სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თამაშები ბავშვისთვის

რა დატვირთვა აქვს თამაშებს და რატომ არის ის ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი

 

 


ბავშვის აღზრდა და მის განვითარებაზე ზრუნვა ურთულესი საკითხია. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ბავშვები ბევრად უფრო ადრე იწყებენ განვითარებას, ვიდრე ამას უფროსები წარმოიდგენენ. ამიტომ მშობლის, განსაკუთრებით დედის, თითოეული სიტყვა, მოქმედება და შეგრძნებაც კი, რაც ბავშვის მისამართით არის მიმართული, ჩვილზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ბავშვები გარემოსგან ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავენ და დროთა განმავლობაში ყოველივე ეს მათზე აისახება. დღეს გვინდა, გესაუბროთ ბავშვების ადრეულ განვითარებაზე და იმ თამაშებზე, რაც მშობლებმა უნდა განახორციელონ ბავშვების ჩვილობის ასაკიდან. როგორც აღმოჩნდა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო თამაში შესაძლოა, ბავშვისთვის დიდი ინფორმაციის მიმწოდებელი იყოს. ვფიქრობთ, ეს თემა მშობლებისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს. ყოველივე ამაში ფსიქოლოგი ანა ცინაძე დაგვეხმარა.

 

ანა ცინაძე: თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ უკანასკნელი ოციოდე წლის განმავლობაში მეცნიერებმა ადამიანის ტვინის შესახებ გაცილებით მეტი შეიტყვეს, ვიდრე მეცნიერების განვითარების მთელი ისტორიის განმავლობაში. მათი მტკიცება იმის შესახებ, რომ სწორედ ადრეული შთაბეჭდილებები უყრის საფუძველს ტვინის განვითარებას, არსებითად ცვლის ჩვენს წარმოდგენებს ბავშვის მოთხოვნილებებზე. როდესაც ჩვენ ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ვლაპარაკობთ, იგულისხმება ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების ინტენსიური განვითარება დაბადებიდან 3-4 წლის ასაკამდე. პედაგოგი- ნოვატორები მიიჩნევენ, რომ ჩვენი ბავშვები ძალიან გვიან იწყებენ სწავლას, სწორედ იმ დროს, როდესაც ტვინი ზრდას წყვეტს (იგულისხმება 7 წლის ასაკი). ცნობილია, რომ ბავშვის ორგანიზმი დაბადებისთანავე იწყებს ზრდას. ვითარდება მისი მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება, შეხების შეგრძნება. ბავშვს ყოველივე ეს ახალ გარემოსთან შესაგუებლად სჭირდება.
მისი ტვინი გამუდმებით მუშაობს – სწავლობს შედარებას და დასკვნების გაკეთებას. ბავშვის ტვინი ისეთ დატვირთვას უძლებს, რასაც მოზრდილთა ტვინი ვერ გაუძლებს.


როგორ ახერხებს ამას ბავშვი?


– ადრეული განვითარების მეთოდიკები სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ დაეხმარონ ბავშვს, თავი გაართვას ამ რთულ ამოცანას. თუ თქვენ გყავთ ბავშვი, მაშინ ვალდებული ხართ, მოძებნოთ მასთან ურთიერთობისთვის დრო. დღის განმავლობაში 10-15 წუთი მაინც გამოძებნეთ იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბავშვს დაუთმოთ. გონებრივი ვარჯიშები, რაც ბავშვისთვის ძალზე სასარგებლოა, შეგიძლიათ ნებისმიერ სიტუაციაში მოიფიქროთ: ვახშმის მომზადებისას, ბავშვის ბანაობისას, მისი ჩაცმის დროს. გახსოვდეთ, რომ რაც თქვენთვის ინტერესმოკლებულია, ბავშვისთვის სამყაროს შეცნობის საუკეთესო საშუალებაა. ვთქვათ, თქვენ რეცხავთ ჭურჭელს, მიეცით ბავშვს პატარა თასი, რამდენიმე ჯამი და კოვზები. ასევე, მიეცით ბავშვს საშუალება, მოამშრალოს მაგიდაზე დაღვრილი წყლის გუბე. ასეთი უბრალო თამაში, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეხმარება ბავშვს თხევადი სხეულების ფიზიკის კანონების შეცნობაში. დათვალეთ კერძისთვის შერჩეული ბოსტნეული, ნახეთ, რამდენ ნაწილად არის დაჭრილი, მაგალითად, კარტოფილი. რომელი ნაჭერია უფრო დიდი, მძიმე და გრძელი. ასე თამაშ-თამაშით თქვენ ბავშვს ჩაუტარებთ მათემატიკის გაკვეთილს.

 

როგორი თამაშები უნდა შევურჩიოთ ახალშობილს?


– ძალიან საინტერესოა ამერიკელი სპეციალისტის, ჯეკი სილბერგის, მიერ შემუშავებული მეთოდიკა, რაც ბავშვის ადრეული განვითარებისთვის განკუთვნილ რამდენიმე თამაშს მოიცავს. ეს თამაშები შეგიძლიათ, განახორციელოთ ახალშობილთან (დაბადებიდან სამი თვის ასაკამდე). თვით ერთი დღის ჩვილებიც კი განარჩევენ თავიანთი მშობლების ხმებს. თუ დედა ორსულობის პერიოდში ნაზად შეახებს მუცელს ხელს და დაელაპარაკება პატარას, ის შეძლებს დედის ცნობას. როდესაც პატარა წევს ზურგზე, მიდით საწოლთან და დაიძახეთ მისი სახელი. ძახილი განაგრძეთ მანამ, სანამ პატარა სახელის გაგონებაზე არ დაიწყებს შემობრუნებას და თვალების ცეცებას. ამის შემდეგ საწოლს შემოუარეთ სხვა მხრიდან და ისევ დაუძახეთ ბავშვს. პატარას ნაზად დაუზილეთ სხეული, უყურეთ თვალებში და დაუძახეთ სახელი. შემდეგი თამაში არის სახელწოდებით „ნიავი“. ის თქვენს პატარას ეხმარება საკუთარი სხეულის შეცნობაში. ნაზად შეუბერეთ ბავშვის ხელისგულს და თან წაუმღერეთ: „აი, შენი ხელისგულები“. ამის შემდეგ აკოცეთ მის ხელისგულებს. სული შეუბერეთ ასევე ბავშვის სხეულის სხვა ნაწილებსაც. პატარების უმეტესობას ძალიან უყვარს, როდესაც მათ უბერავენ იდაყვებზე, ხელების და ფეხების თითებზე, კისერსა და ლოყებზე. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ დადებითი სენსორული გამოცდილება და უფროსებთან ურთიერთობა ხელს უწყობს ბავშვებში შემეცნებითი პროცესების განვითარებას. ბავშვის ტვინის განვითარებისთვის შემდეგი თამაში დაგეხმარებათ: ბავშვის წინ დაიჭირეთ ლამაზი, ფერადი შარფი. ის ნელნელა გაატარ-გამოატარეთ. აღნიშნეთ, რა ლამაზია ის. როგორც კი დარწმუნდებით, რომ ბავშვი შარფს უყურებს, ის ნელ-ნელა გვერდით გასწიეთ, განაგრძეთ მისი გადაადგილება და თან თვალყური ადევნეთ ბავშვის მზერას. შეეცადეთ, ეს თამაში ხშირად ეთამაშოთ. მეცნიერული გამოკვლევის შედეგად, მხედველობითი სისტემის ნებისმიერი სტიმულაცია უზრუნველყოფს მხედველობის განვითარებას. ყველაზე ადრე ბავშვი ცნობს თქვენს სახეს. ეცადეთ, თქვენს პატარას ეთამაშოთ ქუდებით. ის იცნობს თქვენს სახეს და ამით განავითარებს მხედველობას. შეარჩიეთ რამდენიმე ქუდი და დაიხურეთ რიგ-რიგობით. თავი წინ დახარეთ, შემდეგ კი უკან გადასწიეთ. მეცნიერული გამოკვლევებით, ჩვილს ერთი თვის ასაკში შეუძლია დაინახოს ოთხმოცდაათი სანტიმეტრის დაშორებით და მას ცხოვლად აინტერესებს ყველაფერი ის, რაც მის გარშემო ხდება.


შეეცადეთ, გაამრავალფეროვნოთ თქვენი შვილის შეგრძნებები, ეს მას დაეხმარება, შეიმეცნოს საკუთარი თავი და სამყარო. ამისთვის შეარჩიეთ რამდენიმე ფაქტურის ქსოვილი და გაუსვით პატარას ხელისგულებზე. დასაწყისისთვის საკმარისია: ატლასის, შალისა და პირსახოცის ქსოვილები. ასევე, მიეცით თქვენს პატარას შესაძლებლობა, შეიგრძნოს მრავალნაირი სუნი. სეირნობის დროს, ქუჩაში აყნოსვინეთ ყვავილები, ხილი. მეცნიერების აზრით, ის, რასაც პატარები ხედავენ და ყნოსავენ, ხელს უწყობს ტვინში შენაერთების შექმნას, განსაკუთრებით, თუ ბავშვი იმყოფება მოსიყვარულე, მზრუნველ და მისთვის ნაცნობ გარემოში. დაბოლოს, ყველა თამაშის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვის დაღლილობის ნიშნებს და დასვენების სურვილს.


ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4