სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

რატომ არ უნდა შევზღუდოთ ბავშვი და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი მისი ტვინის განვითარებას

 

ბავშვის აღზრდის მეთოდებზე სპეციალისტები და აღმზრდელები ბევრს დავობენ, თუმცა პატარას რომ განვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობები აქვს, ამას ყველა ეთანხმება. ბავშვის ადრეული განვითარებისთვის საუკეთესო მეთოდის შერჩევა კი თავად აღმზრდელზეა დამოკიდებული. როგორ განვუვითაროთ ბავშვს ინტელექტი დაბადების პირველივე დღეებიდანვე; როდის ვითარდება ბავშვის თავის ტვინი აქტიურად და ნიშნავს თუ არა უზრუნველი თამაშები ბედნიერ ბავშვობას, ამ საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ანა ცინაძე:

 

– „ბავშვს უნდა ჰქონდეს ბავშვობა“ – ასეთია ადრეული განვითარების მოწინააღმდეგეთა ყველაზე გავრცელებული არგუმენტი. სამწუხაროდ, მას იყენებენ სწორედ ის „მრჩევლები“, რომელთაც ახალ მეთოდიკებზე მხოლოდ ყურმოკვრით თუ გაუგიათ. ისინი მიიჩნევენ, რომ ბედნიერი ბავშვობა – ეს უზრუნველი თამაშებია (გოგონებისთვის – თოჯინებით, ბიჭუნებისთვის – მანქანებით) და არანაირი გონებრივი დატვირთვა არ არის საჭირო. ამ საოჯახო პედაგოგიკის ძირითადი პრინციპებია: „ჯერ ადრეა მისთვის ამის ცოდნა“ ან „სჯობს, ბავშვმა უფრო მეტი ისეირნოს“... მაგრამ რას იტყვიან ის მშობლები, რომლებიც ამ აზრს ეთანხმებიან, როდესაც უკვე მოზარდობის ასაკში მათ შვილებს მხოლოდ ქუჩაში სეირნობა ეცოდინებათ?! თუმცა არც ის არის მისაღები, როცა ზოგიერთი მშობელი თავის შვილს ზრდის როგორც გენიოსს.

– როგორ უნდა გაავლოს ზღვარი მშობელმა ბავშვის აღზრდის პროცესში, რომ უკიდურესობაში არ გადავარდეს?

– ბავშვის ტვინი შესანიშნავად არის დაცული გადატვირთვისგან და როგორც კი თქვენ მას შესთავაზებთ იმ მასალას, რომლის აღსაქმელადაც ბავშვის ტვინი ჯერ არ არის მზად, ის დაიწყებს გაპროტესტებას და, უბრალოდ, უარს იტყვის მეცადინეობაზე. ისევე, როგორც ჩვენ ვერ შევძლებთ დავაძალოთ ცოცვა ან სიარული ბავშვს, რომლის ტვინი და მამოძრავებელი სისტემაც ჯერ არ არის ამისთვის მზად. სანამ ბავშვი ინფორმაციის აქტიურად ათვისებისთვის მომწიფდება, უნდა გაიაროს მისი პასიური აღქმის პერიოდი. მაგალითად, სანამ ბავშვი აქტიურად დაეუფლება მშობლიურ ენას, ამას წინ უძღვის ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც იწყება ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში, როდესაც პატარას უვითარდება სმენის ორგანოები და ეს სიცოცხლის პირველი წელიწად-ნახევრის განმავლობაში გრძელდება. ბავშვი ამ დროს იწოვს ინფორმაციას ენის შესახებ და იწყებს ლაპარაკს მაშინ, როცა მისი ტვინი და სამეტყველო აპარატი მზად იქნება ამისთვის. მაგრამ, თუ ამ მოსამზადებელ პერიოდში ბავშვი აღმოჩნდება ენობრივი გარემოსგან მოწყვეტილი, მაგალითად, გარეული ცხოველების გარემოცვაში, ტვინში დაიწყება ისეთი შეუქცევადი პროცესები, რომ ბავშვისთვის ენის სწავლება შეუძლებელი გახდება.

– ანუ ბავშვის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მშობელს?

– დიახ. თუ სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში, როდესაც ტვინს ფენომენალური შესაძლებლობები აქვს, ბავშვი უმეტეს დროს ატარებს საწოლში მწოლიარე მდგომარეობაში და უყურებს თეთრ ჭერს, თუ მას რამდენიმე თვის განმავლობაში აცმევენ ხელთათმანებს, რომ სახე არ დაიკაწროს და კოჭავენ ისე, რომ განძრევა არ შეეძლოს, ასეთი ბავშვი ვერ მიიღებს სათანადო მხედველობით და ტაქტილურ ინფორმაციას გარე სამყაროზე. მოგეხსენებათ, ბევრი დედა დღესაც აგრძელებს ჩვილის გაკოჭვას, თუმცა სპეციალისტები დაიღალნენ იმის მტკიცებით, რომ ეს ძალიან აზარალებს ბავშვს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დაგიხშონ ყურები, აგიხვიონ თვალები და ისე გაგკოჭონ, რომ ხელსაც ვერ ანძრევდეთ. ბევრს შეიტყობთ გარე სამყაროზე ამ მდგომარეობაში? სწორედ ასე გრძნობს თავს ჩაფუთნილი ბავშვი, რომელსაც გარე სამყაროსთან დაკავშირებული ძირითადი არხი გადაუკეტეს. ყოველივე ამის შედეგად კი მისი ტვინი არ განვითარდება ისეთი სისწრაფით, როგორც ეიძლებოდა, რომ განვითარებულიყო. ხოლო, თუ ჩვენ ბავშვს ვამყოფებთ ისეთ გარემოში, სადაც მას ექნება განვითარების საშუალება და არ შევზღუდავთ მას, პატარის ჩამოყალიბება სულ სხვა გზით წარიმართება.

- როგორ უნდა მოიქცეს დედა ან ძიძა?

– იმის ნაცვლად, რომ ბავშვი გავკოჭოთ ან ჩავსვათ მანეჟში, ის შიშველი უნდა დავაწვინოთ მუცელზე, უშუალოდ იატაკზე დაფენილ პლედზე და მივცეთ მას შესაძლებლობა, სიცოცხლის პირველივე დღეებიდანვე დაიწყოს ცოცვა. ამგვარად, ჩვენი პატარა დამოუკიდებლად შეძლებს სამყაროს შეცნობას აქეთ-იქით ყურებით და შეხებით. თუ ბავშვს დავუმზადებთ ტაქტილური შეგრძნებების, კოორდინაციისა და მოტორიკის განმავითარებელ სათამაშოებს, ყოველდღე წავუკითხავთ მას ლამაზად დასურათებულ ზღაპრებს და მისი ოთახის კედლებზე ჩამოვკიდებთ მხატვრების რეპროდუქციებს; თუ ვიზრუნებთ იმაზე, რომ დროულად აღმოჩნდეს მის ხელში საღებავები, პლასტილინი და წებო, მერწმუნეთ, თქვენი პატარა ისწავლის ცოცვას, ჯდომას, სიარულს, ხატვას, მაშინ, როდესაც ამისთვის მზად იქნება და ეს ყველაფერი მოხდება გაცილებით იმაზე ადრე, ვიდრე ამას ოფიციალური მედიცინა და პედაგოგიკა გვკარნახობს. თუ გინდათ, რომ თქვენს პატარას პირველი დღეებიდანვე განუვითარდეს ინტელექტი, შეეცადეთ, მან, რაც შეიძლება, მეტი დრო გაატაროს შიშველ მდგომარეობაში. უამრავი გამოცდილი მშობელი და ასობით პედიატრი დაადასტურებს, რომ თუ თქვენს სახლში ზომიერი ტემპერატურაა (18-20 გრადუსი), ბავშვი არამცთუ გაცივდება, არამედ მას არ შეექმნება მინიმალური დისკომფორტიც კი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პატარას თავისუფალი ჰქონდეს ხელები იდაყვებამდე და ფეხები ტერფებიდან მუხლებამდე. სწორედ ამ ადგილებშია კანის ყველაზე მგრძნობიარე არეები. რაც უფრო მრავალფეროვან სენსორულ შეგრძნებებს იღებს ჩვილი, მით უფრო აქტიურად განვითარდება მისი თავის ტვინი. იყიდეთ ან სახლში მოიძიეთ სხვადასხვა სისქისა და ფაქტურის ქსოვილი (ბამბის, სელის, ატლასის, რბილი შალის და სხვა). ყოველ მათგანზე შეხება ბავშვში სასიამოვნო შეგრძნებებს უნდა იწვევდეს. არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს ალერგიის გამომწვევი. იატაკზე დააფინეთ საბანი, გადააფარეთ მასზე რომელიმე ქსოვილი და დააწვინეთ პატარა. ასე ცვალეთ ქსოვილები. შეგიძლიათ, ბავშვს შეუკეროთ სახალისოდ დასურათებული ფარდაგი სხვადასხვა ქსოვილისგან დამზადებული აპლიკაციებით. ასევე, ქსოვილებისგან შეუკერეთ ბავშვს ხელთათმანები და ჩამოაცვით ხელზე მორიგეობით, შემდეგ ნაზად შეეხეთ ტანზე. თანდათანობით გაართულეთ თამაში, მოეფერეთ მარცხენა ხელზე, შემდეგ მარჯვენა ფეხზე, ნაზად უჩქმიტეთ ზურგზე. თუ დაინახავთ, რომ პატარას მოსწონს ეს თამაში, ტემპი ააჩქარეთ. აუცილებლად დაასახელეთ სხეულის ნაწილების სახელები, რომელთაც ეხებით. ალბათ, იცით, რომ ფეხის ტერფზე თავმოყრილია უამრავი ნერვული დაბოლოება, საიდანაც თავის ტვინში იგზავნება სხვადასხვაგვარი ინფორმაცია. იმისთვის, რომ გააქტიურდეს ეს ცენტრები, მიეცით პატარას შესაძლებლობა, ტერფით შეეხოს სხვადასხვა ზედაპირს: ხორკლიან ფარდაგს, ბურთის გლუვ ზედაპირს, ხავერდოვან და თბილ ბალახს და მზით გამთბარ ქვიშას. შეუქმენით ბავშვს ისეთი პირობები, რომლის დროსაც მას შეეძლება სრულად და დროულად მოახდინოს თავისი შესაძლებლობების რეალიზება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player