სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ნევროლოგიური დაავადებები

ინსულტი

ინსულტი თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევაა (სისხლჩაქცევა და სხვა), რომელიც იწვევს თავის ტვინის ქსოვილების კვდომას.

 

ინსულტის გამომწვევი მიზეზები

ინსულტი შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის მკვებავი ამა თუ იმ სისხლძარღვის (სისხლძარღვების) დახშობით (იშემია), ან გაგლეჯით (სისხლჩაქცევა - ჰემორაგია).

 

ინსულტის სახეები განასხვავებენ ინსულტის 2 სახეს:

ჰემორაგიულს, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვის გაგლეჯითა და სისხლჩაქცევით და იშემიურს, რომელიც განპირობებულია სისხლძარღვის დახშობით. ინსულტი ყველზე ხშირად ვითარდება ისეთი დაავადებების ფონზე როგორიცაა: ჰიპერტონია და გულის დაავადებები (მოციმციმე არითმია, მანკები, პაროქსიზმული ტაქიკარდია), გულის უკმარისობა, ცერებრალური ათეროსკლეროზი. იშემიური ინსულტის დროს სისხლძარღვის დახშობის მიზეზი შეიძლება იყოს: კისრის მსხვილი სისხლძარღვებისა და გულის სარქვლების ათეროსკლეროზული ფოლაქებიდან მოწყვეტილი ნაწილები; თრომბები, რომლებიც წარმოიქმნება სისხლძარღვების შევიწროების ადგილზე ( სისხლძარღვთა ხანგრძლივი სპაზმი).

ინსულტის სიმპტომები

ჰემორაგიული ინსულტი განსხვავდება იშემიურისგან იმით, რომ ჰემორაგიული ინსულტი ვითარდება მაღალი არტერიული წნევის ფონზე, რომლის დროსაც სკდება სისხლძარღვი, ვინაიდან არტერიის კედელი ათეროსკლეროზის დროს არათანაბარი სისქისა და ზოგ ადგილას გათხელებულია. სისხლის დიდი წნევის გამო ხდება ტვინის ქსოვილების ერთმანეთისაგან დაშორება, წარმოქმნილ სივრცეებში კი ჩაედინება სისხლი და ასე წარმოიქმნება ჰემატომა. სისხლჩაქცევა, ასევე, შეიძლება მოხდეს ანევრიზმის გახეთქვის დროსაც. ხშირად ხდება სისხლის ჩაღვრა ტვინის გარსებში, რასაც სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა ეწოდება. ასეთი სისხლჩაქცევა ვითარდება უმეტესად 40 წლამდე ასაკში. პაციენტს აღენიშნება თავში დარტყმის შეგრძნება, რომელიც ხანჯლის ჩარტყმით მიყენებულ უეცარ ტკივილს გავს. თავის ძლიერმა ტკივილმა შეიძლება განავითაროს გულყრა, მაგრამ, როგორც წესი, ადამიანი გონებას არ კარგავს. ავადმყოფი გრძნობს სისუსტეს, ტკივილისგან კვნესის, თავზე ხელები აქვს შემოჭდობილი, ხშირიად აღინიშნება გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მაგრამ ჰემორაგიული ინსულტისაგან განსხვავებით, ასეთ პაციენტს, არ უვითარდება დამბლა.

 

იშემიური ინსულტი ჰემორაგიულზე უფრო ვერაგია. თავდაპირველად იშემიური ინსულტის ნიშნები მკვეთრად არ არის გამოხატული, ისინი ვითარდებიან თანდათანობით. ჰემორაგიული ინსულტის დროს გამოვლინებები უფრო ძლიერია: არტერიული წნევის კრიზის ფონზე ძლიერდება თავის ტკივილი, რომელიც თავიდან აღინიშნება თავის ერთ ნახევარზე და შემდგომ, ავადმყოფი კარგავს გონებას, სახე ხდება მონაცრისფრო ან მოწითალო, სუნთქვა ხმაურიანი, ხშირია ღებინება. ასეთი ინსულტის დროს ხშირად ვითარდება გულყრა, პათოლოგიური პროცესი ვითარდება სხეულის ერთ მხარეს, თვალის გუგა გაფართოებულია სისხლჩაქცევის მხარეს. როდესაც ავადმყოფი გონზე მოდის, მას აღენიშნება კიდურების დამბლა ან პარეზი. ეს თუ მარჯვენა კიდურების მხარეა, ირღვევა მეტყველება (აფაზია), თუ მარცხენა - შეინიშნება ფსიქიკური აშლილობა (არ ახსოვს ასაკი, სად იმყოფება, ვერ ცნობს ნათესავებს, თავს თვლის ჯანმრთელად და ა.შ.). იშემიური ინსულტის დროს აღინიშნება თავის კუნთების რიგიდობა - შეუძლებელია თავის მოხრა ისე, რომ ნიკაპი დაედოს მკერდს (კისრის კუნთების რიგიდობის გამო) და ფეხის კუნთების რიგიდობა - შეუძლებელია ფეხის აწევა (ფეხის კუნთების დაჭიმულობის გამო). ეს მოვლენები გამოწვეულია ტვინის გარსებში სისხლჩაქცევით, ამ სინდრომებს ეწოდება მენინგეალური სინდრომი.

 

თუ სისხლჩაქცევა ვითარდება ტვინის ღეროში ადამიანი გონზე მოუსვლელად იღუპება დააახლოებით 2 დღეში. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, უმეტესად, ვითარდება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ: სიმძიმეების აწევის, მუხლზე ჯოხის გადატეხვის მცდელობისა და ნერვული სტრესის დროს, რომელსაც თან ახლავს არტერიული წნევის მომატება.

 

ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დაზიანება უფრო საშიშია. იმის მიხედვით თუ რომელ მხარესაა დაზიანება, ვითარდება სისუსტე ან ხელში, ან ხელსა და ფეხში ერთდროულად. ცალ მხარეს აღინიშნება მეტყველების დარღვევა, აფაზია, მხედველობის ნაწილობრივი, ან მთლიანი დაკარგვა. ეს მოვლენები ქრება რამდენიმე წუთში, ან იშვიათად 1 საათში, რომელიც დღეღამის განმავლობაში შეიძლება არაერთხელ განმეორდეს. სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევაში კი ექიმს შეიძლება დახვდეს უკვე “ჯანმრთელი” პაციენტი, რომელსაც 10-15 წუთის წინ არ შეეძლო არც მეტყველება და არც კიდურების მოძრაობა. იმის გამო, რომ შეტევის დროს დაავადების კლინიკური გამოვლინება, უმეტესად, არ აღინიშნება, პაციენტი არ გადაჰყავთ საავადმყოფოში და რჩება სახლში, ხოლო დილით იღვიძებს ტოტალური აფაზიითა და ცალმხრივი დამბლით. თავის ტვინის ტრანზიტორული დაზიანების დროს ავადმყოფი, აუცილებლად, უნდა მოთავსდეს სტაციონარში. ეს მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის ინსულტი, მაგრამ არის საშიშროება იმისა, რომ ინსულტი განვითარდეს და პაციენტი, ამიტომ, უნდა იქნეს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

 

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის დიაგნოზი ადვილი დასასმელია იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე გვაქვს მკვეთრად გამოხატული დამბლა, ცნობიერებისა და მეტყველების დარღვევა. დიაგნოზის დასმა უფრო რთულია, როდესაც კლინიკა არ არის მკვეთრად გამოხატული, მაგრამ მკურნალობის ტაქტიკა, ორივე შემთხვევაში, უნდა იყოს ერთი - ჰოსპიტალიზაცია (თუკი ავადმყოფი არ არის ძალიან ასაკოვანი და არ იმყოფება კომაში).

 

პირველადი დახმარება ინსულტის დროს

უპირველეს ყოვლისა ავადმყოვი მოხერხებულად უნდა მოთავსდეს საწოლში, განთავისუფლდეს შემბოჭველი ტანსაცმლისაგან და მაქსიმალურად მიეწოდოს სუფთა ჰაერი. პირის ღრუ პროტეზისაგან და პირნაღები მასისაგან განთავისუფლდეს. თავი და მხრები უნდა იყოს მოთავსებული რბილად, ბალიშზე, რათა არ მოიხაროს კისერი და არ გაუარესდეს სისხლის ნაკადი ხერხემლის არტერიაში.…ინსულტის განვითარების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, დაავადების განვითარების პირველი წუთები და საათები, სწორედ ამ დროს გაწეული სამედიცინო დახმარება არის ყველაზე ეფექტური.

 

ინსულტის დროს ავადმყოფის გადაყვანა ყოველთვის ხდება წოლით მდგომარეობაში, თუკი ეს არ არის მესამე სტადიის კომა. ავადმყოფები იშვიათად იღუპებიან უშუალოდ ინსულტისაგან, ინსულტს ხშირად თან ერთვის პნეუმონია და ნაწოლების განვითარება. ასეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს ავადმყოფის გადაბრუნება ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. მოწესრიგებული უნდა იყოს კვება, საჭიროა გაიწმინდოს კუჭნაწლავი და ჩატარდეს გულმკერდის ვიბრაციული მასაჟი.

 

ინსულტის მკურნალობა

ინსულტის მკურნალობა მოიცავს, სისხლძარღვების თერაპიას, იმ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვინში მეტაბოლიზური პროცესების გაუმჯობესებას, ჟანგბადის თერაპიას, აღდგენით მკურნალობას, ან რეაბილიტაციას (სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია, მასაჟი).

ინსულტისშემდგომი რეაბილიტაცია

პირველ რიგში უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევა, პულსი და დროულად უნდა იქნეს მიღებული ყველა რეკომენდირებული პრეპარატი. უნდა მოხდეს ტემპერატურის კონტროლი, ყურადღება უნდა მიექცეს გამოყოფილი შარდის რაოდენობას და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. ყოველივე ამის გასაკონტროლებლად უნდა მოხდეს დღიურის წარმოება - ეს აუცილებელია მიმდინარე თერაპიის კორექციისათვის. თუ კუჭის მოქმედება სამი დღის განმავლობაში არ აღინიშნება, საჭიროა გაკეთდეს გამწმენდი ოყნა. თუ მოხდა შარდის შეკავება, ან ტემპერატურის მომატება აუცილებლად უნდა ეცნობოს ექიმს. ავადმყოფი უნდა იწვეს ნათელ, ხმაურისაგან დაცულ ოთახში. საჭიროა ოთახის სველი წესით დამუშავება 1-2-ჯერ დღეში და რეგულარულად განიავება, მაგრამ ისე რომ, ორპირში არ მოხვდეს პაციენტი. ტემპერატურის ოპტიმალური რაოდენობაა +18-22C

 

საწოლი უნდა იყოს სწორი და მაგარი. თუკი პაციენტი ვერ აკონტროლებს თავის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს მას უნდა ჩააცვან პამპერსი. საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიცვალოს თეთრეული (ვადმყოფი ფრთხილად უნდა გადავაბრუნოთ საწოლის ერთ კიდეზე. გამოსაცვლელ ზეწარს ბინტივით დავახვევთ, მის ადგილზე დავაგებთ ახალ თეთრეულს (მასაც თავიდან ბინტის მსგავსად დახვეულს), შემდგომ გავშლით და გადმოვაბრუნებთ პაციენტს.

 

პაციენტს უტარდება სუნთქვითი ვარჯიშები დღეში რამდენიმეჯერ. ეს ვარჯიში უნდა გააკეთოს ყველა ავადმყოფმა მიუხედავად დაავადების სიმძიმისა. იმისათვის, რომ არ განვითარდეს ნაწოლები და პნეუმონია საჭიროა პაციენტის გადაბრუნება გვერდიდან გვერდზე 2-3 საათში ერთხელ. რეთვე, პაციენტს უტარდება მსუბუქი დარტყმითი ვარჯიშები, გვერდებზე და ბეჭების ქვეშ.

 

თუკი ავადმყოფს არ შეუძლია დამოუკიდებლად მოძრაობა, საჭიროა 2-3-ჯერ დღეში ავაყენოთ, დავბანოთ, დროს კარგად უნდა დავუკვირდეთ რა მდგომარეობაშია ლორწოვანი გარსი და კანი. ავადმყოფი რეგულარულად გავასუფთავოთ ნამიანი პირსახოცით და შემდგომ გავამშრალოთ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, სუდნოს გამოყენებაც. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუსა და შორისის ჰიგიენას. კონიუქტივიტის პროფილაქტიკისათვის კვირაში 2-3-ჯერ თვალში ალბუციდი ჩავაწვეთოთ.

 

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთ ავადმყოფებს ხშირად ეცვლებათ ხასიათი. ისინი შეიძლება გახდნენ მტირალები, პასიურები, ან პირიქით, აგრესიულები. ხშირად უარესდება მეხსიერება, რის გამოც უჭირთ მიმდინარე მოვლენების დამახსოვრება. ბევრს ერღვევა მეტყველება. ირგვლივ მყოფნი პაციენტის ასეთ დგომარეობას უნდა მოეკიდნონ გაგებით, არ გაუბრაზდნენ პრეტენზიების გამო და მოარიდონ კონფლიქტებს. უნდა ესაუბრონ მის სურვილებზე, წაუკითხონ გაზეთები, წიგნები და სთხოვონ გაიმეოროს წაკითხული. ხშირად შეახსენონ, რომ დაასახელოს ირგვლივ არსებული საგნები. ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ოჯახში, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მისი ფუნქციების აღდგენას.

 

რეაბილიტაციის დროს მნიშვნელოვანია ავადმყოფის სწორი კვება. დიეტის კალორიულობა დაყვანილი უნდა იქნეს 2200-2500 კკ-მდე დღე-ღამეში, ძირითადად, ნახშირწყლებისა და ცხოველური ცხიმების შემცირების ხარჯზე. მკვეთრად უნდა შემცირდეს ცომეულისა და შაქრის მოხმარება. უნდა ვეცადოთ მივცეთ მეტი ბოსტნეული და ხილი. კვების რაციონიდან გამოირიცხოს მარილიანი, ცხარე და შემწვარი საკვები. სასურველია, ავადმყოფი იკვებოს 4-5-ჯერ დღეში და კალორიული საკვები მიიღოს დილისა და დღის საათებში.

 

ნებისიერ შემთხვევაში, თუ მოხდა ინსულტი, უნდა გვახსოვდეს, რომ ტვინის უჯრედების ნაწილი იღუპება და დაკარგული ფუნქციების სრულად აღდგენის საკითხი (მიუხედავად თავის ტვინის დიდი კომპესატორული შესაძლებლობებისა), ძალიან პრობლემატურია. დაკარგული ფუნქციებისა და უჯრედების აღდგენას სჭირდება დროის დიდი მონაკვეთი და შესაბამისი მედიკამენტების მიღებასთან ერთად საჭიროა კარგი მოვლა და ავადმყოფის სურვილი იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. საფუძვლიანი მკურნალობის წარმატებულობა დაკავშირებულია შესწავლის პროცესთან, ზუსტად ისე, როგორც სკოლაში: შეიძლება შეგვხვდეს მონდომებული და ნაკლებად მონდომებული, აქტიური და პასიური პაციენტი. ავადმყოფის დახმარება სწავლაში - ეს არის მედპერსონალის ძირითადი ამოცანა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ავადმყოფის აქტიურ სასიცოცხლო პოზიციას, პაციენტისა და მედპერსონალის მოქმედების თანმიმდევრობას შეუძლია ამ დაავადების ნარჩენი უარყოფითი მოვლენები დაიყვანოს მინიმუმამდე. [Edit] | [Del]

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4