპარატების თვალშიდა შეყვანა. მშრალი მაკულოდისტროფიის მკურნალობა დღევანდელ დღეს მაკულოდისტროფიის ეფექტური მკურნალობა ჯერ არ არის შემუშავებული. თუმცა, ანტიოქსიდანტების გამოყენება კარგ შედეგებს იძლევა. სწორი კვება, რაციონში დიდი რაოდენობით ახალი ბოსტნეულისა და ხილის შეტანა, A და E ვიტამინების გამოყენება, შესაძლებლობას იძლევა შევანელოთ, ან სულაც შევაფერხოთ მაკულოდისტროფიის განვითარება. პროფილაქტიკა • დაიცავით სწორი დიეტა - მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით ფოთლოვანი (კომბოსტო, ისპანახი). მიიღეთ პოლივიტამინები მიკროელემენტების დანამატებით; • ისარგებლეთ მზის საწინააღმდეგო (ულტრაიისფერი გამოსხივების დაცვით) სათვალით; • ნუ მოსწევთ - ეს არა მარტო თქვენს მხედველობას დაეხმარება, არამედ გულს, ტვინს და ფილტვებსაც; • დაიცავით კითხვის ჰიგიენა: კარგი განათება, მსხვილი ტექსტი, ჰალოგენური ნათურები. დამოუკიდებელი დიაგნოსტიკისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ამსკლერის ბადე. როგორ ვისარგებლოთ ამსლერის ბადით? დახუჭეთ ერთი თვალი. უყურეთ ცენტრალურ წერტილს (დაახლოებით გაშლილი ხელის მანძილზე) და ნელ-ნელა მოუახლოვდით მონიტორს სანამ ერთ-ერთი წითელი რკალი არ გაქრება გვერდითი მხედველობიდან (20-30 სმ-ის მანძილზე). მიახლოებისას არ მოწყვიტოთ თვალი წენტრალურ წერტილს! არ დაგავიწყდეთ მეორე თვალის გამოკვლევა! მასალა მოამზადა ლადო ბალიაშვილმა