სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თოვლის პაპა

ახალი წელი და მასთან დაკავშირებული რიტუალები ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ლამაზი ნაწილია. ახალი წლის მობრძანება ყველაზე მეტად ბავშვებს უხარიათ და მოუთმენლად ელიან თოვლის პაპის საჩუქარს.

 

უნდა სჯეროდეს თუ არა ბავშვს თოვლის პაპის არსებობის, როგორ უნდა მოვუწყოთ მას ახალი წლის დღესასწაული და, საერთოდ, რა განწყობით უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ამ საკითხებზე გვესაუბრება „ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, ფსიქოლოგი სოფიო ვერულაშვილი.

ზოგს მიაჩნია, რომ ახალი წელი ბავშვების დღესასწაულია, თუმცა არიან ზრდასრული ადამიანები, ვისაც ძალიან უყვარს ეს დღე. როგორი ტიპის ადამიანები არიან ისინი?

ადამიანების უმრავლესობას უყვარს ახალი წელი, განსაკუთრებით მათ, ვისაც მოსწონს სიახლეები, ნოვაციები; არიან აქტიურები და ცვლილებების მომხრე. სიახლე რომ უყვართ, ეს ბუნებრივია, რადგან არსებობს სტერეოტიპი: ყველაფერი ახალი კარგია, თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, ვისაც სიახლე აშინებთ. ახალი წელი, გარკვეულწილად, ნიშნავს იმას, რომ რაღაც სრულდება და იწყება ახალი. ადამიანები კი დასასრულს ნეგატიურს უკავშირებენ, ანუ წარსულსატანენ ყველაფერს ცუდს. გარდა ამისა, ახალ წელს არის მეტი შანსი, მეტი არჩევანი, ის ასოცირდება მეტ შესაძლებლობებთან, წარსულის გამოცდილებისგათვალისწინებასთან და წარმატებასთან. საერთოდ კი, ძალიან კარგია, რომ ადამიანების უმრავლესობას აქვს დადებითი განწყობა ახალ წელთან მიმართებაში, რადგან ამ განწყობით როდესაც ხვდება ადამიანი ახალ წელს, ის მართლაც პოზიტიურად აგრძელებს წელს. თუმცა მარტო განწყობა და ფიქრი არ კმარა, ადამიანმა თვითონაც თუ არ იაქტიურა. თან ახალ წელს ახლავს თავისი რიტუალები, რის შესრულებაც ძალიან კარგია, რადგან ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, გააღვიძოს თავისი უნარები და ამ დღეებში მაინც შემოქმედებითად მიუდგეს თავის ცხოვრებას. ზოგადად კი, ის ადამიანები, რომელთაც უყვართ ახალი წელი და სიხარულით ხვდებიან მას, არიან რწმენითა და იმედით სავსენი, რომელთაც არ აშინებთ სიახლე და არიან ოპტიმისტები.

ახალი წელი განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ. უნდა მოუწყოს თუ არა მშობელმა ბავშვს ახალ წელს დღესასწაული?

– საერთოდ, ბავშვებს უფრო ალალი, უშუალო, გულუბრყვილო დამოკიდებულება აქვთ არა მარტო ახალ წელთან, არამედ ყველა დღესასწაულთან მიმართებაში. ბავშვს სხვაგვარად უხარია, იქიდან გამომდინარე, რომ მას ნაკლები პრობლემები აქვს და მისი ფსიქიკა გაურყვნელია. ის ორიენტირებულია პოზიტიურზე. ახალი წელი ბავშვისთვის ზეიმთან ასოცირდება, რადგან ნებისმიერი ოჯახი, რაც უნდა უჭირდეს, მაინც ცდილობს, რომ ახალ წელს მაინც ჰქონდეს სიუხვე. რასაკვირველია, მშობელმა უნდა იზრუნოს, რომ ბავშვს ახალ წელს მოუწყოს დღესასწაული, უფრო მეტიც, ამას არა მხოლოდ ახალ წელს, ყოველდღიურად უნდა ცდილობდეს, მეტ-ნაკლებად. ყოველი დღე ბავშვისთვის სიახლის მომტანი და პოზიტიური განწყობის შემქმნელი უნდა იყოს. მით უმეტეს, დღესასწაულები და განსაკუთრებით, ახალი წელი, რომელსაც თან ახლავს ძალიან ბევრი ლამაზი რიტუალი და ტრადიცია. მშობელმა ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ ბავშვმა შეიგრძნოს და გაითავისოს ეს

დღესასწაული, რათა დადებითი მუხტი მიიღოს.

საახალწლო რიტუალებიდან ბავშვებისთვის განსაკუთრებით გამოირჩევა თოვლის პაპის რიტუალი. უნდა სჯეროდეს თუ არა ბავშვს თოვლის პაპის არსებობის?

ამაზე ერთმნიშვნელოვნად პასუხის გაცემა შეუძლებელია – გააჩნია, რა შემთხვევაში და რა ასაკში. თავისთავად, თოვლის პაპასთან დაკავშირებული რიტუალი ცუდი არ არის და პატარას ვერ აუხსნი, რომ თოვლის პაპის სამოსში მამა ან მსახიობია გამოწყობილი. ამას პატარა ვერ მიხვდება, მაგრამ გარკვეულ ასაკში ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის საახალწლო რიტუალი. ბავშვს უნდა ვუამბოთ სანტა-კლაუსთან დაკავშირებული ისტორია, რომელიც წმიდა ნიკოლოზს უკავშირდება. ასევე, უნდა იცოდეს ბავშვმა თოვლის პაპის ქართული ისტორია, ის, რომ ჩვენი თოვლის პაპა სვანეთიდან ჩამოდის და ასე შემდეგ. ეს ეროვნული, კულტურული, თუ ზოგადად, მსოფლიო მითები, რაც თოვლის პაპას უკავშირდება, ბავშვმა უნდა იცოდეს, მაგრამ ათი წლის ბავშვს ნამდვილად არ უნდა ეგონოს, რომ თოვლის პაპა არსებობს, პირდაპირი მნიშვნელობით, რომ თითქოს, ის ლაპლანდიაში ცხოვრობს, ირმებით მოდის, ბუხრიდან ჩამოდის და ასე შემდეგ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის ლამაზი ზღაპარი, რომელიც ახალ წელს უკავშირდება. ზრდასრულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ ეს ახალი წლის რიტუალია, მაგრამ ძალიან მოსწონთ, თუ თოვლის პაპა მოვა ახალი წლის ღამეს და საჩუქრებს მოუტანთ. ბავშვმაც უნდა იცოდეს, რომ საჩუქარი თოვლის პაპამ მოიტანა, მაგრამ იმ საჩუქრის უკან დგანან მშობლები.

რატომ არის სასურველი, რომ ბავშვმა გარკვეულ ასაკში იცოდეს თოვლის პაპის არსებობა?

როდესაც ბავშვის ფსიქიკური განვითარება მზად არის იმისთვის, რომ რეალობას ჩასწვდეს, მან უნდა იცოდეს, რაც ხდება. საჩუქრის ჩუქება ძალიან ლამაზი რიტუალია ახალ წელს და ძალიან კარგია, როდესაც ოჯახის წევრები ერთმანეთს ამ საჩუქრებს ჩუქნიან. ბავშვისთვის ისედაც სიურპრიზია, როდესაც ლამაზად შეფუთულ საჩუქრებს გახსნის, თუნდაც იცოდეს, რომ ის მშობლებმა გაუკეთეს. მე არ მახსენდება ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში რამე ამბავი, როდესაც ადამიანს თოვლის პაპის არსებობასთან დაკავშირებით პრობლემა შეხვედრია, მაგრამ, თუ ბავშვს უკვე აქვს რამე ფსიქოლოგიური პრობლემა, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს აღრევა რეალობასა და აღქმას შორის და ამ რეალობიდან გასვლის პროცესში ფიგურირებდეს თოვლის პაპა. თუმცა თავისთავად, ნორმალურ, ფსიქიკურად ჯანსაღ ბავშვს, რომელსაც გენეტიკა სუფთა აქვს და ნორმალურ გარემოში იზრდება, თოვლის პაპის არსებობის რწმენა პრობლემას არ შეუქმნის, მაგრამ, თუ მას ისედაც პრობლემა აქვს, შეიძლება, არარეალურის რწმენამ ცუდად იმოქმედოს. ხშირად, მშობლები თვითონ ცდილობენ და აიძულებენ ბავშვს, რომ მას სჯეროდეს თოვლის პაპის არსებობის, ეს არასწორია, რადგან შემდგომში ეს ბავშვი შეიძლება რეალობას მოსწყდეს და მთელი ცხოვრება ეგონოს, რომ ვიღაც სხვა იზრუნებს მასზე, ის გააკეთებს ყველაფერს მის მაგივრად და თვითონ კი იქნება პასიურ მდგომარეობაში. მან შეიძლება თოვლის პაპის როლი შემდგომში მიაწეროს მამას, ქმარს, შვილს და სულ ვიღაცას აწერდეს თოვლის პაპის იარლიყს და მუდმივად იყოს საჩუქრის მოლოდინში. ჩემი პაციენტები ხშირად მეუბნებიან ხოლმე, დიდხანს მჯეროდა თოვლის პაპის არსებობისო, ეს ძალიან ცუდია. გარდა ამისა, ძალიან კარგია, თუ საჩუქრის ჩუქების მომენტში ჩვენ დავაყოლებთ ლამაზ სიტყვებს და ბავშვს ვეტყვით, რომ ამ საჩუქარს იმიტომ გჩუქნი, რომ შენ კარგად ისწავლე და მასიამოვნე შენი წარმატებით. ამ დროს ბავშვი ფიქრობს და უყალიბდება იმის განცდა, რომ ტყუილად, ციდან არაფერი ცვივა, რომ მან თავისი შრომის თუ კარგი საქციელის გამო დაიმსახურა საჩუქარი. ადამიანმა თავისი პასუხისმგებლობა რომ იგრძნოს, ამისთვის საჭიროა, იცოდეს, თუ რას აჩუქებს თოვლის პაპა ეს მასზეა დამოკიდებული. თან ბავშვს უჩნდება მოტივაცია, რომ მომავალ წელს უკეთესად მოიქცევა, რათა დაიმსახუროს კარგი საჩუქარი.

– ზოგიერთი მშობელი პირიქით, იმას ეუბნება შვილს, რომ შენ კი არ ხარ ღირსი, მაგრამ მაინც გჩუქნი საჩუქარს...

– ეს არასწორია, რადგან ბავშვი შემდეგ იმ განწყობით აგრძელებს ცხოვრებას, რომ „მე შეიძლება არ ვიყო ღირსი,მაგრამ მაინც მივიღებ საჩუქარს“.

და ბოლოს, როგორ შევხვდეთ ახალ წელს?

– უნდა გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ოღონდ დავეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს. ნუ ავიღებთ ვალებს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მაქსიმალურად დავასუფთავოთ როგორც გარემო, ასევე ჩვენი პიროვნება, განვიწმინდოთ. მადლობა ვუთხრათ ძველს, გავატაროთ ახალი წლის დღეები საყვარელ ადამიანებთან და შევიქმნათ მაქსიმალურად კარგი განწყობა.მასალა მოგვაწოდა

ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4