სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სინუსიტი ეს არის ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ინფექციური-ანთებითი პროცესი. განასხვავებენ დაავადების ორ ტიპს: მწვავე სინუსიტი (ახასიათებს ლორწოვანის ჰიპერემია, სეროზული და შემდგომ ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან და გრძელდება 2-3 კვირა) და ქრონიკული სინუსიტი (ჩვეულებრივ ვითარდება მორეციდივე და არასრულად ნამკურნალები მწვავე სინუსიტის შემდეგ).

სინუსები ეს არის ოთხი წყვილი ჰაეროვანი ღრუ, რომლებიც მოთავსებული არიან ცხვირის ირგვლივ. მათ ასევე უწოდებენ პარანაზალურ ღრუებს და ცხვირის დანამატ წიაღებს. წიაღების მიხედვით შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი სახის დაავადებები:

- � ჰაიმორიტი _ ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთება;

- � ფრონტიტი _ შუბლის წიაღის ანთება;

- � ეთმოიდიტი _ ცხავის ძვლის ლაბირინთის ანთება;

- � სფენოიდიტი _ძირითადი ძვლის წიაღის ანთება. ყველა წიაღი იხსნება ცხვირის ღრუში და მათი ბუნებრივი სავალი ემსახურება ჰაერისა და ლორწოს თავისუფალ გამოდევნას წიაღებიდან, ამიტომ ნებისმიერი ინფექცია, იმუნური ან ალერგიული რეაქცია ცხვირის ღრუში იწვევს სინუსების ანთებას. ანთების დროს ჰაერი, ჩირქი და სხვა სახის ექსუდატი იწვევს ზეწოლას სინუსების კედლებზე, რასაც ახლავს ძლიერი ტკივილი. ამასთანავე თუ ანთებითი პროცესი გამოიწვევს ბუნებრივი სავალის დახშობას, სინუსებში ვითარდება უარყოფითი წნევა, ვაკუუმი, რაც თავისთავად იწვევს ტკივილის სინდრომს.

 

ტკივილის ლოკალიზაცია დამოკიდებულია ანთებითი პროცესის მდებარეობაზე. სინუსიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია: თავის ტკივილი, განსაკუთრებით დილით, ცხვირიდან ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი, ზედა ყბის არეში ტკივილი, კბილის ტკივილი, ჰაიმორიტის დროს ლოყის და ყვრიმალის არეში ზეწოლისას ტკივილი, ეთმოიდიტისათვის დამახასიათებელია ქუთუთოების და თვალბუდის ირგვლივ რბილი ქსოვილების შეშუპება, ტკივილი თვალებს შორის მიდამოში. ცხვირის ფრთები ხდება მგრძნობიარე მცირე შეხების დროსაც კი, ხშირად აღინიშნება ყნოსვის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება. ფრონტიტის წამყვანი სიმპტომია სიმძიმის შეგრძნება სინუსის ლოკალიზაციიაზე, ძლიერი თავის ტკივილი, განსაკუთრებით შუბლის მიდამოში. სფენოიდიტი გვხვდება შედარებით იშვიათად და მიმდინარეობს ყურების ტივილით, კისრის და თავის ზემო ნაწილის ტკივილით.

 

სინუსიტის დანარჩენი სიმპტომები მიმდინარეობს გაციებისთვის დამახასიათებელი ნიშნებით. მაგალითად: ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ღამის ხველა, ცხვირის გაჭედვა და სხვა. ცხვირხახაში ჩირქის, ლორწოს და ექსუდატის გადასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მისი ანთებითი პროცესი. არც ისე იშვიათად სინუსიტი შეიძლება გახდეს ტვინის ინფექციების მიზეზი, განსაკუთრებით ხშირად მოავადე ბავშვებში.

 

მწვავე სინუსიტების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია რესპირატორული ვირუსული ინფექცია ან ჩვეულებრივი გაციებაა. ვირუსს აქვს უნარი შეაღწიოს სინუსებში და გამოიწვიოს მათი ანთებითი პროცესი. მაგალითად, ბაქტერიის ან ვირუსის მოხვედრას ცხვირის ღრუში, ორგანიზმი პასუხობს სწრაფი იმუნური რეაქციით, ლორწოს ჰიპერსეკრეციით და ლიმფოციტების რაოდენობის გაზრდით ცხვირის ლორწოვან გარსში. ეს ყველაფერი იწვევს ცხვირის გასავლების შევიწროებას და ცხვირით სუნთქვის გაძნელებას. როცა ანთებითი პროცესი შეაღწევს წიაღების ლორწოვან გარსში, ეს იწვევს მის შეშუპებას, რაც აძნელებს ჰაერისა და ექსუდატის გამოყოფას წიაღებიდან. ლორწოს შენელებული ან გაძნელებული გამოყოფა ქმნის ბაქტერიების გამრავლების საუკეთესო პირობებს.

 

ისეთი ბაქტერიები, როგორიცაა Streptococcus pneumoniae da Haemophilus influenzae ნორმაში შეიძლება ბინადრობდნენ ზემო სასუნთქ გზებში და არ გამოიწვიონ ანთებითი პროცესი. როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა სუსტდება, ლორწოს გამოყოფა წიაღებიდან გართულებულია სურდოთი მიმდინარე სხვადასხვა დაავადებების გამო, ეს ბაქტერიები იწყებენ გაძლიერებულ გამრავლებას და იწვევენ მწვავე სინუსიტს.

 

ზოგჯერ, შედარებით იშვიათად, სინუსიტის გამომწვევი სოკოვანი ინფექციაა. იგი ვითარდება ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტების დროს. ვაზომოტორული რინიტი, ალერგიული სურდო, ცივი ჰაერის ჩასუნთქვა და სხვა მიზეზები შეიძლება გახდეს მიზეზი სინუსიტების, ცხვირის დანამატი წიაღების ქრონიკული ანთებითი პროცესის განვითარებისა.

რა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს სინუსიტი?

ალერგიულმა რეაქციამ, ბრონქეალურმა ასთმამ, იმუნოდეფიციტურმა მდგომარეობამ. ალერგიამ მტვერზე, მცენარეთა ყვავილობაზე, შეიძლება გამოიწვიოს ვაზომოტორული რინიტი, რომელიც ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია სინუსიტების განვითარებისა. აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ალერგიული რინიტით დაავადებულ პაცინტთა 80% და ბრონქეალური ასთმით დაავადებულთა 75% უჩივის სინუსიტის არსებობას. ზოგიერთ ადამიანს სინუსიტი უვითარდება ცივი ნესტიანი კლიმატის და დაბინძურებული გარემოს გამო. ისევე როგორც მწვავე სინუსიტების დროს, ქრონიკული ანთებითი პროცესის დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნოდეფიციტურ მდგომარეობას (შიდსი, მუკოვისციდოზი), ასევე ცხვირის პოლიპოზი.

 

სინუსიტის დიაგნოზი დგინდება სპეციალისტის მიერ ანამნეზის შეკრებით, ცხვირისა და ცხვირ-ხახის დათვალიერებით, რენტგენოლოგიურად და საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფიით.

სინუსიტის მკურნალობა:

დიაგნოზის და გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობა: მწვავე სინუსიტის დროს დასაწყისში ინიშნება შეშუპების მოსახსნელი პრეპარატები, რათა აღდგენილ იქნას ცხვირით სუნთქვა, ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და იმუნოკორექტორები. შეშუპებისსაწინააღმდეგო ადგილობირივი წვეთების ან აეროზოლების გამოყენების დროს ყურადღება უნდა მიექცეს და დიდი სიზუსტით შესრულდეს ექიმის დანიშნულება, გამოყენების ხანგრძლივობა და დოზირება. არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია სიმპტომების გაუარესება გამოიწვიოს. ანტიბიოტიკები, რომელიც ეფექტურია დაავადების გამომწვევი რომელიმე განსაზღვრული ტიპის მიკრობების მიმართ, შესაძლებელია დაინიშნოს სინუსიტების დროს როგორც მონოთერაპიაში, ასევე ანტიმიკოზურ და იმუნოკორექტორულ საშუალებებთან კომბინაციაში. ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მუდმივი კონტროლის და მეთვალყურეობის ქვეშ, შემდგომი გართულების თავიდან აცილების მიზნით. ცალკე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ქრონიკული სინუსიტების მკურნალობაზე. აღნიშნული დაავადების მკურნალობა საკმაოდ რთულია, რამდენადაც ამ დროს წიაღებში არსებული მიკრობები ცუდად რეაგირებენ ანტიბიოტიკოთერაპიაზე. ჩვეულებრივ გამოიყენება სტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები ორალურად ან ადგილობრივი აეროზოლების სახით. იმ შემთხვევაში, თუ სინუსიტი წარმოადგენს რომელიმე უფრო სერიოზული დაავადების გართულებას (მაგ.: ბრომქეალური ასთმა ან ალერგიული რინიტი), მკურნალობას იწყებენ სწორედ ამ უკანასკნელით. მედიკამენტოზური მკურნალობის ეფექტურობის შემთხვევაში თავს არიდებენ ქირურგიულ მკურნალობას (პოლიპოტომია, ცხვირის ღრუდან სეროზული გამონადენის გამოქაჩვას). ბავშვთა ასაკში მდგომარეობის შემსუბუქებისა და გაუმჯობესების მიზნით, უნდა გაკეთდეს ადენოტომია. ყველაზე თანამედროვე და ნაკლებინვაზიურ მეთოდს მიეკუთვნება ენდონაზალური ენდოსკოპიური ქირურგია. სინუსიტის პროფილაქტიკა: რასაკვირველია ძნელია ადამიანმა თავი აარიდოს ნებისმიერ გაციებას, რადგან ეს დამოკიდებულია ორგანიზმის ბრძოლის უნარზე და იმუნიტეტზე. ძლიერი იმუნიტეტი ხელს უწყობს მკვეთრად შეამციროს მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიხშირე და ხელი შეუშალოს მის გაქრონიკულებას.

- � თუ დავრწმუნდებით მწვავე რესპირატორული ინფექციის არსებობაში, ხშირად უნდა გავანიავოთ პაციენტის ოთახი, მოვერიდოთ ხანგრძლივად ცივი და ნესტიანი ჰაერის სუნთქვას;

- � მოვერიდოთ მტვრისა და სიგარეტის კვამლის სუნთქვას (განსაკუთრებით ალერგიის არსებობის Dდროს);

- � თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და აცნობოს ალერგენის შესახებ, რათა გაიაროს დესენსიბილიზაციის კურსი; � თავი უნდა მოარიდოს ქლორირებულ აუზში ბანაობას, რადგან ქლორი იწვევს ცხვირის რუს ლორწოვანის გაღიზიანებას;

- � თუ პაციენტს უწევს თვითმფრინავით ფრენა, ქრონიკული სინუსიტის დროს უარყოფითი წნევის გაზრდამ წიაღებში შესაძლოა გამოიწიოს დისკომფორტი და ტკივილიც კი, ამიტომ, აღნიშნული პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია აფრენამდე ცხვირში ადგილობრივი სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთებისა და აეროზოლების გამოყენება. მასლამა მოგვაწოდა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი ლია ლომიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player